№ას-509-481-2012 4 ივნისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს „... ...“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „...“
კასატორი - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „... ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – გადაზიდვის ხელშეკრულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-მ“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „...-ის“ მიმართ და მოითხოვა, სარკინიგზო გადაზიდვის გამო, დარიცხული საფასურისა და დამატებით რკინიგზის კუთვნილი ლოკომოტივით მომსახურებისათვის დარიცხული ღირებულების ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: შპს „...-მა“ 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტში განახორციელა ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა. შპს „ს. რ-მ“ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დროულად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ ვერ შესძლო ბათუმის სადგურში რკინიგზის მიერ ტრანსპორტირებული ტვირთის გადაზიდვის ღირებულების ანაზღაურება, რის გამოც მოპასუხეს ტვირთის სარკინიგზო მომსახურებისათვის დაერიცხა გადაზიდვისა და სადგურების მომსახურების საფასური სულ 18 218,23 ლარი.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საზოგადოებამ გადაიხადა მოსარჩელის მიერ განმარტებულ ოპერაციებზე ყველა გადასახადი და მომსახურების საფასური, რაც დასტურდება საზოგადოების ბუღალტრული ამონაწერით, შპს „...-ს“ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. მხარეებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2007 წლის მაისიდან დაიწყო, ყოველ მომსახურებაზე საზოგადოებამ საერთო ჯამში - 705 834,16 ლარი გადაიხადა, ანუ ზედმეტობაა დაფიქსირებული 26 971,24 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასტურდება შპს „ს. რ-ის“ საიტზე მოპასუხე კომპანიის შესახებ განთავსებული იფნორმაციიდან. გარდა ამისა, არსებობს მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ბანკის საშუალებით 413781 ლარამდე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები. შპს „...-მა“ დროულად გადაზიდა ტვირთი, ვაგონები დაცალა და მომსახურების საფასური გადაიხადა, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულება არ არის შესასრულებელი. მან მოთხოვნა დააფუძნა ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა „საგზაო უწყისი“ და ე.წ „სამახსოვროები“, ამ დოკუმენტებში კი აისახება მხოლოდ გაწეული მომსახურება და არა გადახდილი თანხის შესახებ, საქმეში არაა წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი საბუღალტრო დოკუმენტები, როგორიცაა ფაქტურები, ინვოისები და ა.შ, რომლითაც უტყუარად დგინდება დავალიანების არსებობა-არარსებობის ფაქტი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გაკეთებული სათანადო გაანგარიშება დავალიანების ოდენობის შესახებ, ხოლო ის ცხრილი კი, რაც მან წარმოადგინა არ იძლევა ობიექტურ სურათს არსებული მდგომარეობის შესახებ, რადგანაც ეს არის თავად შპს „ს. რ-ის“ სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი გათვლა, არასათანადო დოკუმენტების საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 12 ნოემბრიდან 2009 წლის 17 მარტის ჩათვლით შპს „ს. რ-მ“ გადაზიდა შპს „...-ის“ კუთვნილი ტვირთი. გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა 18421,12 ლარი, თუმცა, აქედან შპს „...-მა“ გადაიხადა მხოლოდ 3456,19 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აპელანტს უნდა დაემტკიცებინა, რომ მან გაუწია მომსახურება მოწინააღმდეგე მხარეს და მას ამ მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. თავის მხრივ, შპს „...-ს“ უნდა დაემტკიცებინა, რომ მას მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ფაქტი და მისი ღირებულება სადავო არ არის. საქმის მასალებით, კერძოდ, კლიენტის ტრანზაქციული ბარათით დგინდება, რომ 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტის ჩათვლით, შპს „...-მა“ აპელანტს 3456,19 ლარი გადაუხადა, თუმცა, ამავე პერიოდში, მიიღო 18421,12 ლარის მომსახურება. შესაბამისად, შპს ...-ს აპელანტისათვის გადასახდელი დარჩა: 18421,12-3456,19=14964,93 ლარი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მას აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს წინსწრებით. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, გარდა თავად შპს „...