№ას-651-613-2012 11 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ეE
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებარვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 12 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. გ-მ მოპასუხე ქ. პ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის 6000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 11584 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ლ. გ-ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის სახით 6000 აშშ დოლარის, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 3000 აშშ დოლარის, მთლიანობაში 9000 აშშ დოლარის გადახდა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 8584 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწიოლში. გადაწყვეტილებით თანხის გადახდევინების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, თბილისში, მ-ის ქუჩის №15-ში მდებარე უძრავი ქონების ¼ ნაწილი.
დასახელებული გადაწვეტილება ძირითადი თანხიდან 1000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს თანხიდან 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. პ-ის წარმომადგენელმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით ქ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებით, ლ. გ-მ ქ. პ-ს ასესხა 10000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით – 2009 წლის 3 მაისის ჩათვლით;
2009 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებით ლ. გ-ის მიერ ქ. პ-სათვის გადაცემული სესხიდან ქ. პ-მ დააბრუნა 4000 აშშ დოლარი;
სესხის ძირითადი თანხიდან 4000 აშშ დოლარის ლ. გ-სათვის დაბრუნების ფაქტი მხარეთა შორის არ ყოფილა გამხდარი სადავოდ და ამდენად, დასახელებული გარემოება დგინდებოდა მხარეთა განმარტებებით;
საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ქ. პ-ის მიერ 4000 აშშ დოლართან ერთად 1000 აშშ დოლარის – ჯამში 5000 აშშ დოლარის ლ. გ-სათვის გადახდის ფაქტი, რის გამოც აპელანტის შესაბამისი პრეტენზია ვერ იქნა გაზიარებული.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; 4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თვით მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ამდენად, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ. გ-ის მოთხოვნაზე სესხის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით ქ. პ-ის პრეტენზია ეფუძნებოდა ვალდებულების 5000 აშშ დოლარის ოდენობით შესრულების ფაქტს. ამდენად, დასახელებული გარემოების დადასტურება სწორედ ქ. პ-ს ეკისრებოდა. მისი მტკიცება კი შემოიფარგლა მხოლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ხელწერილის წარდგენით (ტომი 1, ს.ფ. 114). სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული დოკუმენტიდან არ ირკვეოდა ის გარემოება, მოვალის მიერ გადახდილი იყო თუ არა 5000 აშშ დოლარი. წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებდა საერთო თანხიდან ნაწილის გადახდას, რაც არც კრედიტორს გაუხდია სადავოდ. მიუხედავად იმისა, რომ 4000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი იყო უდავო გარემოება, მისი ამსახველი მტკიცებულების წარდგენა წარმოადგენდა აუცილებელ საჭიროებას სადავო 1000 აშშ დოლარის გადახდის მტკიცების მიზნებისათვის. სხვაგვარად სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა 2011 წლის 1 თებერვალს გადახდილი 1000 აშშ დოლარი გადახდილი იყო 4000 აშშ დოლარის დამატებით, თუ 4000 აშშ დოლარი მოიცავდა 2011 წლის 1 თებერვალს გადახდილ თანხასაც. საპირისპირო დასაბუთებული არგუმენტაცია არც აპელანტის მხრიდან ყოფილა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი პრეტენზია დაუსაბუთებელობის გამო არ იქნა გაზიარებული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქ. პ-სათვის 2009 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 3000 აშშ დოლარის ოდენობით, წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობათა შესაბამისად გაანგარიშებულ და გონივრულ ოდენობამდე შემცირებულ ოდენობას. 2009 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით, მოვალეს სესხის დაბრუნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის – 10000 აშშ დოლარის 0.2%-ის ოდენობით. ლ. გ-მ 2011 წლის 12 სექტემბერს წარდგენილი სარჩელით მოითხოვა ქ. პ-სათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ვალდებულების დარღვევიდან – 2009 წლის 3 მაისიდან სარჩელის წარდგენის დრომდე პერიოდისათვის, რაც მოიცავდა 28 თვესა და 9 დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 28 თვისა და 9 დღის ვადაგადაცილების გამო 3000 აშშ დოლარის ოდენობით გადასახდელი პირგასამტეხლო გაანგარიშებული იყო ყოველდღიურად გადასახდელი თანხის, საშუალოდ, 0.04%-ის ოდენობით. შესაბამისად, ქ. პ-ის პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობის დამატებით შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო და არ იქნა გაზიარებული.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასახელებული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. პ-ს მართლზომიერად დაეკისრა 2009 წლის 3 თებერვლის ხელშეკრულებით გადაცემული სესხის ლ. გ-სათვის დაბრუნება 6000 აშშ დოლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამავე ვალდებულების შესრულებამდე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა სესხის ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალეს მართლზომიერად დაეკისრა პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. პ-მ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ქ. პ-მ რამდენჯერმე გადაუხადა მოსარჩელეს თანხა და დარჩენილი აქვს მხოლოდ 5000 აშშ დოლარი. სადავო ქონების ძველი მესაკუთრე ც.მ-ა და მისი ადვოკატი მ.ს-ა ყველანაირად ცდილობენ მისთვის ზიანის მიყენებას, რაც კარგად ჩანს მათი მოქმედებიდანაც, ისინი ხელს უშლიან მოპასუხეს მ-ის ქ.№15-ში არსებული ¼ წილის გაყიდვაში. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ც. მ-ს, ზ. მ-ს, ა. ტ-ისა და ლ. ვ-ის მიერ მოხდა მითითებულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება – ყადაღის დადება მოპასუხის კუთვნილ წილზე. სასამართლოში წარდგენილ იქნა ხელწერილი, რომელიც ადასტურებს, რომ დამატებით თანხა კიდევ გადაეცა ლ. გ-ს, თუმცა სასამართლომ გაურკვეველი სამართლებრივი საფუძვლით ქ. პ-ს მაინც დააკისრა უკვე გადახდილი თანხა.
კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობაზე და შეამცირა იგი, სასამართლო გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს ათვლა უნდა მომხდარიყო ლ. გ-სათვის დასაბრუნებელი 5000 აშშ დოლარიდან. შესაბამისად, 3000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოდ მაღალია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ. პ-ც-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ქ. პ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ქ. პ-ც-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 21 მაისი, სალაროს შემოსავლის ორდერი № 9, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.