საქმე №ას-464-440-2012 21 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ. მ. კ-ი“, დირექტორი ი.შ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. მ-ი“ (მოპასუხე)
მესამე პირები: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო
2. სსიპ თვითმმართველ ქალაქ რუსთავის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკუთრების უფლების აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ. მ. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს. მ-ის“, მესამე პირების: თვითმმართველ ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და აღნიშნული ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის 8 დეკემბერს ჩატარებული აღწერა-ინვენტარიზაციის აქტში ჩამოთვლილი სახელმწიფოს კუთვნილი ქონების შპს ,,მ. მ. კ-ის“ მიერ იჯარით სარგებლობისას გადაცემულ შემდეგ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღიარება და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა: 1. კომბინატის ტერიტორიის 11600 კვ.მ საერთო ფართობიდან გამოყოფილი 9886 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შემოვლებული, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აწყობილი 340 გ/მ ღობე-გალავანი, სამი სატვირთო გასასვლელი ჭიშკრი; 2. ელექტრო მომარაგების სისტემა; 3. წყალ-მომარაგების სისტემა; 4. სახელმწიფოს კუთვნილი – მთავარ საწარმოო კორპუსში ამოყვანილი განივი მზიდი კედელი; 4 საშრობი კამერა, სასაწყობე სათავსი და ქალებისათვის დადასვენებელ-გასახდელი ოთახი; 5. ბეტონის, არმატურის, ღორღის დასამზადებელი სამუშაო ადგილის გადახურული ნახევრად ღია ტიპის ფარდული; 6. ასაწყობ-დასაშლელი სახელოსნოს შენობის (ზომით 12 მ.X24 მ.) კიბის საფეხურების დამამზადებელი საამქრო; 7. მშენებლობის პროცესში მყოფი დაუმთავრებელი ასაწყობ-დასაშლელი შენობა (ზომით 12მ.X36მ.); 8. ბარაკის ტიპის შენობაში მოწყობილი ოფისი; 9. წიდა-ბლოკის საამქროს ორივე საყალიბე სამუშაო ადგილების ჩამოხურვა, ლითონის ორფრთიანი კარებით, სამგანყოფილებიანი საშრობი კამერა, მიშენებული გასახდელი ოთახი, ორგანყოფილებიანი წიდის მიმღები სათავსი მექანიკური მიწოდებით; 10 ბეტონმრევის - წიდა-ბლოკის ტექნოლოგიურ ხაზში ჩაყენებული ბრონირებული, თბილი ბეტონის დამამზადებელი - ორი ერთეული, ცივი ბეტონის დამამზადებელი - ერთი ერთეული; 11. სასმელი წყლის მიმღები, ესტაკადაზე დამონტაჟებული წყლის სამარაგე ცისტერნა; 12. ცემენტის შესანახი სილოსი; 13. არმატურის საჭრელი დანადგარი; 14. ღორღის მიმღები ბუნკერის ტრანსპორტიორი; 15. კიბის საფეხურების ყალიბების - 10 კასეტა 20 ერთეული საყალიბე მაგიდებით; 16. გზის ქონგურების ყალიბების - 6 კასეტა, 24 ერთეული; 17. ტელფერი ხიდურით – ერთი ერთეული; 18. შედუღების აპარატი – ერთი ერთეული; 19. ჰიგიენური და დამხმარე ნაგებობი; 20. სახეხ-საპრიალებელი დგანი: ორი ერთეული სტაციონარული, ერთი ერთეული მოძრავი; 21. ტერიტორიის გამწვანების ნაყოფის მომცემი: თუთის, ქლიავის, მოცვის, ტყემლის, ალუბლის, თხილის, კაკლის, კომშის, კარალიოკის, ლეღვის, ბროწეულის, ყვავილები: შენობაზე მცოცავი დეკორატიული ხვიარა და ცალკეულ ბუჩქებად გამორგული ყვავილების: ლიანა, სურო, ჩინური, ვარდისფერი, შავი, წითელი, ჩაის ვარდები, იასამნი; 22. მაზ 5549-ის მარკის თვითმცლელი ავტო (სარეგისტრაციო მოწმობა - ..., სარეგისტრაციო №...). მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2006 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამმართველო, მოსარჩელე და შპს „ს. მ-ი“, იმავე დღეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სახელმწიფო ქონება გადაეცა მოპასუხეს. სადავო ქონებაზე იმავე თარიღით შედგა მეორე აქტი და დამოწმდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ. ამ აქტში აღწერილი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთები. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის სახელმწიფოს მიერ იჯარით სახელმწიფო ქონების გადაცემის დროს სადავო ქონება არ არსებობდა, რადგანაც ის შეძენილია კომბინატის მიერ საკუთარი ხარჯით 1996-2000 წლებში, შეტანილია საწარმოს ბალანსში, ქონების მოსარჩელისათვის კუთვნილება დადასტურებულია კომბინატსა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამმართველოს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულებითაც.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგანაც არ დასტურდება მისი საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, მოპასუხეს ქონება გადაეცა კანონით დადგენილი წესით მიღება-ჩაბარების აქტით, როგორც შპს „ს. მ-ის“ საწესდებო კაპიტალი, ამდენად, არ დასტურდება სადავო ქონებაზე მოპასუხის უკანონო მფლობელობა, რაც სარჩელის დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ. მ. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს „მ. მ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამარლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 1985 წლის 26 დეკემბრის რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №669 გადაწყვეტილების საფუძველზე დაარსდა მცირე სახაზინო საწარმო „მ.