Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-375-356-2012 04 ივნისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – 1. შპს „... ...-ის“ უფლებამონაცვლე

სს „ს. რ-ა“

2. სს „ე.-პ. ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორ სს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ელექტროენერგიის გატარების საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „... ...-ს“ სარჩელი მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ს“ მიმართ ელექტროენერგიის საფასურის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ს“ შპს „... ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 419877.95 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1560 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (ტომი 2, ს.ფ. 348-353).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ (ტომი 2, ს.ფ. 358-369, 371-381).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ე.-პ. ჯ-სა“ და შპს „... ...-ის“ სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „... ...-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს „ე.-პ. ჯ-ს“ შპს „... ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 203810.70 ლარის გადახდა, მასვე შპს „... ...-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 3601.50 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეები არ დავობენ, რომ 2007 წლის 29 ივნისიდან შპს „... ...” მის მფლობელობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზებით, წევისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურებით სს „ე.-პ. ჯ-სათვის” ახორციელებს ელექტროენერგიის გატარებას. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე შპს „... ...-მ” მოპასუხისაგან მოითხოვა 2007 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით მისი ელექტროენერგიის ქსელით ელექტროენერგიის გატარების საფასური.

შპს „... ...“ არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიანტს.

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2008 წლის 21 მარტის №1-3/142 ბრძანებით შპს „... ...-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა 110/35კვ/6კვ ქვესადგურების: მიწის ნაკვეთები – 27 ერთეული, საერთო ღირებულებით 923387.0 ლარი; შენობა-ნაგებობები 104 ერთეული, საერთო ღირებულებით 401065.1 ლარი; ელექტრომოწყობილობები – 1596 ერთეული, საერთო ღირებულებით 1196937.0 ლარი. შპს „... ...-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული მიწის ნაკვეთები, მათზე განთავსებული ქვესადგურები და სხვა ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს „ე.-პ. ჯ-ს” შორის 2008 წლის 10 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სს „ე.-პ. ჯ-ს”.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №1–1/2423 ბრძანებით სს „ე.–პ. ჯ-ს“ დაუდასტურდა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე.

მხარეები, გარდა 2008 წლის მარტიდან 2008 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდისა, გატარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე არ დავობდნენ და მათ მიერ წარდგენილ ცხრილებში მოცემული გაანგარიშება ემთხვეოდა ერთმანეთს.

ამ ცხრილების თანახმად, შპს „... ...-ის” საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მეშვეობით სს „ე. პ. ჯ-სათვის” 2007 წლის 29 ივნისიდან 2008 წლის თებერვლის ჩათვლით გატარებული იქნა:

ა. 35-110 კვ. ძაბვის საფეხურზე – 6075672,5 კვ.სთ. ელექტროენერგია;

ბ. 6-10 კვ. ძაბვის საფეხურზე – 39367330 კვ.სთ. ელექტროენერგია;

გ. 04 კვ. ძაბვის საფეხურზე – 1977652.4 კვ.სთ. ელექტროენერგია;

დ. ტპ 0.4 ძაბვის საფეხურზე – 532200 კვ.სთ. ელექტროენერგია.

შპს „... ...-ის” საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მეშვეობით სს „ე. პ. ჯ-სთვის” 2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით გატარებულ იქნა:

ა. 35-110 კვ. ძაბვის საფეხურზე – 8201449.2 კვ.სთ. ელექტროენერგია;

ბ. 6-10 კვ. ძაბვის საფეხურზე – 5385992.4 კვ.სთ. ელექტროენერგია;

გ. 04 კვ. ძაბვის საფეხურზე – 3699284.6 კვ.სთ. ელექტროენერგია;

დ. ტპ 0.4 ძაბვის საფეხურზე – 201960 კვ.სთ. ელექტროენერგია.

ამდენად, საქმეზე სადავოდ გამხდარი გარემოებების გათვალისწინებით, 2007 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის 1 ივლისამდე დროის მონაკვეთი დაყოფილი იყო სამ პერიოდად:

– 2007 წლის 29 ივნისიდან 2008 წლის 1 მარტამდე;

– 2008 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე (სადავო პერიოდი);

– 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2010 წლის 1 ივლისამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან 2008 წლის მარტიდან გადამცემი ქსელის ნაწილი აღარ წარმოადგენდა შპს ,,... ...-ის’’ საკუთრებას, მას 2008 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით არ შეეძლო მოეთხოვა ამ ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარების საფასური.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” თანახმად, ელექტროენერგიის გატარების საფასურის მოთხოვნის უფლება აქვს ელექტროენერგიის ქსელის მფლობელს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის ქსელის მფლობელში“ მოიაზრებოდა მისი განკარგვის უფლების მქონე პირი – ანუ მესაკუთრე. გამოყენებული ნორმატიული აქტი ,,ქსელის მფლობელის’’ განსხვავებულ დეფინიციას არ შეიცავს, საქალაქო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მფლობელობა გაეიგივებინა მესაკუთრის ცნებასთან.

ზემოაღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2008 წლის 21 მარტის №1-3/142 ბრძანებით შპს „... ...-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა 28 წევის ქვესადგური, მაგრამ მოცემული დავის ფორმატში მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, რა პერიოდამდე იმყოფებოდა ეს ქონება შპს ,,... ...-ის“ ფაქტობრივ მფლობელობაში, რა პერიოდამდე უწევდა ამ ქონების მოვლა-პატრონობის ხარჯების გაწევა ...-ს და ასევე, როდიდან გახდა ამ ქვესადგურების (ქსელების) მესაკუთრე სს ,,ე. პ. ჯ-ა’’.

საქმის მასალებით დადგინდა და მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ დასახელებული ქვესადგურების მესაკუთრე სს „ე. პ. ჯ-ა“ გახდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან. ამასთან, მართალია, 2008 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე მითითებული ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო, მაგრამ იგი (ქონება) სახელმწიფო ქონების განმკარგავი უწყების (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) ნებართვით იმყოფებოდა შპს ,,... ...-ის“ ფაქტობრივ მფლობელობაში და სწორედ ... ახორციელებდა მის მოვლა–პატრონობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებული ქონების მფლობელობასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე (მათ შორის ელექტროენერგიის გატარების საფასურის მოთხოვნაზე) ამ პერიოდისათვის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შპს ‘... ...“.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი 2007 წლის 10 სექტემბრის Nგ-7266 წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,... ...-მ’’ მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სთხოვა განმარტება, თუ რა პერიოდის განმავლობაში ეკისრებოდა შპს ,,......-ს’’ კაპიტალიდან ამოღებულ ქონებაზე მიმდინარე ხარჯების გაწევა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 10 სექტემბრის N15/2215/6-7 საპასუხო წერილით, მოსარჩელეს დაევალა საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონების შემდგომი მოვლა-შენახვის ხარჯების გაწევა სამინისტროს დამატებითი მითითების წარდგენამდე. ამდენად, ნათელი იყო, რომ მიუხედავად ქონების შპს ,,... ...-ის’’ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებისა, შპს ,,... ...’’ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალების საფუძველზე მაინც განაგრძობდა ქონების მიმდინარე ხარჯების გაღებას, რაც შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სს ,,ე. პ. ჯ-ა’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 31 ოქტომბრის N1-1/2523 ბრძანების საფუძველზე გახდა 28 ერთეული წევის ქვესადგურის მესაკუთრე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,... ...’’ სადავო პერიოდში – 2008 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე – წარმოადგენდა დასახელებული ელექტროენერგიის ქსელის მფლობელს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” თანახმად, უფლება ჰქონდა მოეთხოვა მითითებულ პერიოდში ამ ქსელით ელექტროენერგიის გატარების საფასური.

ამდენად, სასამართლო სადავო პერიოდში (2008 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 1 ნოემბრამდე დროის მონაკვეთი) გატარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისაგან განსახვავებით, დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილს. აღნიშნული ცხრილის შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „... ...-ის” საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიერ სს „ე. პ. ჯ-სთვის” 2008 წლის მარტიდან 2008 წლის ოქტომბრის ჩათვლით გატარებული იქნა:

ა. 35-110 კვ. ძაბვის საფეხურზე – 6294457.10 კვ.სთ. ელექტროენერგია;

ბ. 6-10 კვ. ძაბვის საფეხურზე – 32153870.7 კვ.სთ. ელექტროენერგია;

გ. 04 კვ. ძაბვის საფეხურზე – 1245238.8 კვ.სთ. ელექტროენერგია;

დ. ტპ 0.4 კვ. ძაბვის საფეხურზე – 253950 კვ.სთ. ელექტროენერგია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთლიანობაში შპს „... ...-ის” მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მეშვეობით სს „ე.-პ. ჯ-სთვის” 2007 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით გატარებული იქნა:

ა. 35-110 კვ. ძაბვის საფეხურზე – 20571 578.8 კვ.სთ. ელექტროენერგია;

ბ. 6-10 კვ. ძაბვის საფეხურზე – 76907193.1 კვ.სთ. ელექტროენერგია;

გ. 04 კვ. ძაბვის საფეხურზე – 6922175./8 კვ.სთ. ელექტროენერგია;

დ. ტპ 0,4 კვ. ძაბვის საფეხურზე ­– 988110 კვ.სთ. ელექტროენერგია.

