საქმე №ას-663-624-2012 6 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორისათვის არა უმეტეს 8000 აშშ დოლარის დაკისრება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 15330 აშშ დოლარის, სარგებლის - 2011 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით - 1440 აშშ დოლარის, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, ზიანის - 3560 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯების ანაზღაურების, ასევე დავალიანების ამოღების მიზნით, მოპასუხის კუთვნილი ყადაღადადებული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2008 წლის ივლისში, მოსარჩელესთან მივიდნენ ქედის რაიონის სოფელ ჯ-ში მცხოვრები მამა-შვილი ო. და მ. ბ-ები, 8000 აშშ დოლარის სესხად აღების თხოვნით, რაც მოსარჩელემ გადასცა ყოველთვიურად მინიმალური 3%-ის დარიცხვით. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოსარჩელე, მისი მშობლები: ხ. და თ. მ-ები, ასევე და - თ. მ-ე, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენდა მამა-შვილი ო. და მ. ბ-ები. სესხის თანხა წარმოადგენდა მოსარჩელის ოჯახის ხანგრძლივი დროის დანაზოგს, რომელსაც ი. მ-ე განკარგავდა მშობლებისა და დის თანხმობით. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით. მ. ბ-ს სარგებელი უნდა გადაეხადა ძირითად თანხასთან ერთად გამსესხებლის მოთხოვნისთანავე. თანხა უნდა დაბრუნებულიყო ერთი წლის განმავლობაში, თუმცა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლებოდა თანხისა და სარგებლის გადახდის ვადის გაგრძელება. 2009 წლის სექტემბერში მოსარჩელის ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გამსესხებელმა მსესხებლებს მოსთხოვა თანხის ნაწილის დაბრუნება, თუმცა, მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის არ ქონის გამო, ხოლო მოსარჩელეს ურჩია სესხად აეღო აღნიშნული თანხა პროცენტით და იგი გადაიხდიდა ნასესხებ ფულს სარგებელთან ერთად. ი.მ-მ თანამშრომელ ი. ზ-საგან, ისესხა 8000 აშშ დოლარი, რაც მოახმარეს თ.მ-ის მკურნალობას, ხოლო ი. ზ-ს 8 თვეში დაუბრუნა ნასესხები 8000 აშშ დოლარი და მისი 4% - 2560 აშშ დოლარი. 2009 წლის დეკემბერში ი.მ-მ მ.ბ-სა და ო.ბ-ს მოსთხოვა სესხის დაბრუნება პროცენტთან ერთად, რაზედაც მათ, უსახსრობის გამო, ისევ უარი განაცხადეს, საბოლოდ გამსესხებელმა მოპასუხეს მოსთხოვა გარანტიის წარმოდგენა, რის გამოც 2010 წლის 4 ნოემბერს მხარეები წავიდნენ ნოტარიუს ლ. ჭ-სთან, გააფორმეს ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ.ბ-ის ვალი ი.მ-ის მიმართ შეადგენს 15330 აშშ დოლარს (ძირითადი თანხა და პროცენტი) და, რომ ამ თანხას ემატება მოსარჩელის მიერ ი.ზ-სგან ნასესხები 8000 აშშ დოლარის სარგებელიც.
მოპასუხე მ. ბ-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 8000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და აღნიშნა შემდეგი:
სარჩელში მითითებული თანხა, საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გარეშე, 6 თვით ი. მ-ისაგან ისესხა არა მ. ბ-მ, არამედ ო. ბ-მ. ექვსი თვის გასვლის შემდეგ ო.ბ-მ ვერ შეძლო ვალის დაბრუნება, ხოლო მოსარჩელე მას სისტემატურად სთხოვდა თანხას. 2009 წელს მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ უთხოვია თანხის დაბრუნება, თუმცა ამ დროისათვის მსესხებლის ოჯახსაც არ ჰქონდა შესაბამისი ფინანსები. სამეწარმეო საქმიანობაში პრობლემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ნათელი იყო, რომ ო.ბ-ე ვალს ვერ დააბრუნებდა, რის გამოც, მ. ბ-მ კრედიტორის წინაშე იკისრა ვალდებულება სესხად აღებული 8000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე, რაზედაც მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა, ვინაიდან იმ დროისათვის ი.მ-ს განვადებით შესყიდული ჰქონდა ობიექტი და სასწრაფოდ გადასახდელი ჰქონდა თანხა, კრედიტორის გარკვეული დროით გაჩერების მიზნით, მოსარჩელემ მოპასუხეს სთხოვა ვალის აღიარების დოკუმენტში ნაცვლად 8000 აშშ დოლარისა, ფორმალურად მიეთითებინა 15000 აშშ დოლარი. ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ნდობა, მოპასუხე ენდო მოსარჩელეს და ხელი მოაწერა 15000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის აღიარების დოკუმენტს. მოსარჩელემ ბოროტად გამოიყენა მ.ბ-ის ნდობა და მოტყუებით გააფორმებინა ხელშეკრულება, მასში მიუთითა არარეალური თანხა და ყველაფერი ეს გამოიყენა მის სასარგებლოდ. დაუსაბუთებელია ი. ზ-საგან ნასესხები თანხისა და სარგებლის მიღება, რადანაც აღნიშნულის თაობაზე მოპასუხისათვის უცნობია, მხარეებს შორის მართლაც გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, თუმცა მასში მითითებულ თანხაში არ შედის საპროცენტო სარგებელი, ვინაიდან სესხი არ ყოფილა სარგებლიანი. ასევე არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ მას მ.