საქმე №ას-643-606-2012 7 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ...-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „...-ის“, ქ. ა-ის, ხ. ა-ის, ლ. მ-ისა და ხ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა შეწყვეტილად იქნეს აღიარებული სს „... ...-სა“ და შპს „...-ს“ შორის 2008 წლის 21 აპრილს დადებული ,„კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, ასევე 2008 წლის 12 მაისს დადებული #62476 და 10 დეკემბერს დადებული #85378 საკრედიტო ხელშეკრულებები; შპს „...-ს“, ქ. ა-სა და ხ. ა-ს სს „... ...-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 98 331. 71 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შპს „...-ის“ კუთვნილი ქალაქ თბილისში, ფ-ის ქუჩა №37-ში მდებარე 40.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...), ქალაქ თბილისში, ც.დ-ის ქუჩა 263-ში მდებარე ხ. ქ-ის კუთვნილი №7 ბინა (საკადასტრო კოდი ...), ქალაქ თბილისში, ს-ს ქუჩა 7-ში მდებარე ლ. მ-ის კუთვნილი №53 ბინა (საკადასტრო კოდი ...).
ლ. მ-მ სარჩელი არ ცნო, ხოლო ხ. ქ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „... ...-ს“ მიმართ მხარეთა შორის 2008 წლის 12 დეკემბერს დადებული #ბ-3474 იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „... ...-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „... ...-სა“ და შპს „...-ს“ შორის 2008 წლის 21 აპრილს დადებული „კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, ასევე 2008 წლის 12 მაისს დადებული #62476 და 10 დეკემბერს დადებული #85378 საკრედიტო ხელშეკრულებები, შპს „...-ის“, ქ. ა-სა და ხ. ა-ს სს „... ...-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 98 331.71 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან, ქ. ა-ის პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხ. ა-ისა – 80 000 აშშ დოლარის ოდენობით, დავალიანების – 64 000 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩა #37-ში მდებარე შპს „...-ს“ კუთვნილი 40.00 კვ.მ (საკადასტრო კოდი #...), დავალიანების – 41 500 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქალაქ თბილისში, ც.დ-ის ქუჩა N263-ში მდებარე ხ. ქ-ის კუთვნილი #7 ბინა (საკადასტრო კოდი #...), დავალიანების – 41 500 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქალაქ თბილისში, ს-ს ქუჩა N7-ში მდებარე ლ. მ-ის კუთვნილი #53 ბინა (საკადასტრო კოდი #...), ხოლო ხ. ქ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ლ. მ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მითითებით, ლ. მ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც დავალიანების 41 500 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ლ. მ-ის კუთვნილი ბინა კერძოდ, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 9853 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2008 წლის 21 აპრილს სს „... ...-სა“ და შპს „...-ს“ შორის დაიდო „კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ, დაედოთ კონკრეტული ხელშეკრულებები კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ იმ საბაზო პირობებით, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნულ ხელშეკრულებაში. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ მსესხებელს უფლება ჰქონდა, ვალდებულებები ეკისრა ზღვრული თანხის – 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 21 აპრილამდე.
2008 წლის 11 დეკემბრის სს „... ...-სა“ და შპს „...-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა გენერალური ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ვალდებულების ზღვრული ოდენობად განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარი.
2008 წლის 12 დეკემბერს სს „... ...-სა“ და ლ. მ-ს შორის გაფორმდა #ბ-3474 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 2008 წლის 21 აპრილს სს „... ...-სა“ და შპს „...-ს“ შორის დადებული „კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“ გენერალური ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2008 წლის 11 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკის უფლებით დაიტვირთა ლ. მ-ის კუთვნილი ბინა. ამასთან, ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, იპოთეკით უზრუნველყოფილ იქნა ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ არანაკლებ 41 500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 302-ე მუხლით, 301.11 მუხლით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოვალე შპს „...-მა“ არ დააკმაყოფილა კრედიტორ სს „... ...-ს“ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული, შპს „...-ს“ კუთვნილი 40.00 კვ.მ ფართი, ხ. ქ-ისა და ლ. მ-ის კუთვნილი ბინები. შესაბამისად, სს „... ...“ უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
