№ას-470-444-2012 21 ივნისი , 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. თ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. თ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ბ-ს წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა მოპასუხისაგან თავისი კუთვნილი ცხენის დაბრუნება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1790 ლარის ოდენობით.
ხობის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბერის გადაწყვეტილებით ვ. თ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ხობის რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ვ. თ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს მიერ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 02 ივნისს ვ. თ-მ განცხადებთ მიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას, მის საკუთრებაში არსებული ცხენის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით, ამასთან განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ცხენი იმყოფება მ. ბ-ს ოჯახში. ამავე სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დარჩელის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის, 2009 წლის 11 ივლისის დადგენილებით ვ. თ-ა ცნობილ იქნა დაზარალებულად კუთვნილი ცხენის ქურდობის ფაქტზე.
დაზარალებულად დაკითხის ოქმით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ ვ. თ-მ, ბ. კ-საგან 2007 წელს, 550 ლარად შეიძინა თეთრი ფერის ცხენი, რომელსაც ჰქონდა შავი წერტილები, სერი ფერის ფეხები და მარცხენა მხარეს ჰქონდა დამღა.
ხობის რაიონული სამმართველოდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2008 წლის 08 მაისს ხობის რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება 2007 წლის მაისის თვეში დაუდგენელი პირის მიერ, ხობის რაიონის სოფელ ხ-ის საძოვრიდან ამავე სოფელში მცხოვრები ჯ. ბ-ს კუთვნილი ცხენის ფარულად დაუფლების ფაქტზე. 4
ამავე სამმართველოს გამომძიებლის 2008 წლის 08 მაისის დადგენილებით, ჯ. ბ-ა ცნობილ იქნა დაზარალებულად, მისი კუთვნილი ერთი სული ცხენის ქურდობის ფაქტზე.
სისხლის სამართლის საქმეებზე დაკიხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ თეთრი ფერის ცხენი ჰყავდა როგორც ვ. თ-ს, ასევე ჯ. ბ-ს. ასევე დადგინდა, რომ შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, 2009 წლის 11 ივლისს დაწყებულია წინასწარი გამოძიება ზუგდიდის რაიონის სოფელ ო-ში მცხოვრები ვ. თ-ს კუთვნილი ცხენის ქურდობის ფაქტზე, ხოლო ხობის რაიონულ სამმართველოში 2008 წლის 8 მაისს დაწყებულია წინასწარი გამოძიება სოფელ ხ-ში მცხოვრები ჯ. ბ-ს კუთვნილი ცხენის ფარულად დაუფლების ფაქტზე.
სასამართლომ უდავო ფაქტობრივი გარემოებად მიიჩნია, რომ ცხენი რომელიც ჯ.ბ-ს პოლიციის განყოფილებამ ჩააბარა ხელწერილით ამჟამად დაკარგული იყო.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა ვ. თ-სა და ჯ. ბ-ს მფლობელობაში არსებულ ცხენთა იგივეობა, შესაბამისად, დაუდასტურებელი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ მოსარჩელის მიერ დაკარგული თეთრი ცხენი იმყოფებოდა ჯ. ბ-სთან.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ვ. თ-ს საკუთრებაში მართლაც გააჩნდა თეთრი ფერის ცხენი, რომელიც მან ბ. კ-საგან შეიძინა 2007 წელს, მაგრამ სრულიად დაუდასტურებელია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ეს სწორედ ის ცხენი იყო, რომელიც ჰყავდა მოპასუხე ჯ. ბ-ს, და რომელმაც თავის მხრივ მასთან მყოფი ცხენი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე კოდექსის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის სახით 1790 ლარის ანაზღაურების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელი იყო და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. თ-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას სათანადოდ არ გაამახვილა ყურადღება მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ფოტოსურათებზე, სადაც ასახული იყო სადავო ცხენი, ასევე ხობის შს რაიონული პოლიციიდან გამოთხოვილი საქმე, სადაც მტკიცებულებად ჩადებულია ჯ. ბ-ს ცხენის ფოტოები, რომლის ვიზუალური დაკვირვებითა და მოწმის დაკითხვით დასტურდება, რომ ფოტოებზე წარმოდგენილი ორი სხვადასხვა ცხენი, რის იდენტურობაზე მტკიცებულება ჯ. ბ-მ ვერ წარმოადგინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით ვ. თ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. თ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ვ. თ-ა, როგორც ინვალიდობის მქონე პირი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. თ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.