მ.კ-ი“, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობისათვის 1986 წლის 15 მაისის აქტით ბალანსიდან-ბალანსზე გადაეცა საქართველოს საბინაო-საყოფაცხოვრებო სამინისტროს №1 ტრესტის №5 საამქროს კუთვნილი სახელმწიფო ქონება. 1995 წლის 20 სექტემბრის ქალაქ რუსთავის მერის №526 განკარგულების საფუძველზე, ქ.რუსთავის მერიის სამეურნეო-ეკონომიკური გაერთიანების მუნიციპალური საკუთრების მ. მ. კ-ი პრივატიზებულ იქნა იჯარა-გამოსყიდვის უფლების წესით, აღნიშნულის საფუძველზე 1996 წლის 12 აპრილს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1996 წლის 26 ივნისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მ. მ. კ-ი დარეგისტრირდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით გადაეცა სახელმწიფო ქონება 10 წლის ვადით გამოსყიდვის უფლებით. 1996 წლის 5 აპრილს რუსთავის მერიის სამეურნეო-ეკონომიკურ გაერთიანებასა და ქ.რუსთავის მ. მ. კ-ის შრომითი კოლექტივის დროებით ამხანაგობას შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ქ. რუსთავში, მ-ის ქ№6ა-ში მდებარე მ. მ. კ-ის ქონება – 30178 აშშ დოლარის საბალანსო ღირებულებით და მიწის ნაკვეთი 9538 კვ.მ ფართობის ოდენობით. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს 1998 წლამდე უნდა დაეფარა საიჯარო ქირა და გამოსასყიდი თანხა, რაც მოსარჩელის მიერ, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ იქნა განხორციელებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა 1996 წლის 5 აპრილს დადებული საიჯარო ხელშეკრულება, სახელმწიფო ქონება დაუბრუნდა ქ.რუსთავის ქონების მართვის სამმართველოს, ხოლო 1996 წლის 12 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრა შპს „მ.მ.კ-ის“ წარმოების უფროსს. ქონებას 2000 წლის 7 დეკემბრიდან 2005 წლის 20 დეკემბრამდე ფლობდა ისევ შპს „მ.მ.კ-ი“. შპს „მ.მ.კ-სათვის“ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების მიყიდვა არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას, რომ შპს „ს.მ-ი“ შპს „მ.მ.კ-ის“ ბაზაზე არ დაარსებულა. საქმეში წარდგენილი ქ.რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის №142 ბრძანებაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ უდავო გარემოებას, რომ შპს „მ.მ.კ-ის“ ყოფილი ქონების ბაზაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაცემით დაფუძნდა შპს „ს.მ-ი“. საწარმოს საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა შპს „ა.ე-ის“ მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, სადაც საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 56560 ლარს აქედან მიწის ნაკვეთის ღირებულება იყო 20280 ლარი, ხოლო 36279 ლარი – ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ქონების ნარჩენი ღირებულება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 სექტემბრის №1-1/1852 ბრძანებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების 100% წილები გადაეცა დამატებითი ქონების სახით თვითმმართველ ქალაქ რუსთავს, მათ შორის, შპს „ს.მ-ი“. აღნიშნული ბრძანებით არ განსაზღვრულა თვითმმართველობისათვის გადაცემული ქონების კონკრეტული ჩამონათვალი. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს განმარტებით, ქონების ნუსხა განისაზღვრა 2006 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც შედგენილია შპს „ს.მ-ის“ ყოფილ დირექტორსა და ახალ დირექტორს შორის ქონების გადაცემის დროს. 2008 წლის 29 სექტემბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით განისაზღვრა ის ძირითადი და დამხმარე ქონების ჩამონათვალი, რომელიც შეტანილია შპს „ს.მ-ის“ საწესდებო კაპიტალში. შპს ,,ა-ის“ დასკვნით, შპს „ ს. მ-ის“ ბალანსზე ირიცხება 109173 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება, საიდანაც 100542 ლარის ოდენობით საწესდებო კაპიტალშია შეტანილი, ხოლო 8631 ლარის ქონება სხვა ფონდებით არის წარმოდგენილი. 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს შორის ქალაქ რუსთავისათვის დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის კუთვნილებაში გადავიდა შპს „ს.მ-ი“.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით კი, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. კონკრეტულ შემთხვევაში, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა წარდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, რომ სადავო ქონება შპს „მ.მ.კ-ის“ საკუთრებაა. საქმეში წარდგენილი 2006 წლის 8 დეკემბრის ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის აქტი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ხელმოუწერელია მასში დასახელებული პირების მიერ, სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად, სადავო ქონების აპელანტისადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად. პალატამ არც საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების აქტი მიიჩნია სადავო გარემოების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებად, რადგანაც, სასამართლოს მოსაზრებით, არ ირკვევა მასზე ხელმომწერ პირთა სამსახურებრივი მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ზ.