სამოქალაქო საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ვინაიდან 2008 წლის 12 დეკემბერს სს „... ...-სა“ და ლ. მ-ს შორის გაფორმებული #ბ-3474 იპოთეკის ხელშეკრულებით ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ უზრუნველყოფილი იყო არანაკლებ 41 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო აპელანტმა ბანკს გადაუხადა 9853 აშშ დოლარი, სასამართლო ვალდებული იყო, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცია სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ლ. მ-ის კუთვნილი ბინა (საკადასტრო კოდი #...) დავალიანების – 31647 აშშ დოლარის (41 500 – 9853) დაფარვისა და არა 41 500 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 301.11 მუხლზე, 891-ე მუხლზე, 892-ე მუხლზე, 898-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 895-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომლითაც იპოთეკარი თავის მოთხოვნას იკმაყოფილებს ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად. თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები ვალდებულებას კისრულობს, თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ 2008 წლის 12 დეკემბერს სს „... ...-სა“ და ლ. მ-ს შორის გაფორმებული #ბ-3474 იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 41 500 აშშ დოლარი არ წარმოადგენს ზღვრულ თანხას, რომლის ფარგლებშიც მესაკუთრე ვალდებულია, პასუხი აგოს იპოთეკარის წინაშე. ხელშეკრულებაში მითითებული თანხა წარმოადგენს მხოლოდ მხარეთა განცხადების საფუძველზე იპოთეკის საგნის შეფასების თანხას, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკარი ლ. მ-ის მიმართ მოთხოვნას დაიკმაყოფილებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით 41 500 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონების ამ ფასად ან თუნდაც მეტად, ან ნაკლებად გაყიდვის საშუალებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ლ. მ-ის მიერ ნამდვილად იქნა შეტანილი სს „...-ის“ ანგარიშზე შესაბამისი თანხა – 9853 აშშ დოლარი, მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნულმა თანხამ საბოლოოდ გამოიწვია საკრედიტო დავალიანების შემცირება და სს „... ...-ის“ სასარჩელო მოთხოვნის ფორმირება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დანარჩენ ნაწილებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, პალატა ამ საფუძვლითაც მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სს „... ...-ის“ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის საფუძვლიანობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. მ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ მხარეთა შორის სადავო გარემოებათა მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ.მ-ის ქონება უნდა გაიყიდოს 41 500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. საქმეში წარმოდგენილი მასალები არ იძლევა ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას, რადგან, მართალია, ხელშეკრულების თანახმად, ლ.მ-ის ქონებით უზრუნველყოფილი იყო 41 500 აშშ დოლარი, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ლ.მ-მ უკვე გადაიხადა თანხის ნაწილი, კერძოდ, 9853 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნის ოდენობა სადავო ხელშეკრულების შესაბამისად შეადგენს 41 500 დოლარს. ამდენად, მხარეთა შეთანხმებით ზღვრული თანხაა 41 500 აშშ დოლარი და ამაზე მეტს ბანკი ლ.მ-საგან ვერ მოითხოვს.
ხელშეკრულების 2.3 მუხლის თანახმად, მხარეთა განცხადებით იპოთეკის თანხა შეადგენდა 41 500 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულების 2.4. მუხლით, იპოთეკით უზრუნველყოფილია ბანკის მოთხოვნები 41 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 11.8 მუხლით, ამ გარიგების ღირებულებაა იპოთეკის თანხა – 41 500 აშშ დოლარი.
აღნიშნულის მიუხედავად, კასატორმა ბანკს უკვე გადაუხადა 9853 აშშ დოლარი, რაზედაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ დაეთანხმა ამ ფაქტს სააპელაციო სასამართლო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად განმარტა კანონი. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2008 წლის 21 აპრილს შპს „...-სა“ და სს „... ...-ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარზე. იპოთეკით დაიტვირთა შპს „...-ს კუთვნილი 40 კვ.მ. ამავე წლის 12 დეკემბერს შპს „...-სთან“ გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ლ. მ-ისა და ხ. ქ-ის უძრავი ქონება.
ხელშეკრულების 11.8 მუხლის თანახმად, ბანკის მოთხოვნები უზრუნველყოფილი იყო მსესხებლის მიმართ 41 500 აშშ დოლარის ოდენობით და არა 51 353 აშშ დოლარით.
სასამართლომ ისე დაადგინა 41 500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად კასატორის ბინის რეალიზაცია, რომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ უკვე გადახდილი თანხა, კერძოდ, 3318,99 აშშ დოლარი. 7 აგვისტოს – 3250 აშშ დოლარი და 9 სექტემბერს გადახდილი 3285 აშშ დოლარი, სულ – 9853 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხები კი ბანკს თავის ამონაწერშიც მითითებული არ აქვს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხებს უნდა გამოკლებოდა კასატორის მიერ ბანკისთვის გადახდილი თანხა. თუ სასამართლო მაინც დაადგენდა ბინის რეალიზაციას, უნდა დაედგინა არა 41 500, არამედ 31 647 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ბანკის მიერ წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ ორივე სესხზე დღემდე გადახდილია 37 621 აშშ დოლარი, რაზეც დამატებული საკომისიო თანხა მინიმუმ 0,5%-ის ოდენობით ბანკმა მიიღო. ამდენად, ამჟამად ბანკს უკვე მიღებული აქვს 40 000 აშშ დოლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 18 აპრილს გადახდილი 805 ლარის 70% – 563,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ლ. მ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 18 აპრილს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 805 ლარის 70% – 563,5 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.