ბ-მ ააღებინა პროცენტიანი სესხი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15330 აშშ დოლარის გადახდა, ასევე განაწილდა სასამართლო ხარჯებიც, თანხის ამოღების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მ. ბ-ის კუთვნილი ქ.ბათუმში, ხ-ს ქ№45-ში მდებარე 68,54 კვ.მ №43 ბინა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მხოლოდ 8000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილება, ხოლო ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები: ვალის აღიარების შესახებ 2010 წლის 4 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების 2010 წლის 4 ნოემბერს, მ. ბ-მ, რომელიც შემდეგში ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია. როგორც „მოვალე“, ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე აღიარა, რომ მას ნამდვილად აქვს ი. მ-ის ვალი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში მოხსენიებულია, როგორც „კრედიტორი“. ვალი შეადგენს 15330 აშშ დოლარს, ეროვნული კურსით - 27143,29 ლარს. მხარეებმა განაცხადეს, რომ მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოიშვა 2008 წლის ივლისის თვეში. ვალს სარგებელი (პროცენტი) არ ერიცხება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე კრედიტორს ვალს დაუბრუნებს 2011 წლის 31 იანვრამდე. ხელშეკრულებაში მითითებული ფაქტების სისწორე დადასტურებულია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ და სანოტარო წესით არის დამოწმებული. დავის განხილვის დროისათვის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ყადაღა დაედო მ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და სააპელაციო საჩივრის საფუძვლებთან მიმართებით განმარტა შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დასტურდება, რომ 2008 წლის ივლისში, მ. ბ-სათვის გადაცემული თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს. ვალის აღიარების შესახებ 2010 წლის 4 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების თანახმად, 2010 წლის 4 ნოემბერს, მ. ბ-მ, როგორც „მოვალემ“, აღიარა ი.მ-ის ვალის - 15330 აშშ დოლარის ქონის ფაქტი და, რომ მოვალის დავალიანება კრედიტორის წინაშე წარმოიშვა 2008 წლის ივლისში. პალატის განმარტებით, ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენს 2008 წლის ივლისში 8000 აშშ დოლარის სესხის აღების ფაქტი, ასევე საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, 2010 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულების დადებისას „მოვალის“ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სხვა ნებისმიერი სახის იძულებას, დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მითითება, რომ 2008 წლის ივლისში აღებული სესხი იყო სარგებლიანი და 2010 წლის 4 ნოემბრის ხელწერილით მოვალემ აღიარა, როგორც ძირითადი ვალი, ისე საპროცენტო სარგებელი, რამაც მთლიანობაში შეადგინა 15330 აშშ დოლარი. პალატის აზრით, ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ჩანაწერში - „ვალს სარგებელი (პროცენტი) არ ერიცხება“, აღნიშნავდა მხარეთა ნების გამოვლენას, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ მოხდებოდა ვალზე სარგებლის დარიცხვა. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ვალის აღიარების თაობაზე 2010 წლის 4 ნოემბრის ხელშეკრულების პირობები მიღებული იქნა კრედიტორის მიერ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ი. მ-ის მიმართ, მამუკა ბერიძის ვალი უნდა განისაზღვროს 15330 აშშ დოლარით. შესაბამისად, სასამართლომ აპელანტის მსჯელობა სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, არასწორად მიიჩნია.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
არასწორია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე მითითება, იმ თვალსაზრისით, რომ მ.ბ-მ 2010 წლის 4 ნოემბერს აღიარა ვალი 15330 აშშ დოლარის ოდენობით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობა თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სარჩელში ი. მ-ის განმარტებითვე დასტურდება, რომ სესხად 8000 აშშ დოლარია გაცემული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. შ-ის მიერ 2012 წლის 20 მაისს №5159007 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 594,43 ლარის 70% – 416,101 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ბ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით რ. შ-ის მიერ 2012 წლის 20 მაისს №5159007 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 594,43 ლარის 70% – 416,101 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.