Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-649-611-2012 22 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. თ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – თ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სასაზღვრე მიჯნის მოშლა და გადაწევა, შენობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. თ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის მიმართ მოპასუხის ხარჯით სასაზღვრო მიჯნის მოშლის, მისი 4,40 მეტრით გადაწევისა და მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიწაზე აგებული შენობის დემონტაჟის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ო. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. თ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ნ. ბ-ი კისრულობს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით მოშალოს სასაზღვრო მიჯნა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე ო. თ-ის კუთვნილ 296 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №...) და აღნიშნული სასაზღვრო მიჯნა, ასევე საკუთარი ხარჯით, გადასწიოს 1,85 მეტრის დაშორებით იმავე მისამართზე მომიჯნავედ მდებარე ნ. ბ-ის კუთვნილი 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) მიმართულებით;

2. მხარეები თანხმდებიან, ამ მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო მიჯნის მიხედვით, დაზუსტდეს მხარეთა საკუთრებაში არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფართი;

3. შემდგომში ყოველგვარი გაურკვევლობისა და ბუნდოვანების აცილების მიზნით, მხარეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა ამ მორიგების პირობებით გაივლის ნ. ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან 15 სმ-ის დაშორებით მომიჯნავედ ო. თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს, სწორი ხაზით, რის შედეგადაც ო. თ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 296 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართი ფაქტობრივად შემცირდება არაუმეტეს 45 კვ.მ ფართით;

4. წინამდებარე მორიგება ძალაშია ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ო. თ-ს უნდა დაუბრუნდეს ი. ტ-ისა და ო. თ-ის მიერ 2012 წლის 18 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ო. თ-სა და ნ. ბ-ს შორის შემდეგი პირობებით:

1. ნ. ბ-ი კისრულობს ვალდებულებას, საკუთარი ხარჯით მოშალოს სასაზღვრო მიჯნა ლანჩხუთის რაიონის სოფელ გ-ში მდებარე ო. თ-ის კუთვნილ 296 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №...) და აღნიშნული სასაზღვრო მიჯნა, ასევე საკუთარი ხარჯით, გადასწიოს 1,85 მეტრის დაშორებით იმავე მისამართზე მომიჯნავედ მდებარე ნ. ბ-ის კუთვნილი 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) მიმართულებით;

2. მხარეები თანხმდებიან, ამ მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო მიჯნის მიხედვით, დაზუსტდეს მხარეთა საკუთრებაში არსებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ფართი;

3. შემდგომში ყოველგვარი გაურკვევლობისა და ბუნდოვანების აცილების მიზნით, მხარეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნა ამ მორიგების პირობებით გაივლის ნ. ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან 15 სმ-ის დაშორებით მომიჯნავედ ო. თ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს, სწორი ხაზით, რის შედეგადაც ო. თ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 296 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართი ფაქტობრივად შემცირდება არაუმეტეს 45 კვ.მ ფართით;

4. წინამდებარე მორიგება ძალაშია ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ო. თ-ის სარჩელის გამო ნ. ბ-ის მიმართ სასაზღვრე მიჯნის მოშლისა და გადაწევის, ასევე შენობის დემონტაჟის შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კასატორ ო. თ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 18 აპრილის №1 საგადასახადო დავალებით ი. ტ-ისა და ო. თ-ის მიერ გადახდილი 300 ლარი.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.