№ას-538-506-2012 25 ივნისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ სს „...“, თ. ა-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – აბონენტის სახელის (გვარის) შესწორება, ქვითრის ყოველთვიურად გამოწერა სწორი დაანგარიშებით, უკანონოდ დარიცხული გადასახადისაგან განთავისუფლება, ელექტროენერგიის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „...-ისა“ და თ. ა-ს მიმართ და მოითხოვა აბონენტის სახელის (გვარის) შესწორება, ქვითრის ყოველთვიურად სწორი დაანგარიშებით გამოწერა, უკანონოდ დარიცხული გადასახადისაგან განთავისუფლება, ელექტროენერგიის აღდგენა და ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წელს სს „...-მა“ დააყენა ახალი მრიცხველები, რა დროსაც მოსარჩელის გვარი, ნაცვლად კ-ისა, შეცდომით მიუთითეს ყ-ი. მოპასუხემ ო.კ-ს დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის - 25 ლარისა და 78 თეთრის გადახდა, მიზეზად მიეთითა, რომ საერთო დავალიანება გადანაწილდა თითოეულ მოსახლეზე. მოსარჩელის აზრით, ელექტროენერგიას არასწორად ანგარიშობენ და არც კომუნალური გადასახადის ქვითრებს აძლევენ მას. რაც შეეხება, მოპასუხე თ.ა-ს, ის მოსარჩელეს მუდმივად აშანტაჟებს, დაუზიანა გამთიშველი და ერთხელ სახლში არ ყოფნისას ელექტროენერგია გაუთიშა.
სს „...-მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს „...-მა“ აბონენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) დადგენილების #20 წესების სრული დაცვით გაუწია მომსახურება. მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყდა.
თ. ა-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ო. კ-ის სააპელაციო საჩივარზე დაუშვებლობის გამო, შეწყდა წარმოება იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა სს „...-ის“ მიერ უკანონოდ დარიცხული 25.78 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. დანარჩენ ნაწილში ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ო.კ-ი არის სს „...-ის“ აბონენტი. მას ინდივიდუალური მრიცხველი სს „...-მა“ დაუდგა 2010 წლის 16 ივლისს, მანამდე მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია აღირიცხებოდა საერთო მრიცხველზე. სს „...-მა“ ძველი დაგროვილი წლების დავალიანება - 25,78 ლარი მოსარჩელეს ახალ მრიცხველზე გადმოუტა. მოსარჩელის ამჟამინდელი მიმდინარე დავალიანება სს „...-ის“ მიმართ შეადგენს 13,05 ლარს, მოსარჩელეს ელექტროენერგია გათიშული აქვს 2011 წლის 18 ივლისიდან დღემდე, ასევე გათიშული ჰქონდა 2011 წლის აპრილ-მაისში. სს „...-ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ აბონენტის პრეტენზია გათვალისწინებულ იქნა და გასწორდა მის გვარში დაშვებული უსწორება სს „...-ის“ მონაცემებში. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მას ელექტროენერგია არ მიეწოდება, რადგან დაზიანებულია მისი ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძი, ასევე ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე თ. ა-მ დაუზიანა მოსარჩელეს ელექტროეენრგიის აღრიცხვის კვანძი. მოსარჩელე სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცებას შეეცადა თავისი ახსნა-განმარტებით, რასაც, თავის მხრივ, არ დაეთანხმა მოპასუხე. მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო. სს „...-ის“ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელეს შეუწყვიტეს ელექტროენერგია, ვინაიდან, მოსარჩელეს ერიცხებოდა სს „...-ის“ დავალიანება. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხე თ. ა-ს მხრიდან მოსარჩელის მისამართით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება და ამ ქმედებების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელემ თავისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ხოლო, თავის მხრივ, მოპასუხემ თავის ახსნა-განმარტებაში უარყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები.
პალატამ მიუთითა, რომ სს „...-მა“ მოსარჩელის, როგორც აბონენტის, გვარში შეიტანა ცვლილება და გაასწორა უსწორობა, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, გადასახადის ქვითრები მოდის აბონენტ ო. კ-ზე, ასევე აბონენტის ბრუნვის ისტორიაში მითითებულია ო. კ-ი. რაც შეეხება, აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მრიცხველზე ისევ შეცდომით არის დაფიქსირებული აბონენტის გვარი, პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი და არ დასტურდება, რომ ამ დროისათვის აბონენტის მრიცხველზე, „კ-ის“ ნაცვლად, შეცდომით მითითებულია „ყ-ი“.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. კ-ის სააპელაციო საჩივარზე უკანონოდ დარიცხული 25.78 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების ნაწილში, უნდა შეწყდეს წარმოება დაუშვებლობის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დავალიანების 25.78 ლარის დარიცხვისაგან განთავისუფლება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში ო. კ-ის სააპელაციო საჩივარში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 25.78 ლარს, რაც არ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობას (დავის საგანი არ უნდა იყო 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები) და, შესაბამისად, წარმოშობს 25.78 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების მოთხოვნის ნაწილში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პროცესუალურსამართლებრივ საფუძველს.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ მოსარჩელის აღრიცხვიანობის კვანძი არ დაზიანებულა და მოსარჩელეს ელექტრონერგია შეუწყდა ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო და, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის თაობაზე დაუსაბუთებელია. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასაამრთლომ „ელექტრონერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით, სამართლებრივად მართებულად შეაფასა და სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სს ,,...“ სისტემატურად წერდა ქვითრებს. რაც შეეხება, მოსარჩელისათვის ქვითრების გადაცემას, პალატამ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად, ქვითრის არ მიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე და 408-ე მუხლებზე მითითებით, სამართლებრივად სწორად შეაფასა, რომ მოპასუხებისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის საჭირო იყო ზემოაღნიშნული ნორმების შემადგენლობის სრულად არსებობა. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის კვალიფიკაციისათვის და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია: მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის და ბრალეულობის არსებობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ–ერთი მათგანის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული იურიდიულ შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: პალატამ სააპელაციო საჩივარი დარიცხული ელექტროენერგიის - 25 ლარის გასაჩივრების ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი თანახმად, არასწორად დატოვა განუხილველი, ვინაიდან სარჩელის ფასი 5025.78 ლარია. მოპასუხეებმა კასატორი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, მას არ მიეწოდება დენი და გაზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ქმედების დავალდებულება და ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.