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით არსებობდა ელექტროენერგიის გატარების მომსახურების ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-მ” შპს „... ...-სგან” მიიღო და მიმდინარე პერიოდისთვის იღებდა მომსახურებას, რაც გამოიხატებოდა მოსარჩელის კუთვნილი ქსელის მეშვეობით მოპასუხის კუთვნილი ელექტროენერგიის გატარებაში. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის ქსელით ელექტროენერგიის გატარების საფასური.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიციურ საწარმოებს უფლება არ აქვთ უარი უთხრან შესაბამის დაინტერესებულ პირს, მათი კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგის (სიმძლავრის) გატარებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი დასაბუთებულია გატარებისათვის საჭირო შესაბამისი საფასურის გადაუხდელობით ან ქსელის გამტარუნარიანობით. გადაცემის ქსელის გარდა, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარება შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მოითხოვოს, როგორც წარმოების ან განაწილების ლიცენზიატის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან/და პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელით. ასეთ შემთხვევებში: თუ მოთხოვნილი გატარების მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და ამ ქსელით სარგებლობისათვის (ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარებისათვის) მიიღოს სათანადო კომპენსაცია, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ელექტროენერგიის გატარებისათვის განაწილების ლიცენზიატის მიერ კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას ასევე ადგენდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, განაწილების ლიცენზიატს და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, ელექტროენერგიის საფასურის გაძვირება. ასევე, განაწილების ლიცენზიანტს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. ამდენად, ელექტროენერგიის გატარების ტარიფის განსაზღვრა უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, გაწეული მომსახურების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს გაწეული მომსახურებისთვის ტარიფის დასადგენად, თუმცა მხარეთა შორის შეთანხმება ტარიფის დადგენის შესახებ ვერ იქნა მიღწეული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ელექტროენერგიის გატარების გონივრული ტარიფის განსაზღვრას საფუძვლად დაუდო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №11 დადგენილება და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილება, რომელთა საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს „... ...-სათვის” ელექტროენერგიის გატარების გონივრული ტარიფი 1 კვ/სთ ელექტროენერგიაზე ძაბვების მიხედვით იქნებოდა: ა. 35-110 კილოვოლტის საფეხურზე – 0.206 თეთრი; ბ) 6-10 კილოვოლტის საფეხურზე – 0.58 თეთრი; გ. 04 კილოვოლტის საფეხურზე – 1.32 თეთრი; დ. ტპ 0.4 კილოვოლტის საფეხურზე – 1.32 თეთრი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოცემული გაანგარიშება, რაც დაასაბუთა შემდეგი არგუმენტებით:

