Facebook Twitter
#as-1396-1412-2011 oqtomberi, 2011 weli

№ას-498-471-2012 4 ივნისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ს-ს მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 17 იანვარს, საღამოს 10:45 საათზე, მოსარჩელის სამზარეულოში წყალი ჩავიდა. 2008 წლის 19 იანვარს მოსარჩელემ გამოიძახა პატრული, რომელმაც შეადგინა აქტი. მოპასუხის კუთვნილი ბინიდან ჩამოსულმა წყალმა დააზიანა კედლები, ოთახში შესასვლელი კარის ჭერი ჩამოინგრა, ხოლო იატაკი გაჯით გაივსო. აღნიშნული განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ს.ს-მ საცხოვრებელი სახლი კანონის მოთხოვნათა დარღვევით გადააკეთა, მოშალა სააბაზანო და სველი წერტილები გადაიტანა ჰოლის ადგილზე. მოსარჩელე უთითებს, რომ ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე იმის დასადასტურებლად, რომ ს.ს-მ ბინა გადააკეთა საინჟინრო-ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით უთითებს ექსპერტის დასკვნას და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 28 აპრილის პასუხს. ექსპერტის დასკვნით არ დგინდება საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დარღვევა, რადგან შედეგსა და ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ ჩანს. რაც შეეხება მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის პასუხს, ირკვევა, რომ ს.ს-ს ჰოლის ქვემოთ მდებარეობს ლ.გ-ს ჰოლი. აღნიშნული ადასტურებს, რომ სააბაზანო წესების დარღვევით არ მოწყობილა. სავენტილაციო სისტემა მოშალა მეექვსე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა და ის სათავსოდ გამოიყენა, შესაბამისად, სწორედ, ამ უკანასკნელის ქმედებამ გამოიწვია ზიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ლ. გ-ა და ს. ს-ა 2008 წლის იანვრისათვის წარმოადგენდნენ ქ.თბილისში, ვ-ფ-ს გამზირ #..-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებს, კერძოდ, უდავოა, რომ დასახელებულ მისამართზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის #65 ბინა, რომელიც განთავსებულია მე-4 სართულზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ. გ-ს სახელზე, ხოლო ამავე კორპუსში ბინა #68 აღრიცხული იყო ს. ს-ს სახელზე, ასევე უდავოა, რომ ს. ს-ს კუთვნილი ბინა მდებარეობს მე-5 სართულზე და განთავსებულია უშუალოდ ლ. გ-ს კუთვნილი #65-ე ბინის თავზე.

პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს არც პირველ ინსტანციაში წარდგენილ შესაგებელში, არც სააპელაციო შესაგებელში და არც საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2008 წლის 17 იანვარს ლ. გ-ს ბინაში წყალი ჩავიდა. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით, წყლის ნაკადი მათ ბინაში ჯერ ზედა მე-6 სართულის ბინიდან ჩავიდა, რამაც ქვევით ლ. გ-ს კუთვნილ ბინაშიც ჩააღწია. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის ახსნა-განმარტებით, ლ. გ-ს კუთვნილ ბინაში წყალი ჩავიდა ს. ს-ს ბინის გავლით მე-6 სართულზე მდებარე ბინიდან. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხის პოზიციისა და მითითებული ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, სათანადოდ უნდა შეფასებულიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და სათანადოდ უნდა ყოფილიყო მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებული, კერძოდ, მოპასუხის ახსნა-განმარტებით ფაქტობრივად დადასტურდა მოსარჩელის მიერ მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მითითებული და საქმის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ფაქტი - 2008 წლის 17 იანვარს ლ. გ-ს კუთვნილ ბინაში ზედა სართულიდან, კერძოდ, ს. ს-ს ბინიდან წყლის ჩასვლის შესახებ, ხოლო, რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ წყლის ნაკადი ს. ს-ს ბინაში ჩამოვიდა მე-6 სართულზე არსებული ბინიდან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საჭიროებდა დადასტურებას. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარე ს. ს-ს.

