Facebook Twitter

საქმე №ას-543-511-2012 18 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე. მ-ი, რ. კ-ი, ა. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ტ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრის მიერ მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-ის, ე. მ-ის, ა. გ-ისა და ქ. გ-ის მიმართ მესაკუთრის მიერ მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით ს. ტ-ის, რ. კ-ის, ე. მ-ის, ა. გ-ისა და ქ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ტ-მა, რ. კ-მა, ა. გ-მა, ქ. გ-მა და ე. მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით რ. კ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის განჩინებებით რ. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, ხოლო ე. მ-სა და ა. გ-ს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან მათ საკასაციო საჩივრებზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის, რ. კ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის განჩინებებით რ. კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, ხოლო ე. მ-სა და ა. გ-ს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან მათ საკასაციო საჩივრებზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინებები კასატორების წარმომადგენელ ნ. მ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 2 მაისს (იხ. ტ.II, ს.ფ.213,218,223).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 3 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 7 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. მ-ის, რ. კ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. მ-ის, რ. კ-ისა და ა. გ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.