№ას-710-666-2012 11 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ს სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა: ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 3 აგვისტოს №022-2114/1 აქტში მითითებული ნივთები: რბილი სამეული (ნაჭრის); კონდინციონერი; მაგიდა; სამი ხის სკამი; მაცივარი; წითელი ტყავის სავარძელი; ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი; პატარა მინის ტელევიზორის მაგიდა; საძინებელი კომპლექტი, რომელიც შედგება ტრილიაჟის, ტანსაცმლის კარადის და ორსაწოლიანი საწოლისაგან, მისაღები ოთახის კედელი; დიდი მინის ტელევიზორის მაგიდა, გათავისუფლდა ყადაღისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე ინდმეწარმე „ე. ს-ს“ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, დაყადაღებულ იქნა ქ.ფოთში, ფ. მ-ის ქ.№1/79-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთები: რბილი სამეული (ნაჭრის); კონდინციონერი; მაგიდა; სამი ხის სკამი; მაცივარი; წითელი ტყავის სავარძელი; ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი; პატარა მინის ტელევიზორის მაგიდა; საძინებელი კომპლექტი, რომელიც შედგება ტრილიაჟის, ტანსაცმლის კარადის, ორსაწოლიანი საწილისაგან; მისაღები ოთახის კედელი; დიდი მინის ტელევიზორის მაგიდა.
ქ.ფოთში, ფ. მ-ის ქ.№1/79-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მოსარჩელე ზ. ქ-ს საკუთრებას.
იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილის მოწმობაში, ე. ს-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ოჩამჩირე, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს – ქ.ფოთი, წ-ის ქ.№1ა.
მოპასუხე ე. ს-ა ცხოვრობს ქ.ფოთში, ფ. მ-ის ქ.№1ა/-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული მისამართი წარმოადგენს მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დგინდებოდა: 2011 წლის 22 დეკემბრის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით; იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობით; მოწმეების – მ. ხ-ს, ნ. ხ-ს და ლ. ხ-ს ჩვენებებით, რომლებიც წარმოადგენდნენ ე. ს-ს მეზობლებს და რომლებმაც განმარტეს, რომ ე. ს-ა ცხოვრობდა მათ მეზობლად ზემოაღნიშნულ მისამართზე.
ქ.ფოთი, ფ. მ-ის ქ.№1/79-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დაყადაღებულ იქნა სადავო ნივთები, ფაქტობრივად ცხოვრობს ამ ბინის მესაკუთრე ზ. ქ-ა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დგინდებოდა 2011 წლის 22 დეკემბრის თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, ასევე, მოწმეების: მ. ხ-ს, ნ. ხ-ს, ლ. ხ-ს და მოპასუხე ე. ს-ს ჩვენებებით.
მოპასუხე ე. ს-ს ფაქტობრივ ადგილსამყოფელს არ წარმოადგენდა ქ.ფოთი, ფ. მ-ის ქ.№1/79-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ეს უკანასკნელი ცხოვრობს ქ.ფოთში, ფ. მ-ის ქ.№1ა/1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და აღნიშნული მისამართი წარმოადგენს მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს. იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობაში ე. ს-ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ოჩამჩირე, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილს – ქ.ფოთი, წ-ის ქ./1ა. ქ.ფოთში, ფ. მ-ის ქ,.№1/79-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც დაყადაღებულ იქნა სადავო ნივთები, ფაქტობრივად ცხოვრობს ამ ბინის მესაკუთრე, მოსარჩელე ზ. ქ-ა და არა ე. ს-ა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემკოება დგინდებოდა ასევე მოწმეების და მოპასუხე ე. ს-ს ჩვენებებით.
ე. ს-ა არ წარმოადგენდა 2011 წლის 3 აგვისტოს №0222114/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული დაყადაღებული ნივთების: რბილის სამეულის (ნაჭრის); კონდინციონერის; მაგიდის; სამი ხის სკამის; მაცივრის; წითელი ტყავის სავარძლის; ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის; პატარა მინის ტელევიზორის მაგიდის; საძინებელი კომპლექტის, რომელიც შედგება ტრილიაჟის, ტანსაცმლის კარადისაგან; ორსაწოლიანი საწოლისაგან; მისაღები ოთახის კედლის; დიდი მკინის ტელევიზორის მაგიდის მფლობელსა და მესაკუთრეს. ქონებაზე ყადაღის დადების აქტში მითითებული ნივთები დაყადაღებულ იქნა ქ.ფოთში, ფ. მ-ის ქ.№1/79-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნული ბინა არ წარმოადგენდა ე. ს-ს ფაქტობრივ ადგილსამყოფელს. იგი მოსარჩელის, ზ. ქ-ს საკუთრებაა და ეს უკანასკნელი ცხოვრობს და სარგებლობს ამ ბინაში განთავსებული ნივთებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვარაუდი იმისა, რომ ე. ს-ა წარმოადგენდა სადავო ნივთების მესაკუთრეს.
სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები აღნიშნული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე, 158-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი, რადგან საქმეში საკმარისად მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა დაყადაღებულ ქონებაზე ზ. ქ-ს საკუთრების უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ყადაღაზე დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების უზრუნველყოფის მიზნით, უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელებას. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი არის ვალი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ბიუჯეტში უნდა იქნეს გადახდილი. აღნიშნული ვალდებულებების დადგენილ ვადაში და წესით შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამხდელის მიმართ ტარდება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. სახელმწიფოს უფლება აქვს საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამდენად, დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება სრულიად კანონიერია და არ არსებობს ყადაღის მოხსნის სამართლებრივი საფუძველი.
სარჩელზე დართული დოკუმენტებით არ დგინდებოდა, რომ დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს მოვალის საკუთრებას და იგი წარმოადგენს ზ. ქ-ს საკუთრებას. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენებები ვერ ჩაითვლება დაყადაღებულ ქონებაზე ზ. ქ-ს საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.