-ის“ მიერ შედგენილი გაანგარიშებისა, მას არ წარმოუდგენია. პალატას მიაჩნია, რომ გაანგარიშება, რომელიც დამოწმებულია მხოლოდ მოპასუხის დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის მიერ, არსებითად წარმოადგენს მხარის განმარტების ნაწილს და არა დამოუკიდებელ მტკიცებულებას, ამიტომ მარტოოდენ ამ მტკიცებულებით შპს „...-ის“ პოზიცია არ დასტურდება. შპს „...-ის“ მიერ წარმოდგენილი შემოსავლის ორდერები სადავო პერიოდს არ ეხება. ამ ორდერების მიხედვით, თანხა უკანასკნელად გადახდილია 2008 წლის აგვისტოში, ეს კი, ცხადია, არ ადასტურებს 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტის ჩათვლით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების ფაქტს. მოპასუხის პოზიცია არ დასტურდება არც კლიენტის ტრანზაქციული ბარათით. ეს ბარათი არ შეიცავს მონაცემებს შპს ...-ის მიერ თანხის ავანსად გადახდის თაობაზე. ბარათის შესაბამის გრაფაში - დებიტორული ბრუნვა, მითითებულია ციფრი „0“, რაც ნიშნავს, რომ შპს „...-ს“ თანხა ზედმეტად არ გადაუხდია. აღნიშნული არ დასტურდება არც კორექტირების საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. პირიქით, ეს ანგარიშფაქტურები ამტკიცებს, რომ აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეს დამატებით სთხოვდა თანხის გადახდას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისთვის ანგარიშფაქტურის წარდგენა. ამგვარად, საქმის მასალებით არ დასტურდება შპს „...-ის“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. თავის მხრივ, არც შპს „ს. რ-ს“ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტის ჩათვლით მან შპს „...-ის“ სასარგებლოდ განახორციელა სხვა გადაზიდვები გარდა სადავო გადაზიდვებისა და შპს „...-მა“ 3456,19 ლარი გადაიხადა ამ სხვა გადაზიდვების ანგარიშში. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა გადახდილია, სწორედ, სადავო გადაზიდვების ღირებულების ასანაზღაურებლად და იგი არსებულ დავალიანებას უნდა გამოაკლდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლისა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შპს „...-“ ვალდებულია, აპელანტს გადაუხადოს გაწეული მომსახურების საზღაური, 14964,93 ლარი. პალატამ არ გაიზიარა შპს „...-ის“ პოზიცია აპელანტის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. გადამზიდველისათვის გადაზიდვის საფასურის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 თავიდან გადაზიდვა-გადაყვანა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის მიხედვით, გადაზიდვა ხდება „შეთანხმებული საზღაურის გადახდით”, ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები, თუმცა, ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ გაწეული მომსახურების საზღაურის გადაუხდელობა, ჩვეულებრივ, განზრახი ან უხეშად გაუფრთხილებელი ქმედებაა. შპს „...-ს“ არ მიუთითებია და არც დაუსაბუთებია, რომ მან გადაზიდვის საზღაური არ გადაიხადა აპელანტის ბრალით ან დაუძლეველი ძალის გამო. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა. ეს ვადა კი მომსახურების გაწევიდან სარჩელის აღძვრამდე არ გასულა, ამიტომ აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
შპს „ს. რ-მ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...-ს“ არ დაეკისრა 3456.19 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: შპს „ს. რ-მ“ გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად, შესაბამისად, მას სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ დაურღვევია, მაგრამ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულება. ვინაიდან განსახილველი დავის საგანია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს დავის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, რომელიც სპეციალური კანონია და დეტალურად არის რეგლამენტებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შპს „ს. რ-ის“, როგორც გადამზიდველის პასუხისმგებლობის გარდა კანონი, ასევე ითვალისწინებს მოპასუხე, როგორც ტვირთმფლობელის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს. ტვირთმფლობელი ვალდებულია, ხელშეკრულების შესაბამისად ისარგებლოს მიწოდებული ვაგონით, უზრუნველყოს ტვირთის დროული მიღება და ვაგონის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაგონების დაყოვნების გამო, მას დაეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა. მოპასუხე შპს „...-მა“ ვერ შესძლო დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის სარკინიგზო მომსახურების გადახდა. მოპასუხეს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 668-ე და 686-ე მუხლების, აგრეთვე, სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3456,19 ლარის გადახდა.