ა-ის 2009 წლის 8 ივლისის წერილით, ქონება, მართალია, არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, მაგრამ ეკუთვნის თუ არა იგი შპს „მ.მ.კ-ს“, არაფერია ნათქვამი, იმავე პირის მიერ 2010 წლის 18 სექტემბერს ქ.რუსთავის მერის მოადგილის სახელზე გაცემულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ 22 დასახელების ნივთი, შპს „ს.მ-ის“ 100%-იანი სახელმწიფო წილის თვითმმართველობისთვის გადაცემის პერიოდში, არ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რადგან იგი ირიცხებოდა შპს „ს.მ-ის“ საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული პირი აწერს ხელს ასევე 2006 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებშიც მითითებული ქონება მოხსენიებულია როგორც სახელმწიფო ქონება, რომელიც გადავიდა შპს „ს.მ-ის“ საწესდებო კაპიტალში.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილი გარემოებების შეფასებისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 147-ე, 149-ე, 150-ე და 193-ე მუხლებით. პალატამ, ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მასალებით არ დგინდებოდა რა სადავო ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს „მ.მ.კ-ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.მ.კ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა: ქ.რუსთავის მერიის 1995 წლის 20 სექტემბერის №526 განკარგულების საფუძველზე 1996 წლის 26 ივნისს რეგისტრირებული საზოგადოება მოითხოვდა საზოგადოების დროებითი ამხანაგობის სახსრებით შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონების - 22 დასახელების ნივთისა და საპატრულო პოლიციაში კასატორის სახელზე რეგისტრირებული „მაზ 5549“ მარკის სატვირთო ავტომანქანის (სახელმწიფო №„...“) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ შპს „ს.მ-ი“ შპს „მ.მ.კ-ის“ ქონების ბაზაზე დაფუძნებული საწარმოა, რადგანაც შპს „ს.მ-ის“ დამფუძნებელ ქ.რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 20 დეკემბერის №142 ბრძანებაში მითითებულია ყოფილ შპს „მ.მ.კ-ის“ ბაზაზე მოპასუხის დაარსების თაობაზე, რომლის საწესდებო კაპიტალსა და 2006 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ქონებიდან არც ერთი არ წარმოადგენს კასატორის საკუთრებას. სასამართლოს პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, ჯერ უნდა მომხდარიყო შპს „მ.მ.კ-ის“ რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და შემდგომ უნდა დაარსებულიყო მოპასუხე საწარმო. არსებული მდგომარეობით კი, სამეწარმეო რეესტრში აღრიცხულია როგორც შპს „მ.მ.კ-ი“, ისე შპს „ს.მ-ი“, სასამართლო კი, კანონსაწინააღმდეგოდ მიუთითებს სადავო ქონების მოპასუხისათვის კუთვნილებაზე. ქონებრივი დავის განხილვის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების უსწორობას წარმოადგენს სადავო ავტომანქანის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილს. სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით, გაიმეორა საქალაქო სასამართლოს არასწორი დასკვნა, რომ არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. პალატამ მიუთითა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სავალდებულო წინაპირობებზე, თუმცა სადავო ქონების მიმართ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა, ანალოგიური შეიძლება ითქვას სადავო ავტომობილი მიმართ, ამ თავალსაზრისით სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, მიუხედავად აპელანტის არაერთი მოთხოვნისა, სასამართლოს არ გამოუკვლევია მოპასუხის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.
კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები 14 ფურცლად (ტ. მე-4, ს.ფ.148-161).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „მ.მ.კ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „მ.მ.კ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ.მ.კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „მ.მ.კ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. შ-ის მიერ 2012 წლის 18 მაისის №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 812 ლარის 70% – 568,4 ლარი.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებას, პალატა თვლის, რომ ის უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 14 ფურცლად (ტ. მე-4, ს.ფ.148-161).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სპს „მ.მ.კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ შპს „მ.მ.კ-ს“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ი. შ-ის მიერ 2012 წლის 18 მაისის №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 812 ლარის 70% – 568,4 ლარი. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 14 ფურცლად (ტ. მე-4, ს.ფ.148-161). საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.