Facebook Twitter

საქმე №ას-552-520-2012 4 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზაინის ანაზღაურების მიზნით მოპასუხისათვის 9000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიერ ნ. ა-ის სახელზე 2007 წლის 21 დეკემბერს გასცა №... საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა სოფელ მ-ში მდებარე 0,036 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 28 მაისის №18 საოქმო გადაწყვეტილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რიგ მოქალაქეებზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობების, სათანადო საოქმო გადაწყვეტილებების კანონიერების შესწავლის და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შესახებ. საოქმო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მოქალაქე ნ. ა-ის სახელზე 2007 წლის 21 დეკემბერს გაცემული №... საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და, შესაბამისად, საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. კომისიამ გაცემული საკუთრების უფლების აღიარების საარქივო მასალების ადგილზე დათვალიერებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უშუალოდ განიხილა ნ.ა-ის სახელზე გაცემული მოწმობისა და შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და დაადგინა შემდეგი გარემოებები: დასახელებული მიწის ნაკვეთზე ნ.ა-ის საკუთრება განხორციელდა, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოვლინდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს განმცხადებლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა იმ პერიოდისათვის კანონმდებლობით დადგენილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული დოკუმენტების ჩამონათვალს, ამასთან, მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ მ-ის სპორტული მოედნის, სოფელ მ-ის ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობის, ამ პერიოდისათვის პოლიციისა და კ-ის თემის რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე სკვერში, აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 ივლისის №22 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ. ა-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა და, შესაბამისად, საოქმო გადაწყვეტილება, რომელიც გადაეგზავნა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა მიწის ნაკვეთი აღერიცხა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად, რაზეც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ქონება უკვე გასხვისებულია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხემ ხსენებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტ 8064 ლარად. დამოუკიდებელი აუდიტის 2010 წლის 15 ნოემბრის დასკვნით კი, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასდა 9000 ლარად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხეს უფლება წარმოეშვა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რომელიც სამართლებრივად აღმჭურველი აქტია და მისი ბათილად გამოცხადება დაუშვებელია, რადგანაც მხარეს გააჩნდა აქტის მიმართ კანონიერი ნდობა და ამის საფუძველზე გაასხვისა მიწის ნაკვეთი. ნ.ა-ს მოსარჩელესთან ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვს, რაც გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული უსაფუძვლო გამდიდრების წესებით მოცემული დავის გადაწყვეტას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიცვალა სათანადოთი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, ამავე სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკსირა 9000 (ცხრა ათასი) ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 270 (ორას სამოცდაათი) ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-ში მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით – 360 მ2 წარმოადგენდა ნ. ა-ის საკუთრებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, 2009 წლის 18 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. ა-მა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მიჰყიდა ზ. ბ-ს, რომლის საფუძველზეც 360 მ2 მიწის ნაკვეთი აღირიცხა შემძენის საკუთრებად. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 ივლისის №22 ოქმით ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან მოქალაქე ნ. ა-ის სახელზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წლის 21 დეკემბერს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა, ამასთანავე მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, ნ. ა-ის ნაწილში და დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე 360 მ2 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საბაზრო (მიწის საკადასტრო კოდი: ... ) ღირებულება შეადგენს 9 000 (ცხრა ათას) ლარს. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ იქნა ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ.ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1501 მ2 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ... ), ასევე, აეკრძალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ნ. ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ის სამართლებრივი მოქმედებები, რასაც ითვალისწინებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით გაუქმდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სათანადო მოსარჩელის საკითხის დადგენის მიზნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს მოსამზადებელ სხდომაზე არასათანადო მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - საქართველს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, რომელმაც თანხმობა განაცხადა მოსარჩელედ ჩართვაზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას, უცვლელი დატოვა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 977-ე, 979-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე, 105-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივიო შეფასება გაუკეთა დადგენილ გარემოებებს და სარჩელი სავსებით მართებულად დააკმაყოფილა, შესაბამისად, ნ. ა-ს სწორად დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 9000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, რის გამოც არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე დაამყარა, აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე კი, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპასუხესთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იქნებოდა, მოცემულ შემთხვევაში კი, ნ.ა-ს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების კომისიის ოქმის საფუძველზე გადაეცა, რა დროსაც კომისიასა და კასატორს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის ქმედების შედეგად სახეზე იქნებოდა ზიანის მიყენების ფაქტი, ასეთ დროს ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით. დაუსაბუთებელია მოსარჩელის ინტერესიც მოცემულ დავაზე, რადგანაც, თუ დადგენილადაა მიჩნეული სადავო მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კუთვნილების ფაქტი, გაურკვეველია ვისი ქონებიდან ვერ მიიღო სასამართლომ შემოსავალი. საყურადღებოა, რომ მიწის გადაცემიდან 2009 წლის აგვისტომდე სახელმწიფოს ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის რაიმე პრეტენზია არ წამოუყენებია, არამედ მხოლოდ მისი გასხვისების შემდგომ, 2010 წლის 28 მაისს დაიწყო სახელმწიფომ ამ მიწის ნაკვეთის გადაცემის კანონიერების კვლევა, ამ დროისათვის კი, ნ.ა-ს ამ ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჰქონდა გამოყენებულია, ამასთანავე, სააპელაციო პალატის დასკვნები მხოლოდ მაშინ შეიძლება ყოფილიყო მართებული, თუ ნ.ა-ი მიწის ნაკვეთს გაასხვისებდა მას შემდეგ, რაც შეიტყობდა ამ ქონების გადაცემის კანონიერების შემოწმების თაობაზე. სარჩელში მითითებული გარემოებები საკუთრების მოწმობის გაუქმებისა და ქონების თვითმმართველი ერთეული საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ ახლავს, არამედ ემყარება მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას, ამასთანავე, მოსარჩელის მითითება ნაკვეთის მდებარეობის თაობაზე მიუთითებს სადავო მიწის ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილებაზე, ამასთანავე დასტურდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტს, რაც დაუსაბუთებელია, ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით სწორედ ამ საკითზე მიუთითა და დაავალა პირველი ინსტანციის სასამართლოს ქონების მესაკუთრის გამორკვევა და ამის შემდეგ სათანადო მოსარჩელის დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ამტკიცებდა სადავო ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისადმი კუთვნილებას, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა ქონების სახელმწიფოსათვის კუთვნილების ფაქტი, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპალაციო სასამართლომ 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით უარყო იმავე სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის განჩინების მითითებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 29 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 225 ლარისა და 2012 წლის 25 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 225 ლარის, სულ 450 ლარის 70% – 315 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ნ. ა-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 29 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 225 ლარისა და 2012 წლის 25 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 225 ლარის, სულ 450 ლარის 70% – 315 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.