Facebook Twitter

№ას-522-491-2012 4 ივნისი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ტ. მ-ი, მ. გ-ი, ვ. მ-ი, მ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. მ-ის, მ. გ-ის, ვ. მ-ისა და მ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე თ. ც-ი საკუთრების უფლებით ფლობს ბოლნისის რაიონის სოფელ ნ-ის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 32 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. 2011 წელს თივის დამზადების მიზნით, არ დაამუშავა აღნიშნული მიწის ფართობი და დატოვა სათიბად. თიბვის სეზონი იწყებოდა ივნისის შუა რიცხვებში, მოსარჩელე 13 ივნისს ავიდა თავის მიწის ნაკვეთზე, რათა შეემოწმებინა იყო თუ არა მომწიფებული ბალახი გასათიბად. ადგილზე მისულებს მოსარჩელის მიწის ნაკვეთში დახვდათ მოპასუხეების - ტ. მ-ისა და მ. გ-ის მიერ გაშვებული რქოსანი პირუტყვი, ხოლო ბალახი მიწის ფართობზე ისე იყო გაძოვილი, რომ მისი გათიბვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. აღნიშნულზე შეადგინეს აქტი და მიმართეს სოფელ ნ-ის თემის ტერიტორიულ ორგანოში რწმუნებულს, რომელმაც თავის მხრივ სპეციალისტი გაუშვა ადგილზე შემოწმების მიზნით. მოსარჩელის შეკითხვაზე, თუ რატომ აძოვებდნენ მის მიწის ნაკვეთში პირუტყვს, ტ. მ-მა და მ. გ-მა უპასუხეს, რომ არ იცოდნენ მისი ნაკვეთი თუ იყო და ასევე განუმარტეს, რომ მათ გარდა ამ მიწის ნაკვეთში პირუტყვს სისტემატურად აძოვებდნენ სოფელ მ-სა და ბ-ის მოსახლეობის მიერ დაქირავებული მწყემსები - ვ. მ-ი და მ. (ა.) ნ-ი. მოპასუხეები მოსარჩელეს ნებაყოფლობით დაჰპირდნენ, რომ სათიბში ბალახის გაძოვებით მიყენებული ზიანს აუნაზღაურებდნენ, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადეს ზიანის ანაზღაურებაზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისთვის მოპასუხეების ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 15 360 ლარს, რასაც მის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ადასტურებს.

მოპასუხეებმა ტ. მ-მა, მ. გ-მა, ვ. მ-მა და ა. ნ-მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის კუთვნილ ფართობში საქონელი არ შეუშვიათ. მათ არც მართლსაწინააღმდეგო, არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი მოქმედებით მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებიათ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს - ტ. მ-ს, მ. გ-ს, ვ. მ-სა და მ. ნ-ს თ. ც-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 15 360 (თხუთმეტი ათას სამას სამოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე თ. ც-ი საკუთრების უფლებით ფლობს 32 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე ბოლნისის რაიონის სოფელ ნ-ში. მოსარჩელე თ. ც-ს საკუთრებაში არსებული 32 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2011 წლისათვის მოსალოდნელი იყო მიეღო არა ნაკლებ 15 360 (თხუთმეტი ათას სამას სამოცი) ლარის შემოსავალი ანუ მასზე მიყენებული მოსალოდნელი ზარალი შეადგენს 15 360 (თხუთმეტი ათას სამას სამოც) ლარს. 2011 წლის 13 ივნისს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, მოპასუხეებს ტ. მ-სა და მ. გ-ს, გაშვებული ჰყავდათ ნახირი. 2011 წლის 14 ივნისს, მოსარჩელე თ. ც-ის მიწის ნაკვეთში, კერძოდ, სათიბში, მოპასუხეებს - ვ. მ-სა და მ. (ა.) ნ-ს ბალახის საძოვებლად შეყვანილი ჰყავდათ 250 სულამდე რქოსანი პირუტყვი. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების დასაბუთება თითქოს საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტი მოსარჩელის კუთვნილი 32 ჰა ფართობის მოპასუხეთა მსხვილფეხა პირუტყვის მიერ განადგურებისა და მოძოვების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის 13 და 14 ივნისს შედგენილი აქტები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავენ, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, 2011 წლის 13 ივნისის აქტი ადასტურებს, რომ ნაკვეთი მთლიანად განადგურებული და მოძოვებული იყო, ხოლო, მეორე შემთხვევაში კი, 2011 წლის 14 ივნისის აქტი მიუთითებს, რომ იგივე ნაკვეთი განადგურდა მეორე დღეს. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ც-ის კუთვნილი 32 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე არსებული ბალახი მოპასუხეთა კუთვნილმა მსხვილფეხა პირუტყვმა გადაძოვა, კერძოდ, სოფელ ნ-ის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტ მ. ი-ის ჩვენებით, დასტურდება, რომ მწყემსების: მ. გ-ისა და ტ. მ-ის კუთვნილი პირუტყვი იმყოფებოდა მოსარჩელის მიწის ფართობის ნაპირზე და ამ ადგილას ბალახი გასათიბად უვარგისი იყო.

