Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-554-522-2012 14 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ა, მ. ვ-ი, ჯ. ნ-ი, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ნ-ის, მ. ვ-ის, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და მ. ც-ს მიმართ, მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი 2008 წლის 19 თებერვლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს №11012794-010/001 განკარგულება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თ. ი-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით თ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 5 დეკემბერს თ. ი-სა და ჯ. ნ-ს შორის გაფორმდა მინდობილობა, რომლის თანახმადაც მინდობილი პირი უფლებამოსილია, მართოს, აიღოს სესხი, გააქირაოს, იპოთეკით დატვირთოს, გასცეს სარგებლობის უფლებით თ. ი-ის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, გ-ის ქ.№28-ში მდებარე №42 ბინა. მინდობილობა გაიცა 2 წლის ვადით.

2008 წლის 19 თებერვალს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. ც-სა და თ. ი-ის მინდობილ პირ ჯ. ნ-ს შორის, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი 12 000 აშშ დოლარი და იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში, გ-ის ქ.№28-ში მდებარე №42 საცხოვრებელი ბინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ც-ს სარჩელი თ. ი-ის მიმართ სესხის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. ი-ს მ. ც-ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხად გადაცემული 12 000 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად მიუღებელი სარგებლის – 600 აშშ დოლარის გადახდა 2008 წლის 19 ნოემბრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მასვე დაეკისრა მ. ც-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 739, 80 ლარის გადახდა.

2011 წლის 9 მარტს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ დავალიანების თანხის ამოსაღებად აღსასრულებლად მიექცა ქ.ბათუმში, გ-ის ქ. №28-ში მდებარე, 42 ბინა, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ. ი-ის სახელზე. აუქციონის წესით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაცია და საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით შეძენის შედეგად გადაეცა მ. ვ-ს.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ქ.ბათუმში, გ-ის ქ.№28-ში მდებარე 48.11 კვ.მ №42 ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება მ. ვ-ის სახელზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...). საკუთრებად აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს 2011 წლის 30 მაისს დამოწმებული სააღსრულებო ბიუროს №A11012794-012/001 განკარგულება ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 114-ე, 623-ე და 625-ე მუხლებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე, 68-ე და 69-ე მუხლების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი თ. ი-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან 2008 წლის 19 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (მხარეები: თ. ი-ი (მესაკუთრე) და მ. ც-ა (იპოთეკარი), აგრეთვე, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს №11012794–010/001 განკარგულება (ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ) მიიჩნია კანონშესაბამისად.

რაც შეეხება მ. ვ-ის მოთხოვნას ზიანის – 5000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო ინსტანციაში მ.ვ-ის მოთხოვნა დაუშვებელია, რადგან თავისი ბუნებით იგი წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ი-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

2007 წლის 5 დეკემბერს თ. ი-მა მინდობილობით მოპასუხე ჯ. ნ-ს მიანიჭა უფლებამოსილება, ემართა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. აღნიშნული მინდობილობით მარწმუნებელს არ მინიჭებია სესხის ხელზე ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებისა და მინდობილი პირისათვის სესხის დაფარვის უფლებამოსილება.

ჯ. ნ-მა ისარგებლა მინდობილობით, თ. ი-ის საქართველოში არ ყოფნით და საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ალ. გ-ის ქ. №28-ში რამდენიმეჯერ დატვირთა იპოთეკით და მიღებული სესხი გამოიყენა პირადი სარგებლობისათვის. ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებას წარმოადგენდა 2008 წლის 19 თებერვალს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ჯ. ნ-სა და მ. ც-ს შორის 12 000 აშშ დოლარზე თვეში 5%-ის დარიცხვით. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადაცების შესახებ მხარეები შეადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს თანხა არ იყო გადახდილი, არც ნაღდი და არც უნაღდო ანგარიშსწორებით. შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ წარმოშობილა.

ამდენად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არის უკანონო და არარა გარიგება. მ. ც-სათვის თავიდანვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ იგი თაღლით პიროვნებასთან დებდა გარიგებას.

უსაფუძვლოა სასამართლოს განმარტება, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება თავისთავად გულისხმობდა თანხის გადაცემის ფაქტს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება დამატებით თანხის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ საჭიროებდა.

ჯ. ნ-ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემამდე და მ. ც-ს წინააღმდეგ მისი ჩვენების დაფიქსირებამდე, საქმეზე რეალური ფაქტებისა და გარემოებების დადგენამდე, მ. ც-მ აღძრა სამოქალაქო სარჩელი თ. ი-ის მიმართ. სასამართლომ უსაფუძვლოდ, მთელი რიგი საკითხების დადგენამდე დააკმაყოფილა მ. ც-ს სარჩელი. გადაწყვეტილება მიექცა იძულებით აღსასრულებლად, გაიმართა აუქციონი. იპოთეკით დატვირთული ქონება კი აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე შეიძინა მ. ვ-მა.

განკარგულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებამდე სადავო ქონება დააყადაღა თ. ი-მა. განკარგულება გაიცა არასწორი ფორმით, იგი არ იყო ოფიციალურად დამოწმებული, რაც გახდა საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღა არსებობდა აუქციონის გამართვის პროცესშიც.

ამდენად, მ. ვ-ი არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ქონება იყო სადავო.

გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განმტკიცებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. სასამართლომ გადაუხვია მხარეთა შეთანხმებას და თავად შეეცადა დაესაბუთებინა, რა იყო სავალდებულო, სამართლიანი და გონივრული. სასამართლომ ასევე დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი.

სასამართლომ არ იმსჯელა, რატომ ასრულებდნენ მ. ც-ა და ჯ. ნ-ი სესხის ხელშეკრულების პირობებს თ. ი-თან შეთანხმებისა და მისი ინფორმირების გარეშე, რით უნდა აიხსნას აღნიშნული გარემოება.

სააპელაციო პალატას არ გაურკვევია, დაცულ იქნა თუ არა მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის მოთხოვნა. თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ ჯ. ნ-ს ვალის გადახდა კანონით დადგენილი წესით გადაკისრებული ჰქონდა, მას უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 206-ე მუხლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით თ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 23 აპრილს №2 საგადასახადო დავალებით ე. ბ-ის, 2012 წლის 30 აპრილს კი თ. ი-ის მიერ სალაროს შემოსავლის №12 ორდერით სულ გადახდილი 927 ლარის 70% – 648,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ი-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ თ. ი-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 23 აპრილს №2 საგადასახადო დავალებით ე. ბ-ის, 2012 წლის 30 აპრილს კი თ. ი-ის მიერ სალაროს შემოსავლის №12 ორდერით სულ გადახდილი 927 ლარის 70% – 648,9 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.