№ას-512-484-2012 04 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.მ. „გ. კ-ე“
მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ. „თ. დ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეთილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6974.61 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე თ. დ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ინდმეწარმე გ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 22061.39 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 13 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება ქ.ქუთაისში, წ-ის ქ.№5-ში განთავსებული მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაშლაზე და მის ადგილას დამტკიცებული პროექტის მიხედვით ახალი 883 კვ.მ ფართის მოცულობის სახლის აგებაზე. მოპასუხეს დაკვეთა უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებიდან 8 თვის ვადაში, 2010 წლის 6 მაისამდე. ხელშეკრულების მე-3 თავით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, დამკვეთმა იკისრა ვალდებულება შემსრულებელს გადაუხადოს 1 კვ.მ კარკასული შენობის აშენებისათვის 105 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარებში და მთლიანად 92715 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
2010 წლის 5 ნოემბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შედგა ახალი „შეთანხმება“, რომლითაც კ-მ დ-სათვის 21350 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა 2011 წლის 1 მარტამდე.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ძალით მხარეები მათ შორის 2009 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით შემსრულებლის მიერ ნაკისრ შეუსრულებელ ვალდებულებათა შესრულებისათვის შეთანხმდნენ შემდეგზე: დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას 21350 ლარს იხდის დამკვეთი შემსრულებლის ნაცვლად, შემსრულებელი კი კისრულობს ვალდებულებას თებერვლის თვეში მიაწოდოს პროფილები და გიბსო-კარდონი დამჭერებით საჭირო რაოდენობით, რომლის საბაზრო ღირებულებაც გამოაკლდება 21350 ლარს, დარჩენილი თანხა დამკვეთს უნდა დაუბრუნოს შემსრულებელმა 2011 წლის 1 მარტამდე სარდაფში წყლის ჟონვის აღმოფხვრისათვის, დ-ის მიერ გადახდილი თანხის დამატებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 5 ნოემბერს დადებული ე.წ. შეთანხმებით შემსრულებელმა ანუ გ. კ-მ დამკვეთისათვის (თ. დ-სათვის) 21350 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა 2011 წლის 1 მარტამდე პერიოდისათვის.
დასახელებული შეთანხმებითვე განისაზღვრა გ. კ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (ანუ 21350 ნლარის ვადაში გადაუხდელობისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრების წესიც, შესაბამისად, შეთანხმებაში მიეთითა, რომ, თუ გ. კ-ე დაარღვევდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადას, ამოქმედდებოდა 2009 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. მითითებული სანქცია 2009 წლის 13 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების 3.5 პუნქტიდან გამომდინარე შემდეგნაირად იყო განსაზღვრული: შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შეთანხმებული გრაფიკის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში მიმდინარე სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ახსნა-განმარტებებით, საქმეში განთავსებული ექსპერტის დასკვნით, უდავოდ დადგინდა (მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა), რომ შეთანხმებაში მითითებული სამუშაო შესრულებული იყო და იგი შესრულებული იყო არა გ. კ-ის, არამედ თ. დ-ის დაკვეთით სხვა პირის მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა საინჟინრო ტექნიკურმა ექსპერტმა პ.გ-მ, რომლის განმარტებითაც, ყველა ის სამუშაო, რაც 2010 წლის 5 ნოემბრის შეთანხმებაშია აღნიშნული შესრულებულია.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2010 წლის 5 ნოემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება 21350 ლარის გადახდის თაობაზე, გ. კ-ს არ შეუსრულებია არც შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში (2011 წლის 1 მარტამდე) და არც ამ ვადის გასვლის შემდეგ.
ზემომითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (ანუ 21350 ლარის დ-სათვის გადაუხდელობის ფაქტს) სადავოდ არ ხდიდა და ადასტურებდა მოპასუხე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ინდმეწარმე გ. კ-მ დაარღვია მასა და თ. დ-ს შორის არსებული შეთანხმება, რის გამოც თ. დ-ის მხრიდან, როგორც კრედიტორის მხრიდან, არსებობდა მოთხოვნის უფლება ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხაზე – 21350 ლარსა და პირგასამტეხლოზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. კ-ს არ გადაუხდია თ. დ-სათვის 21350 ლარი, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. კერძოდ, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 416-417-ე მუხლებზე, მხედველობაში მიიღო ვადაგადაცილების პერიოდი (120 დღე) და მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა 7686 (21350x0.3%x120) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ინდმეწარმე გ. კ-მ.
საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგს:
გ. კ-სა და თ. დ-ს შორის წარმოქმნილ ურთიერთობებს არეგულირებდა მათ შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება და შემდგომში მათ შორის დადებული დამატებითი შეთანხმება. აღნიშნული დამატებითი შეთანხმება იყო ნარდობის ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. ვინაიდან თ. დ-მა არ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, სრულად არ გადაიხადა გ. კ-ის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულმა გამოიწვია შესაბამისად გ. კ-ის მიერ დამატებითი შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა. სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვისას დაეყრდნო მხოლოდ მხარეებს შორის დადებულ დამატებით შეთანხმებას, ისე, რომ საერთო კონტექსტიდან ამოაგდო როგორც ნარდობის ძირითადი ხელშეკრულება, ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რაც არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ინდმეწარმე გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ. „გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.