პალატამ ასევე გაიზიარა ა. ლ-ის ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელის მიწის ფართობში 2011 წლის მაისში ამოსული იყო ბალახი თუმცა ივნისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 13–14 რიცხვში, ბალახი გასათიბად აღარ ვარგოდა, ამ მიწის ნაკვეთში საქონელი ჰყავდათ საძოვარზე მიშვებული მ. გ-სა და ტ. მ-ს, რომლებმაც, თავის დაზღვევის მიზნით, მეორე დღეს, მოსარჩელეს შეატყობინეს, მიწის ნაკვეთში სხვა მწყემსების მიერ ნახირის შეშვების ფაქტი. საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. საქმეში წარმოდგენილი 14 ივნისის აქტით ირკვევა, რომ მოპასუხეები თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ მის შინაარსს. არ უნდა იქნეს გაზიარებული აპელანტთა წარმომადგენლის პოზიცია იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა არ იციან ქართული ენა და, შესაბამისად, მათთვის არ იყო ცნობილი აქტის შინაარსი. პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შესაგებლებზე და ვ.მ-ისა და ა.ნ-ის მიერ გაცემულ რწმუნებულებებზე. აღნიშნული სანოტარო აქტები ქართულ ენაზეა შესრულებული და ხელმოწერილია მოპასუხეების მიერ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა მათი წილი მტკიცების ტვირთის ამ კუთხით რეალიზება ვერ უზრუნველყვეს.

სააპელაციო პალატამ უსაფუძლოდ მიიჩნია აპელანტების დასაბუთება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აუდიტორული ფირმა შპს „...-ის” მიერ შედგენილი 2011 წლის 22 ივნისის აუდიტორული დასკვნა არ წარმოადგენს უდავო მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტს, გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტს არც ფართობი უნახავს და არც განადგურებული ადგილი და ამასთან, თავად აუდიტის დასკვნა არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლებელია გარემოებების დამტკიცება. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად კანონით გათვალისწინებულია მტკიცების სტანდარტი - სპეციალური მტკიცებულება. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით რაიმე სპეციალური მტკიცებულება გათვალისწინებული არ არის. სწორედ ამიტომ, აუდიტის დასკვნის უარყოფა არ გამომდინარეობს კანონიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეაფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის, 134–ე მუხლის პირველი ნაწილის, 127–ე მუხლისა და 134–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ მიუთითა, რომ განსაზღვრულ წერილობით მტკიცებულებას, რომლითაც გამყარებულია მოსარჩელის განმარტება, კერძოდ, თ. ც-ის მიერ თავის საკუთრებაში არსებული 32 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2011 წლისათვის მოსალოდნელი იყო არანაკლებ 15 360 ლარის შემოსავლის მიღება ანუ, მისთვის მიყენებული მოსალოდნელი ზარალი შეადგენს 15 360 ლარს. პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად აუდიტის დასკვნით გაანაგარიშებული თანხის საპირისპიროდ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მას ობიექტური შესაძლებლობა ჰქონდა, წარმოედგინა ალტერნატიული წერილობითი მტკიცებულება ან ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დაადასტურებდა თავის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ მისაღები შემოსავალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. წარმოდგენილი დასკვნიდან დგინდება, რომ აუდიტმა შეისწავლა თ. ც-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, მოსალოდნელი მოსავლიანობა 2011 წლისათვის ამინდის გათვალისწინებით, ჩატარდა შესაბამისი გაანგარიშებები, გათვალისწინებულ იქნა ამჟამად მოქმედი საბაზრო ფასები თივაზე და დადასტურდა, რომ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მას შეეძლო მიეღო არანაკლებ 15 360 ლარის შემოსავალი, ანუ მასზე მიყენებული მოსალოდნელი ზარალი შეადგენს 15 360 ლარს.