შპს „...-მა“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ შპს „ს. რ-მ“ შეასრულა ვალდებულება, რაც გამოიხატებოდა შპს „...-ის“ ტვირთის გადაზიდვაში, ხოლო შპს „...-მა“ კი არ გადახადა გაწეული სამსახურის საფასური სრულად. სასამართლოს აღნიშნული არ უნდა ჩაეთვალა დადგენილ გარემოებად, ვინაიდან მხარემ ვერ დააზუსტა, თუ რეალურად საიდან დაგროვდა დავალიანება 18 218.23 ლარი. მის მიერ წარმოდგენილი გათვლები დაფუძნებულია ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა საგზაო უწყისი და ე.წ სამახსოვროები. ამ დოკუმენტებში კი აისახება მხოლოდ გაწეული მომსახურება და არა თანხის გადახდის შესახებ, მხარეს საქმეზე არ აქვს წარმოდგენილი დამოუკიდებელი ორგანოს სათანადო გაანგარიშება დავალიანების ოდენობის შესახებ, ხოლო ის დოკუმენტები კი, რაც მან წარმოადგინა არ იძლევა ობიექტურ სურათს არსებული მდგომარეობის შესახებ, რადგანაც ეს არის თვითონ მოსარჩელის სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი გათვლა, არასათანადო დოკუმენტების საფუძველზე. სასამართლომ 699-ე მუხლი არასწორად განმარტა, თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ განზრახ არ გადაიხადა დავალიანება, რაც ფაქტებისა და სამართლებრივი ნორმის არასწორად შეფასების შედეგია, მაშინ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა იქნეს გამოყენებული. პალატამ მიუთითა, შპს „...-ს“ არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ გადაზიდვის საზღაურის გადაუხდელობა, ჩვეულებრივ, განზრახი ან უხეშად გაუფრთხილებელი ქმედებაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოპასუხემ არ იცოდა ანგარიშფაქტურების არსებობის შესახებ, ვინაიდან, ეს დოკუმენტები მხოლოდ 2011 წლის 19 ოქტომბერს ჩაიბარეს. მოსარჩელეს არასოდეს მოუთხოვია შპს „...-სათვის“ ვალის გადახდა, არ გაუგზავნია რაიმე სახის წერილი, შეტყობინება ან სხვა მავალდებულებელი დოკუმენტი, რომ მას თანხა გადაეხადა, ამავე დროს მოსარჩელეს სასამართლო მსვლელობის დროს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კასატორის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე თავის არიდების ფაქტი. წარმოდგენილი არგუმენტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას განსახილველ დავაზე არ უნდა ეხელმძღვანელა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით, არამედ უნდა მიეთითებია ხანდაზმულობის ერთწლიან ვადაზე, რომელიც 699-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის დამატებით შემთხვევაშიც კი, სარჩელის წარდგენის მომენტისათვის უკვე ამოწურული იყო. მოსარჩელეს დოკუმენტაციით, რომლითაც არ დასტურდება ვალდებულების არსებობა, ამ დოკუმენტებით დასტურდება მხოლოდ ორ იურიდიულ პირს შორის ურთიერთობა და არ მტკიცდება, რომ, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, შპს „...-ს“ რაიმე ვალდებულება შეუსრულებელი აქვს, ვინაიდან თვითონ შპს „ს. რ-ის“ მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი ისე არ გაწევს გადაზიდვის მომსახურებას, თუ საფასური წინასწარ არ არის გადახდილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „... ...-ისა“ და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია გადაზიდვის ხელშეკრულების შესრულება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „... ...-ისა“ და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,... ...-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 21 მარტს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
შპს „...-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 5 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 750 ლარის 70% - 525 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „... ...-ისა“ და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სს ,,... ...-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 21 მარტს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი (2012 წლის 21 მარტი, საგადასახადო დავალება #141) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
შპს „...-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 5 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 750 ლარის 70% - 525 ლარი (2012 წლის 5 აპრილი, სალაროს შემოსავლის ორდერი #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.