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №11 დადგენილებით გამანაწილებელი კომპანიების (გარდა სს „თ-ისა” და სს „კ. ე-ისა”) მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები კვალიფიციური საწარმოებისთვის ძაბვების მიხედვით განიზაღვრა შემდეგი ოდენობით: ა. 35-110 კილოვოლტი – 0.206 თეთრი კვ.სთ; ბ. 6-10 კილოვოლტი – 0.58 თეთრი კვ.სთ; გ. 220/380 ვოლტი – 1.32 თეთრი კვ.სთ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით (თავი მე-3, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი) სს „თ-ის” მიერ სს „ე.-პ. ჯ-სათვის” ელექტროენერგიის გატარების საფასური ძაბვების მიხედვით განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ა. 35-110 კილოვოლტი – 0.206 თეთრი კვ.სთ; ბ. 6-10 კილოვოლტი – 0.58 თეთრი კვ.სთ.; გ. 220/380 ვოლტი – 1.32 თეთრი კვ.სთ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ, შპს ,,... ...-ის’’ კუთვნილი ქსელებით ელექტროენერგიის გატარების ანაზღაურებისათვის დაადგინა რა ტარიფი ზემოაღნიშნული დადგენილების (№33) საფუძველზე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული ტარიფი სემეკის მიერ განსაზღვრული იყო მხოლოდ გამანაწილებელი კომპანიის ქსელებისთვის (სს „ე.-პ. ჯ-ა“ და სს „თ-ი“), შპს ,,... ...’’ კი არ წარმოადგენდა გამანაწილებელ კომპანიას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 6 ივლისის №11 დადგენილება, რადგან ამ დადგენილებით გამანაწილებელი კომპანიების მიერ ელექტროენერგიის გატარების ტარიფები განსაზღვრული იყო მხოლოდ კვალიფიციური საწარმოებისათვის.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ კომპანიის მიმართ (მოცემულ საქმეში ასეთია შპს „... ...“), რომელიც არ წარმოდგენდა განაწილების ლიცენზიატს, უნდა დაედგინა გონივრული ტარიფი, რომელიც განისაზღვრა წლების მანძილზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით. კერძოდ, 6-10 კილოვოლტ ძაბვაზე ეს ტარიფი შეადგენდა 0.20 თეთრს, რაც სემეკის მიერ განაწილების ლიცენზიანტებისათვის დადგენილი ელექტროენერგიის გატარების ტერიფის 34%–ს შეადგენდა. ამავე პროპორციის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/2019–11) 220/380 ვოლტ ძაბვის საფეხურზე გატარების ტარიფი დადგინდა 0.45 თეთრი, იგივე მეთოდიკით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა გატარების საფასური 35/110 კოლოვოლტ ძაბვის საფეხურზე, რაც შეადგენდა 0.070 თეთრს (კომისიის მიერ დადგენილი 0.206 თეთრის 34%).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2007 წლის 29 ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით: ა. 35-110 კილოვოლტის საფეხურზე 20571578.8 კვ.სთ. ელეტროენერგიის გატარებისთვის 14400.10 ლარის გადახდა (20 571 578,8*0,070 თეთრზე); ბ. 6-10 კილოვოლტის საფეხურზე 76907193.1კვ.სთ ელეტროენერგიის გატარებისთვის 153814.39 ლარის გადახდა (76 907 193,1*0,20 თეთრზე); გ. 04 კილოვოლტის საფეხურზე 6922175.8 კვ.სთ. ელეტროენერგიის გატარებისთვის და დ. ტპ 0.4 კილოვოლტის საფეხურზე 388110 კვ.სთ. ელექტროენერგიის გატარებისთვის ჯამში 35596.29 ლარის გადახდა ((6 922 175.8+988 110)*0.45). ჯამში მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 203 810.70 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები და შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე ასევე უნდა შეცვლილიყო სასამართლოს ხარჯების განაწილებაც. სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ შპს ,,... ...-ის’’ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 760.00 ლარის გადახდა (...-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მოთხოვნის 15.2%–ით), ხოლო შპს ,,... ...-ს“ სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3601.50 ლარის გადახდა (სს „ე. პ. ჯ.“–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოთხოვნის 51.45%–ით). რაც შეეხებოდა შპს ,,... ...-ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, იგი რჩებოდა სახელმწიფო ხაზინაში (ტომი 2, ს.ფ. 88-103).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (2008 წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის გატარების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებითლ:

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა წევის ქვესადგურების გადაცემის ფაქტობრივი გარემოება. პირიქით, საქალაქო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში სწორად მსჯელობს. კასატორის მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ ვის რა გადაეცა, არამედ რა პერიოდიდან აღარ არის „... ...“ დასახელებული წევის ქვესადგურების მესაკუთრე. საქმეში წარმოდგენილია სსიპ საწარმოთა მართვის საგენტოს 2008 წლის 21 მარტის №1-3/142 ბრძანება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ...-ის საწესდებო კაპიტალიდან უკვე ამოღებულ იქნა 110/35/6კვ. 28 ერთეული ქვესადგური. ანუ, ...-ს მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ 2008 წლის 21 მარტამდე და არა ნოემბრამდე.

სააპელაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის დასასაბუთებლად ეყრდნობა ეკონომიკის სამინისტროს წერილებს, მაშინ როდესაც საქმეში დევს აღნიშნული მსჯელობის გამაბათილებელი ადმინისტრაციული აქტი. ეს წერილი ვერ ადასტურებს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კანონიერია. ჯერ ერთი, მასში არანაირი დავალება არ არის და მეორე, რომც იყოს, აღნიშნული წერილით შეიძლება დადასტურდეს დავალების მიცემის და არა მისი შესრულების ფაქტი. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ გააიგივა სასამართლომ დავალების მიცემისა და კომპენსაციის აღების უფლების ცნებები ერთმანეთთან. თუკი ეკონომიკის სამინისტრო კონკრეტულად არ მიუთითებდა ელექტროენერგიის გატარების კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებამოსილებაზე, ბუნებრივია აღნიშნულს ადგილი არ ექნებოდა. კასატორისათვის ასევე გაუგებარია, თუ რაიმე ხარჯი გასწია რკინიგზამ ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი დავალების შესაბამისად, ამას რა კავშირი შეიძლება ჰქომდეს ელექტროენერგიის გატარების საფასურის ანაზღაურებასთან. ამ ლოგიკითაც კი, სახეზე გვაქვს სამოქალაქო კოდექსის მე-13 (დავალება) და მე-14 (მინდობა) თავებით დარეგულირებულ ურთიერთობასთან, სადაც ენერგოკომპანია ამ ურთიერთობის მხარე ვერ იქნება. ...-ს რაიმე სახის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მისთვის მინდობილი ქონების მესაკუთრესთან. სამოქალაქო კოდექსის 726-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობთან. თუ ჩავთვლით, რომ ელექტროენერგიის გატარების კომპენსაცია არის ნაყოფი, ეს შემოსავალიც უნდა დარჩეს მიმნდობს – ეკონომიკის სამინისტროს.

კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გააიგივა მფლობელი მესაკუთრესთან, თუმცა აქვე შენიშნავს, რომ აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია მითითებულ ნაწილში კანონიერი გადაწყვეტილების მირებაზე. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო პერიოდში ... ახორციელებდა ხსენებული ქსელების მოვლა-პატრონობას და ამიტომ ეკუთვნის კომპენსაციაც. არაფრით დასტურდება ის ფაქტი, რომ „...“ მართლაც ახორციელებდა მოვლა-პატრონობას. ამასთან, ასეც რომ იყოს, გაუგებარია ამის საფასური ენერგოკომპანიამ რატომ უნდა გადაიხადოს. ცალსახაა, რომ ქსელის მესაკუთრეა ვალდებული გაწიოს მისი ქონების შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები იმისგან დამოუკიდებლად, მასში ელექტროენერგია გაივლის თუ არა. ენერგოკომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს, რაიმე სახით მონაწილეობა მიიღოს რკინიგზის მიერ ქსელის მოვლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაში. სხვა საკითხია ელექტროენერგიის გატარების თმენისათვის კომპენსაცია, რომელიც ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან ლოგიკურ კავშირში ვერ იქნება (ტომი 3, ს.ფ. 106-113).

რაც შეეხება შპს „... ...-ის“ საკასაციო საჩივარს, იგი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ელექტროენერგიის გატარების გონივრული ტარიფის დადგენის და შესაბამისად სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ მიერ შპს „... ...-სათვის“ ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობის ნაწილში, კერძოდ, მას მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ მიერ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს (სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების სახით), რომელიც მოიხსენია როგორც „წლების მანძილზე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა და ამის საფუძველზე დაადგინა თითქოსდა გონივრული ტარიფი შპს „... ...-ის“ მიერ გაწეულ ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაზე. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაარკვევდა, რომ სხვადასხვა დონის სასამართლოების მიერ კონკრეტული პირების სასარგებლოდ დადგენილი გატარების ტარიფი 6/10კვ. ძაბვის ქსელზე 0.2 თეთრის ოდენობით, გამოწვეული იყო იმით, რომ თითოეულ ამ პირს თავის დროზე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ჰქონდა ელექტროენერგიის გატარების ტარიფი 0.2 თეთრის ოდენობით ყოველი გატარებული ერთი კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე. სწორედ სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ადგენდნენ სასამართლოები ელექტროენერგიის გატარების ტარიფს.

სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია საქმეში არსებული იმ მასალებისათვის, რომლებიც ადასტურებენ თუ რა მოცულობის აქტივები მონაწილეობენ შპს „... ...-ის“ მხრიდან სს ,,ე.-პ. ჯ-სათვის’’ ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაში და რა საექსპლუატაციო ხარჯებს უკავშირდება ამ აქტივების მოვლა-შენახვა. ამ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ რკინიგზასაც იგივე საფასური დაუდგინა, რომელიც არის იმავე მეთოდით გაანგარიშებული. შპს „... ...“ სს ,,ე.-პ. ჯ-ს“ ელექტროენერგიის გატარების მომსახურებას უწევდა თბილისის და კახეთის რეგიონის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის (18 ერთეული 110 კვ ძაბვის; 10 ერთეული 35 კვ ძაბვის; 3 ერთეული 10 კვ ძაბვის; 5 ერთეული 6 კვ ძაბვის) ქვესადგურით, ასევე, ათეულობით (10 კვ და 6 კვ და 380/220 კვ ძაბვის) ელექტროგადამცემი საჰაერო და საკაბელო ხაზებით.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა შპს „... ...-სათვის“ გატარების ტარიფები, უგულებელყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიამ 2003 წლის 25 ივლისს მიიღო №32/2 გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა შპს „... ...-ის“ მიერ გაწეული გატარების მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდი.

სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა ...-ის მოთხოვნა სს ,,ე.-პ. ჯ-სათვის“ 1344715.58 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებებს. კერძოდ, სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, რომ თმენა არის სასყიდლიანი და ადგენს, რომ ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობისათვის გაიცემა კომპენსაცია. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მე-4 პუნქტი იმპერატიულ მოთხოვნას აწესებს და განსაზღვრავს, რომ განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომპანია ტარიფის დადგენისას, იგივე ძაბვისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ელექტროენერგიის გატარების მომსახურებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ქსელის მფლობელს (მოცემულ შემთხვევაში შპს „... ...-ს“) უდავოდ ეკისრება მესამე პირის მიერ მისი ქსელით სარგებლობის თმენა, თანაც შესაბამისი კომპენსაციის მიღების პირობით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ისეთ თმენას, რომელიც დააზარალებს ქსელის მფლობელს და მისთვის არ იქნება კომპენსირებული გატარებაში მონაწილე ელექტრომეურნეობის მოვლა-პატრონობის, მისი ექსპლოატაციის გატარების ხარჯები. თუკი გონივრული ტარიფის დადგენა აუცილებელი იყო, მისი ობიექტურად დადგენის მიზნით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა სემეკის 1998 წლის 1 აგვისტოს №3 დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის დადგენის წესის და პროცედურების დამტკიცების შესახებ“, აგრეთვე, 2011 წლის 8 ივნისის №8 დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ და 2003 წლის 25 ივლისის №32/2 გადაწყვეტილება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით ობიექტურად განსაზღვრავდა გატარების მომსახურების გონივრულ ტარიფს. მაგალითად, სემეკის 1998 წლის №3 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს, რომ სემეკი ლიცენზიატებს დაუდგენს ტარიფს იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამოიგონ ის დანახარჯები, რომლებიც კანონიერი, ფაქტიური და გამართლებულია. მართალია, „...“ განაწილების ლიცენზიატს არ წარმოადგენს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, თუ რა პრინციპს ადგენს მარეგულირებელი ტარიფის განსაზღვრისას, იგი ცალსახად მიუთითებს, რომ ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული, რაც მოცემულ შემთხვევაში უარყო სააპელაციო სასამართლომ.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ რა ვალდებულება აკისრია სს ,,ე.-პ. ჯ-ს“, როგორც განაწილების ლიცენზიატს, მისი მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით და რა საფასური აქვს დადგენილი მას სემეკის მიერ განაწილებისათვის, რომელიც „ელექტროენერგეტიკული ტარიფების შესახებ“ სემეკის შესაბამისი დადგენილებებით არის განსაზღვრული. ამით სასამართლოსათვის ნათელი გახდებოდა, თუ რა წყაროდან უნდა მომხდარიყო შპს „... ...-სათვის“ გატარების მომსახურების საფასურის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით შპს „... ...-ის“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება სს „ს. რ-ა“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ე.-პ. ჯ-სა’’ და სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს ,,ე.-პ. ჯ-სა’’ და სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5049.42 ლარი) 70% – 3534.5 ლარი, ხოლო სს „ს. რ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „... ...-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ე.-პ. ჯ-სა“ და სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს შპს „... ...-ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 28 მარტი, საგადასახადო დავალების ნომერი 150, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 5600 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. კასატორ სს ,,ე.-პ. ჯ-ს’’ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5049.42 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 მარტი, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 3534.5 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.