საქმე №ას-539-507-2012 7 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – დ. ჭ-ი, ა. ო-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჭ-მა და ა. ო-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. ჭ-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის – 8000 აშშ დოლარის, 10 თვის განმავლობაში ვადაგადაცილების პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 4000 აშშ დოლარის, სულ – 12 000 აშშ დოლარის ანაზღაურების, ხოლო ა. ო-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის – 9000 აშშ დოლარის, 10 თვის განმავლობაში ვადაგადაცილების პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 4 500 აშშ დოლარის, სულ – 13 500 აშშ დოლარის ანაზღაურების, ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ისა და ა. ო-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. მ-ს დაეკისრა დ. ჭ-ის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის, ხოლო ა. ო-ის სასარგებლოდ – 11500 აშშ დოლარის გადახდა, თანხის ამოღების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.თბილისში, დ. დ-ის .. კვარტლის .. კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე გ. მ-ს კუთვნილი №28 იპოთეკით დატვირთული ბინა საკადასტრო კოდით №..., წილი ... და 24.00 კვ.მ დამხმარე ფართი, დ. ჭ-ს უარი ეთქვა მოპასუხე გ. მ-სთვის 2000 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ხოლო ა. ო-ს – 2500 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-მ ნაწლობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მოსარჩელეთა სასარგებლოდ დავალიანების ძირითადი თანხის 3600-3600 აშშ დოლარით შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე გ. მ-ს მოსარჩელე დ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის, ხოლო ა. ო-ის სასარგებლოდ – 11500 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. მ-ს დ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 800 აშშ დოლარის გადახდა (4800 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხა, 2000 აშშ დოლარი პირგასამტეხლო), ხოლო ა. ო-ის სასარგებლოდ – 7 900 აშშ დოლარის გადახდა (5 400 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხა, 2500 აშშ დოლარი პირგასამტეხლო) შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 2 სექტემბერს გ. მ-ს და, მეორე მხრივ, ა. ო-სა და დ. ჭ-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ. მ-მ დ. ჭ-სგან ისესხა 8000 აშშ დოლარი, ხოლო ა. ო-საგან – 9000 აშშ დოლარი თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით 2009 წლის 2 დეკემბრამდე, მხარეები შეთანხმდნენ ასევე პირგასამტეხლოზე 0.3%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. მ-ს კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №... , ქ.თბილისში, დ. დ-ის .. კვარტლის ...-ე კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე №28 ბინა, წილი ... და დამხმარე ფართი 24.00 კვ.მ.
მხარეთა შორის უდავოა, რომ გ. მ-ს სრულად აქვს გადახდილი 2009 წლის 2 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამი თვის სარგებელი.
ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. მ-ს მიერ დ. ჭ-სათვის 12 თვის მანძილზე საპროცენტო სარგებლის გადახდის ფაქტს. მოსარჩელეები აღიარებენ მხოლოდ 11 თვის სარგებლის გადახდას. ამდენად, 11 თვის განმავლობაში გადახდილი თანხიდან პროცენტი სამართლებრივი საფუძვლით უნდა გადახდილიყო მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში – 3 თვე.
პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია. გადაწყვეტილების შემაჯამებელ სასამართლო დასკვნაში თბილისის საქალაქო სასამართლო უთითებს, რომ ვადაგადაცილებულ პროცენტზე მხარეთა შეთანხმება არ არსებობდა, ამიტომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავდროულად, მიუხედავად ამ მსჯელობისა, სასამართლომ არ დაადგინა 3 თვის შემდგომ გადახდილი თანხის გადახდის საფუძველი, ისე განსაზღვრა გადასახდელი ძირი დავალიანების ოდენობა.
აღნიშნულიდან გამომინდარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლის 2 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიწინებული სამი თვის სარგებლის გარდა დგინდება გ. მ-ს მიერ დ. ჭ-სათვის 3200 აშშ დოლარის (8000-ის 5% = 400; 400 x 8= 3200) და ა. ო-სათვის 3600 აშშ დოლარის (9000-ის 5% = 450, 450 x 8= 3600) გადახდის ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს მოპასუხის მიერ მოსარჩელე დ. ჭ-სათვის გადახდილი 3200 აშშ დოლარისა და ა. ო-სათვის გადახდილი 3600 აშშ დოლარის გადახდით იფარებოდა თუ არა სესხის ძირი თანხა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ისეთ გარემოებებში, როცა სესხის ხელშეკრულება იყო გაფორმებული 3 თვის ვადით, ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნებამდე სარგებლის დარიცხვის გაგრძელების თაობაზე და საქმის მასალებით არ დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, საფუძვლიანია აპელანტის მსჯელობა, რომ მის მიერ ნებაყოფლობით განხორციელებული გადახდები გულისხმობდა სასესხო ვალდებულების ძირის დაფარვის ანგარიშში განხორციელებულ გადახდებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ-ს მიერ დ. ჭ-სათვის გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 4 800 აშშ დოლარით, ხოლო ა. ო-სათვის გადასახდელი ძირი თანხის ოდენობა კი 5400 აშშ დოლარით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაიდო სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება სამი თვის ვადით. შესაბამისად, მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდები მიჩნეულ უნდა იქნეს სესხის ძირის დაფარვის ანგარიშში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ჭ-მა და ა. ო-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-ს დ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის – 8000 აშშ დოლარისა და 2000 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს, ხოლო ა. ო-ის სასარგებლოდ – 9000 აშშ დოლარის სესხის ძირი თანხისა და 2500 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ გ. მ-ა 8 თვის განმავლობაში სესხზე საპროცენტო დანარიცხს იხდიდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მის მიერ განხორციელებული გადახდები გულისხმობდა სასესხო ვალდებულების ძირითადი თანხის დასაფარად თანხის გადახდას.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლოში მხარის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომლითაც გ. მ-მ აღიარა, რომ 11 თვის მანძილზე იხდიდა პროცენტს და მის მიერ გადახდილი პროცენტები მოაკლო სესხის ძირითად თანხას, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 403-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინებით ა. ო-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ო-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. რ-ს მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ა. ო-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 30 აპრილს №5096075 სალაროს შემოსავლის ორდერითა და 8 მაისს №5123671 სალაროს შემოსავლის ორდერით მ. რ-ის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.