№ას-560-528-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ყ-ე, გ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ყ-ისა და გ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, დ. და კ-ს ქ.№10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 120.55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ცნობა იმ საფუძვლით, რომ 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. მ-მა მ. ჩ-ისაგან შეიძინა 368.92 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 120.50 კვ.მ მიწის ნაკვეთი დღეისდღეობით რეგისტრირებულია მოპასუხეთა თანასაკუთრებაში. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2011 წლის 25 ოქტომბრის №76 დასკვნის შესაბამისად, უნდა იქნეს ცნობილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის წინაპრებს სარგებლობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი იმ მოცულობით, რაც ამჟამად რეგისტრირებული აქვს მოსარჩელეს საკუთრებაში, რაც დასტურდება საკუთრების უფლების რტეგისტრაციის საფუძვალდ მითითებული დოკუმენტებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრავ გ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამსართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ამონაწრის თანახმად, გ. კ-ისა და ქ. მ-ის საკუთრებაშია 248 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
საქმეში განთავსებული 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ შენობა-ნაგებობები და არა მიწის ნაკვეთი, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, მითითებულ პერიოდში მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა კერძო პირთა საკუთრებას, შესაბამისად, იგი ვერ გახდებოდა ნასყიდობის საგანი, რაც ცხადყოფდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელე მხარის ბაბუას არ წარმოშობია საკუთრების უფლება 368.92 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1997 წლის მდგომარეობით მოსარჩელე ფლობდა მის საზღვრებში განთავსებულ 248 კვ.მ მიწის ნაკვეთ, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან სადავო 120 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობა, რის გამოც 248 კვ.მ-ზე დამატებით 120 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მას საკუთრების უფლება არ წარმოშობია.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ 1997 წლამდე მიწის ის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და სახელმწიფო ადგენდა თუ ვის და რა ოდენობით უნდა გადაცემოდა მართლზომიერ სარგებლობაში. ვინაიდან, 1988 წლის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ, გ. კ-ის სარგებლობაში რეგისტრირებული იყო ქ. ქუთაისში, დ. და კ-ს ქ. №10-ში მდებარე 248 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პალატამ მიიჩნია, რომ მიწის მესაკუთრე სახელმწიფომ მითითებულ მისამართზე, მხოლოდ 248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაადგინა გ. კ-ის მართლზომიერი სარგებლობის უფლება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე, 1997 წლისათვის გ. კ-ე გახდა, მხოლოდ 248 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 248 კვ.მ-ზე დამატებით 120 კვმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას, პალატამ მიიჩნია, რომ ამ მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა საკუთრებაში რეგისტრაცია არ ხელყოფდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატიოს 2012 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და ასევე მტკიცებულებების დართვისა და ექსპერტიზის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის საოქმო განჩინების გაუქმები იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და ამასთან დაუსაბუთებლად და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ექსპერტის დაკითხვისა და მტკიცებულებების დართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
2012 წლის 5 ივნისს გ. კ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტოვით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით იხილება მისი სარჩელი იმავე მოპასუხეების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, დმინისტრაციული სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო წესით საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (844 ლარი) 70% – 590.8 ლარი.
რაც შეეხება კასატორ გ. კ-ის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამსისად საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №5023200 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 3 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (844 ლარი) 70% – 590.8 ლარი.
3. გ. კ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.