საქმე №ას-721-677-2012 15 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 25 მაისს მხარეთა შორის ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულების – 20000 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით მ. ჩ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ვ. ჩ-ს აეკრძალა ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინის გასხვისება.
ამავე კოლეგიის 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ჩ-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ამასთან, ვ. ჩ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის შეცდომით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 400 ლარი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ვ. ჩ-ე მეორე ჯგუფის ინვალიდია და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. მ. ჩ-ე თანახმაა, ვ. ჩ-საგან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 20000 (ოცი ათასი) ლარის სანაცვლოდ მიიღოს საკუთრებაში ვ. ჩ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინა;
2. ვ. ჩ-ე თანახმაა, მ. ჩ-ს 20 000 ლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცეს თავის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინა;
3. ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინაზე მოიხსნას ყადაღა და ვ. ჩ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინა აღირიცხოს მ. ჩ-ის სახელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ს უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე გ. ბ-ის მიერ 2011 წლის 11 ნოემბერს არასწორად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 400 ლარი, ვინაიდან ვ. ჩ-ე, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მისი განცხადება სააპელაციო საჩივარზე შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ დასაბუთებულია.
მხარეთა მორიგების პირობების საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ვ. ჩ-ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინის გასხვისების აკრძალვა უნდა მოიხსნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება მ. შ-სა და ვ. ჩ-ს შორის შემდეგი პირობებით:
1. მ. ჩ-ე თანახმაა, ვ. ჩ-საგან სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 20000 (ოცი ათასი) ლარის სანაცვლოდ მიიღოს საკუთრებაში ვ. ჩ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინა;
2. ვ. ჩ-ე თანახმაა, მ. ჩ-ს 20 000 ლარის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადასცეს თავის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინა;
3. ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინაზე მოიხსნას ყადაღა და ვ. ჩ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინა აღირიცხოს მ. ჩ-ის სახელზე.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება მ. ჩ-ის სარჩელის გამო ვ. ჩ-ის მიმართ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით ვ. ჩ-ის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ.თბილისში, ც.დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე №14 ბინის გასხვისების აკრძალვა მოიხსნას.
ვ. ჩ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ბ-ის მიერ 2011 წლის 11 ნოემბერს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ , სახაზინო კოდი – №300773150, დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე გადახდილი 400 ლარი.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.