Facebook Twitter

საქმე №ას-693-650-2012 6 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ც. პ. ს-ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე შპს „პ. ა-ის“ სარჩელის გამო, შპს „ც. პ. ს-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ც. პ. ს-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „ც. პ. ს-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება მხარეს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად და 2012 წლის 21 მაისს ჩაბარდა ლ.კ-ს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახამდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. აღნიშნული ნორმისა და იმ გარემოების გათვალისწინებით რომ, სასამართლომ გზანილი მხარეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაუგზავნა, პალატა მიიჩნევს რომ, ლ.კ-სათვის ჩაბარება უნდა მივიჩნიოთ უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 22 მაისს და დასრულდა ამავე წლის 28 მაისს. აღნიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ შპს „ც. პ. ს-ს“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი საკასაციო საჩივარის განუხლიველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ც. პ. ს-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.