№ას-529-498-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ...-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...“-ის, ა. ჯ-ის, ა. ლ-ისა და გ. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სს „... ...-სა“ და შპს „...“-ს შორის 2008 წლის 20 ივნისის „კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულების შეწყვეტა; სს „... ...-სა“ და შპს „...“-ს შორის 2008 წლის 27 ივნისს დადებული №70397 საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა; მოპასუხეებისათვის: ა. ჯ-ს , შპს „...“-ისა და გ. ლ-სათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი თანხის 17 784.89 ევროს, საკრედიტო სარგებლის - 1 282.84 ევროსა და პირგასამტეხლოს 2 741.76 ევროს სოლიდარულად დაკისრება და დავალიანების დასაფარად, იპოთეკით დატვირთული. ქ. ახალციხეში, ... ა-ის ქ.№25-ში მდებარე, ა. ი-ის კუთვნილი ბინა №2-ის იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა.
მოპასუხეებმა: ა. ჯ-მ და გ. ლ-მა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ თავდებებს არ ჩაბარებიათ შეტყობინება დავალიანების თაობაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის საფუძველზე მათ პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.
მოპასუხე შპს „...“-მა და ა. ი-მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სპს „...“ შეძლებისდაგვარად იხდიდა თანხებს და არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუზვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „... ...“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „... ...“-ს და შპს „...“-ს შორის 2008 წლის 20 ივნისს დადებული „კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება და 2008 წლის 27 ივნისს დადებული №70397 საკრედიტო ხელშეკრულება; მოპასუხეებს: შპს „...“-ს, გ. ლ-ს და ა. ჯ-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხა 17 784 ევრო და 89 ცენტი; მოპასუხეებს: შპს „...“-ს, გ. ლ-ს და ა. ჯ-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სარგებელი 1282 ევრო და 84 ცენტი; შპს „...“-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 2741 ევრო და 76 ცენტი; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე ა. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.ახალციხე, ... ა-ის ქუჩა №25, ბინა №2 (საკადასტრო კოდი №...; სს „... ...“-ს აღსრულების წესის დადგენაზე ეთქვა უარი; სს „... ...“-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი; მოპასუხეებს: შპს „...“-ს, ა. ლ-ს, გ. ლ-ს და ა. ჯ-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ საადვოკატო მომსახურების ხარჯი 1693 ლარი და 21 თეთრი; მოპასუხე შპს „.“-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯი 243 ლარი და 46 თეთრი; მოპასუხეებს: შპს „...“-ს, ა. ლ-ს, გ. ლ-ს და ა. ჯ-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 1269 ლარი და 91 თეთრი; მოპასუხე შპს „...“-ს სს „... ...“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 182 ლარი და 60 თეთრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, მოითხოვა მისი გაუქმება შპს „...“-თვის პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შემცირებული ხარჯების დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სს ,,... ...-სა’’ და შპს ,,...’’-ს შორის 2008 წლის 27 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით (მუხლი 7.1) მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, მსესხებელი ბანკს უხდის პირგასამტეხლოს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით, რომელიც ჩერდება თუ გაფრთხილების მიუხედავად დამატებით მიცემულ ვადაში მსესხებელი არ დაფარავს გრაფიკს და დაეკისრება კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 12%.
იურიდიული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, ასევე, სს ,,... ...-სა’’ და შპს ,,ჭ. და პ-ებს’’ შორის იურიდიული მომსახურების შესახებ 2009 წლის 23 მარტის ხელშეკრულებით, პალატამ დადასტურებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა სესხის დაფარვის გრაფიკები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლების საფუძველზე, სს ,,... ...-ს’’ შესაძლებლობას ანიჭებდა გამოეყენებინა მსესხებლის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აპელანტისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 2741 ევრო და 76 ცენტი, საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რის გამოც არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იურიდიული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სს ,,... ...-სა’’ და შპს ,,ჭ. და პ-ებს’’ შორის იურიდიული მომსახურების შესახებ 2009 წლის 23 მარტის ხელშეკრულება) უდავოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს, სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების შემცირება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყნება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რითაც შეილახა მისი უფლებები, ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი – 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოდგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ეწინააღმდეგებოდა საკრედიტო ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
კასატორის მოსაზრებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, გამოიწვევს, მისთვის დაკისრებული საპროცესო ხარჯების პროპორციულად შემცირებას.
კასატორის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ სს „... ...-ს“ ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში და აღნიშნული ხელშეკრულება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, სააპელაციო სასამართლოს იგი არ უნდა მიეღო და, შესაბამისად, მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრების თაობაზე არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „...“-ის (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №1 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 27 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.