ს.ს-ს მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი სახის მტკიცებულებები - გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმი, არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას იმ გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ ლ. გ-ს ბინაში ს. ს-ს ბინის გავლით წყლის ნაკადი ჩავიდა მე-6 სართულზე განთავსებული ბინიდან. ამასთან, მითითებული მტკიცებულებები რომც შეიცავდნენ საკმარის ინფორმაციას, მხოლოდ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, რამდენადაც მათში დაფიქსირებული ინფორმაციისა და მონაცემების ობიექტურობა, მათი გადამოწმების შეუძლებლობის გამო, ვერ იქნება სარწმუნო სასამართლოსათვის.

ამდენად, მოსარჩელის ახსნა-განმარტების, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებისა და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 19 იანვრის ოქმის მონაცემების საფუძველზე, დადასტურებულია, რომ პატრული ინსპექტორის მისვლისას 19 იანვარს ლ. გ-ს ბინაში ზემოდან წყალი ჩამოდიოდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 17-18 იანვარს ლ.გ-ს ბინაში მის თავზე განთავსებული ბინიდან ჩამოვიდა წყლის ნაკადი, ამასთან, ს. ს-მ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ თავისი ბინიდან ლ. გ-ს სახლში ჩასული წყლის ნაკადი, ჩავიდა მე-6 სართულის ბინიდან, ამიტომ პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლ. გ-ს ბინაში წყალი ჩავიდა ს. ს-ს კუთვნილი ბინიდან და არა მე-6 სართულზე განთავსებული ბინიდან. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 22 ივნისის #1482/18 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის გასაბათილებლადაც რაიმე საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია, სასამართლოსთვის, დგინდება, რომ ლ. გ-ს კუთვნილი ბინის (რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ვ.ფ-ს გამზირ #..-ში, მე-4 სადარბაზოში, მე-4 სართულზე, ბინა #65-ში) ჭერი და კედლები წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანებულია, ზოგან ჩამოიყარა გაჯი და ცემენტის ნალესი, ასევე დაზიანებულია ჭერზე არსებული ე.წ დუბლაჟის ქაღალდი, ბინის კედლები და ჭერი დასველებულია, ასევე აბაზანა-ტუალეტში კედლებზე ნალესი ჩამოშლილია, ზოგ ადგილას დაზიანებულია პარკეტი. დასახელებული საექპერტო დასკვნის საფუძველზე, კერძოდ, ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგად დგინდება, რომ ზემოთ მითითებული დაზიანებები, მიღებულია წყლის ჩამოსვლის შედეგად. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 25 ოქტომბრის #11052 დასკვნით, ასევე დადასტურებულია, რომ ლ. გ-ს ბინის სხვადასხვა ოთახებსა და სათავსებში, ჭერსა და კედლებზე დაფიქსირდა წყლის ჩადინების კვალი. ამავე დასკვნით, რომლის გასაბათილებლადაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, დგინდება, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 978 ლარი.

სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის 1–ლი ნაწილისა და 317–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობად, რამდენადაც მოპასუხე ს.ს-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რაც გამოიხატა მისი კუთვნილი ბინიდან ქვემოთ სართულზე მდებარე (მე–4 სართული) ლ.გ-ს ბინაში წყლის ჩასვლაში, დაზიანდა მოსარჩელის კუთნვილი ბინა. სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის (ე.ი ზიანისა და მიზეზობრივი კავშირის) ბრალეულობის არსებობა. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის არგუმენტი ზიანში ს.ს-ს ბრალის არარსებობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ს.ს-ს ბინიდან ლ.გ-ს ბინაში წყალი მე–6 სართულიდან ჩავიდა და ამან გამოიწვია მოსარჩელის ბინის დაზიანება.

პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია თავად ფაქტის არსებობა, რომ ლ. გ-ს ბინა დაზიანდა ზემოთ არსებული ს. ს-ს კუთვნილი ბინიდან წყლის ჩამოსვლის შედეგად. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით მოსარჩელე ამ პირობებში, როდესაც უდავოდ დადგენილია მისი ბინის თავზე განლაგებული ბინიდან წყლის ჩამოსვლის ფაქტი, აღარ არის ვალდებული, ამტკიცოს მოპასუხის ბინაში წყლის ონკანის, დუშის თუ სხვა რაიმე მოწყობილობის დაზიანების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც შეეძლო წყლის ჩამოსვლა გამოეწვია მის ბინაში. დამდგარ ზიანში ბრალის არარსებობისა და საპირისპირო გარემოების დამტკიცების ტვირთი, ცალსახად ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო მისი მხრიდან ზიანში ბრალეულობის არარსებობის დადასტურება. რაც შეეხება წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას, პალატამ მიიჩნია, რომ იგი უნდა განისაზღვროს 978 ლარით, ხოლო, რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას სარემონტო სამუშაოებისათვის დასაქირავებელი მუშებისათვის საჭირო თანხის - 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე, პალატამ მიუთითა, რომ ამ ნაწილში სარჩელი მოკლებულია დასაბუთებას ფაქტობრივი თვალსაზრისით, რამდენადაც თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 978 ლარით, გათვალისწინებულია და მოიცავს ასევე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად მუშა–ხელისათვის საჭირო ხარჯსაც, ხარჯთაღრიცხვასაც და მთლიანად შეადგენს 978 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს-მ შემდეგი დასაბუთებით: ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხის წყალგაყვანილობის მილები გამართულია, შესაბამისად, გამორიცხულია მისი ბრალით იყოს მოსარჩელის ბინაში დაზიანებები გამოწვეული. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის ჟონვის კვალი არ დაფიქსირებულა. ლ.გ-ს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არის იმ დაზიანებების ხარჯთაღრიცხვა, რომლებსაც არა აქვს კავშირი მოპასუხეებთან. ამ დასკვნას არაფერი აქვს საერთო მოცემულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან. ამდენად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის. წყლის ჩამოშვების ფაქტი მეექვსე სართულის მეზობლის ბრალითაა გამოწვეული. აღნიშნული დასტურდება სურათებითაც. ამასთან, სწორედ მეექვსე სართულის მეზობლის მიერ სავენტილაციო სისტემის მოშლის შედეგად შეიქმნა პრობლემა. ლ.გ-ს ბინის დაზიანებების გამოწვევის მიზეზი არასაკმარისი ვენტილაციაც შეიძლება იყოს, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კედლებისა და ჭერის დანესტიანება. წყალი რამდენიმეჯერ ჩამოვიდა მეექვსე სართულზე არსებული ბინიდან, რამაც დააზიანა ჯერ ს.ს-ს, შემდეგ კი ლ.გ-ს ბინები. მიუხედავად ამისა, მეზობლური ურთიერთობებისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხემ მოსარჩელის ბინაში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩაატარა. მოსარჩელის აზრი, რომ მოპასუხის ქმედებითაა გამოწვეული მის ბინაში დაზიანებები, უსაფუძვლოა. ამდენად, მოპასუხის ბინაში წყალკანალიზაციის მილების გამართულობა არ შეიძლება მოსარჩელის ბინაში დაზიანებების მიზეზი ყოფილიყო. ეს ფაქტობრივი გარემოებები დაკავშირებულია ერთმანეთთან, თუმცა აღნიშნულს სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ს-ს უნდა დაუბრუნდეს მ. ბ-ს მიერ 2012 წლის 17 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ს-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს. ს-ს დაუბრუნდეს მ. ბ-ს მიერ 2012 წლის 17 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი. (2012 წლის 17 აპრილი, სალაროს შემოსავლის ორდერი #5052163) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.