სასამართლო სხდომაზე სოფელ ნ-ის თემის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა მ. ი-მაც დაადასტურა, რომ მწყემსების, მ- გ-ისა და ტ. მ-ის, დაახლოებით 50–60 სული პირუტყვი იმყოფებოდა მოსარჩელის მიწის ფართობის ნაპირზე და ამ ადგილას ბალახი გასათიბად უვარგისი იყო. მოწმის სახით დაკითხული ა. ლ-ის განმარტებით, ასევე დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიწაზე 2011 წლის მაისში ბალახი იყო, თუმცა ივნისის შუა რიცხვებში დაახლოებით 13–14 რიცხვში, ბალახი გასათიბად აღარ ვარგოდა, ამ მიწის ნაკვეთში საქონელი ჰყავდათ საძოვარზე მიშვებული მ. გ-სა და ტ. მ-ს, რომლებმაც თავის დაზღვევის მიზნით, მეორე დღეს, მოსარჩელეს შეატყობინეს მის მიწის ნაკვეთში, სხვა მწყემსების მიერ ნახირის შეშვების ფაქტი. ადგილზე მისულებს დახვდათ მწყემსები ვ. მ-ი და ა. ნ-ი, რომელთაც მათი ნახირი, დაახლოებით 250 სულამდე პირუტყვი, მიშვებული ჰყავდათ თ. ც-ის მიწის ფართობზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ც-ს მოპასუხეთა ქმედებით მიადგა ზიანი, რაც შეადგენს 15 360 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა, ვერ წარმოადგინეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ რაიმე გაუფრთხილებელი მოქმედება არ ჩაუდენიათ, შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირი მწყემსების გაუფრთხილებელ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც, თავის მხრივ, დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ხოლო ზიანის ოდენობა - საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით. პირს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული ნორმით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: ა) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; გ) ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამივე კომპონენტი ანუ, ნორმის შემადგენლობა კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობა შეადგენს 15 360 ლარს, გამოწვეულია მოპასუხეთა მიერ, მიბარებული მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრად მიშვების შედეგად, მოსარჩელის მოსავლის განადგურებით. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. რაც შეეხება ბრალს, მოპასუხეთა ზემოთ მითითებული ქმედება მათ ბრალეულ, გაუფრთხილებელ ქმედებად უნდა შეფასდეს, ვინაიდან, მოპასუხეები თავიანთ ხელმოწერილ აქტში აღნიშნავენ, რომ საძოვარი, სადაც მიშვებული ჰყავდათ პირუტყვი, ე.წ ჯოსაღარის ტერიტორია ეგონათ.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 463-ე, 464-ე და 998-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის ქონებისათვის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით ან მისაღები მოგების შემცირებით. ამასთან, დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც ზიანის სრულად ანაზღაურებაში მდგომარეობს, ნიშნავს, რომ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 15 360 ლარი, რაზედაც მოპასუხეები, სოლიდარულად აგებენ პასუხს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ტ. მ-მა, მ. გ-მა, ვ. მ-მა და მ. ნ-მა შემდეგი დასაბუთებით: კასატორებს მიაჩნიათ, რომ აუდიტის დასკვნა არ არის ექსპერტის დასკვნა, რომლითაც შეიძლება სადავო გარემოებების დადასტურება და სასამართლოს ის დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო. აღნიშნული აუდიტორული დასკვნა შედგენილი იყო თ.ც-ის სიტყვიერი გადმოცემით, ვინაიდან თვითონ აუდიტს არც ფართობი უნახავს და არც მიყენებული ზიანი. ამასთან, სადავო აქტზე მოპასუხეების მიერ გაკეთებული ხელმოწერები არ ადასტურებს აღნიშნული აქტის სისწორეს, ვინაიდან, კასატორებს ქართულად წერა-კითხვა არ შეუძლიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. მ-ის, მ. გ-ის, ვ. მ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1003-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. მ-ს, მ. გ-ს, ვ. მ-სა და მ. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს ნ. ბ-ის მიერ 2012 წლის 12 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 768 ლარის 70% _ 537.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. მ-ის, მ. გ-ის, ვ. მ-ისა და მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ტ.ი მ-ს, მ. გ-ს, ვ. მ-სა და მ. ნ-ს დაუბრუნდეს ნ. ბ-ის მიერ 2012 წლის 12 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 768 ლარის 70% _ 537.6 ლარი. (2012 წლის 12 აპრილი, სალაროს შემოსავლის ორდერი #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.