Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-752-706-2012 4 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“ (შპს „ს. რ-ის უფლებამონაცვლე“)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „გ. ო-ი“

გასაჩივრებული განჩჲნება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „გ. ო-მა“ მოპასუხე შპს „ს. რ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 10189.74 ლარის დაკისრება (ტ.1, ს.ფ. 1-10)

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „გ. ო-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ს. რ-ს“ მოსარჩელე შპს „გ. ო-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10189.74 ლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ. 134-141).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 146-155).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 10 ივნისს, შპს ,,ს. რ-მ” Nდბ-3647 წერილით შპს ,,გ. ო-ს” აცნობა, რომ 2009 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა სარკინიგზო მომსახურების დებიტორული დავალიანება 9724,17 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო 2006 წლის დეკემბრის თვეში.

2009 წლის 10 ივნისის წერილის პასუხად, 2010 წლის 02 ნოემბრის წერილით, შპს ,,გ. ო-მა” შპს ,,ს. რ-ს” აცნობა, რომ 2005 წლის აგვისტოდან შეჩერებული ჰქონდა ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის სარკინიგზო გადაზიდვები, რის გამოც ითხოვდა შპს ,,ს. რ-ს” წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია დავალიანების წარმოშობასთან დაკავშირებით.

2010 წლის 07 დეკემბერს, შპს ,,ს. რ-მ” შპს ,,გ. ო-ს” გადაუგზავნა 2007 წლის 21 თებერვლით დათარიღებული Nდსგ-1364 წერილი და 2007 წლის 22 თებერვლით დათარიღებული Nდსგ-1664 წერილი.

2007 წლის 21 თებერვლის Nდსგ-1364 წერილში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ 2006 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული გადაზიდვები ჩაითვლებოდა საერთაშორისოდ თუ ტვირთის გადაზიდვა განხორციელებულიყო ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტის საფუძველზე, გაგზავნის, დანიშნულებისა და სატრანზიტო ქვეყნების საბაჟო ტერიტორიებისათვის, ერთი ან რამოდენიმე საზღვრის გადაკვეთით, ნებისმიერი გაგზავნის საბაჟოდან დანიშნულების საბაჟომდე, გაგზავნისა და სხვა ქვეყნის ერთი ან რამოდენიმე საბაჟოს გავლით.

წერილის შინაარსის მიხედვით, შპს ,,ს. რ-მ” მოიძია მოსარჩელესთან მიმართებით წინა პერიოდში შესრულებული გადაზიდვები, რომლებიც განხორციელებული იყო სხვადასხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე და შესაბამისად უნდა დარიცხვოდა დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომლის ოდენობამაც შეადგინა: გადაზიდვაზე - 10 123,91 ლარი, ხოლო სადგურის მომსახურებაზე - 65,83 ლარი. ამავე წერილით შპს ,,ს. რ-მ” შპს ,,გ. ო-ს” აცნობა, რომ თუ დავალიანება არ იქნებოდა დაფარული, სარკინიგზო კოდექსის შესაბამისად, შპს ,,გ. ო-ს” სარკინიგზო მომსახურება არ გაეწეოდა.

2010 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,ს. რ-ის” საბანკო ანგარიშზე ამ უკანასკნელის მიერ შპს ,,გ. ო-სათვის” მოთხოვნილი თანხის ანგარიშში ჩარიცხული იქნა 9724,17 ლარი. შპს ,,ს. რ-ს” მიერ 465,57 ლარი ჩამოწერილი იქნა შპს ,,გ. ო-ის” მიერ ადრე განხორციელებული გადაზიდვებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხიდან (კრედიტორული ნაშთიდან). მთლიანობაში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 10198,74 ლარი.

შპს ,,ს. რ-ის” მიერ შპს ,,გ. ო-სთვის” დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშში დამატებით მოთხოვნილი თანხა დაერიცხა შპს ,,გ. ო-ის” მიერ 2004 წლის მარტიდან 2004 წლის დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ სარკინიგზო გადაზიდვებს.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა, რომ კრედიტორული ნაშთის - 465,57 ლარის სადავო თანხის ანგარიშში ჩამოჭრის შესახებ მოსარჩელეს შეეძლო შეეტყო 2007 წლის თებერვალში.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ 465,57 ლარი მოსარჩელეს ჩამოეჭრა 2007 წლის თებერვალში და შესაბამისად, ამ დროისთვის მას შეეძლო შეეტყო აღნიშნულის შესახებ.

მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე დროის გარკვეულ პერიოდში იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. კერძოდ, მოპასუხე, შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ (რომელსაც მოსარჩელე იხდიდა წინასწარ) ახდენდა მოსარჩელის ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვას. გადაზიდვის საზღაური მოსარჩელეს შეჰქონდა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. 2006 წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელეს მოპასუხის ანგარიშზე ზედმეტად გადახდილი, კრედიტორული ნაშთის სახით გააჩნდა 465,57 ლარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ს. რ-მ” წინა პერიოდში განხორციელებული გადაზიდვებისათვის დავალიანების შესახებ მოსარჩელეს აცნობა 2009 წლის 10 ივნისის წერილით. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელითაც დადგინდებოდა, რომ სადავო თანხის მოთხოვნის ან მის ანგარიშში 465,57 ლარის ჩამოწერის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2009 წლის 10 ივნისამდე. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებების თანახმად, ჩამოწერილი თანხა - 465,57 ლარი განთავსებული იყო თავად მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მოსარჩელეს სადავო თანხის ანგარიშში 465,57 ლარის ჩამოწერის შესახებ უნდა შეეტყო 2007 წლის თებერვალში არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრული იქნა 2011 წლის 06 სექეტემბერს. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელისათვის 2007 წლის თებერვალში ცნობილი უნდა ყოფილიყო სადავო თანხის ანგარიშში თანხის ჩამოწერის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრული იქნა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, შპს ,,ს. რ-ა” ახორციელებდა შპს ,,გ. ო-ის” ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვას. აღნიშნულ მომსახურებას იგი ახორციელებდა ტვირთის გადაზიდვის ღირებულების წინასწარი გადახდის შემდეგ. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მოთხოვნილი იქნა 2004 წლის მარტიდან 2004 წლის დეკემბრამდე განხორციელებული გადაზიდვებისათვის დამატებითი თანხის გადახდა. დადგენილი იქნა, რომ შპს ,,გ. ო-ის” მიერ სრულად იქნა გადახდილი აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული გადაზიდვისთვის მხარეთა შორის შეთანხმებული ფასი, რის შემდეგაც შპს ,,ს. რ-მ” განახორციელა გადაზიდვა. მოსარჩელის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი გადახდილი იქნა გადაზიდვამდე და მას სხვა საფუძვლით დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება შპს ,,ს. რ-ს” მიმართ არ გააჩნდა. შპს ,,ს. რ-ს” უნდა აესახა დამატებითი ღირებულების გადასახადი და აღნიშნული გაზრდილი ფასის შპს ,,გ. ო-ის” მიერ გადახდის, ანუ მომსახურების შეძენის შემდეგ გადაეზიდა მოსარჩელის ტვირთი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულეს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად და მათ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,ს. რ-ა” არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა მოსარჩელისაგან ვალდებულების შესრულება, კერძოდ, სადავო თანხის გადახდა ვინაიდან შპს ,,გ. ო-ს” არ გააჩნდა სადავო თანხის შპს ,,ს. რ-სათვის” გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო დაებრუნებინა სადავო თანხა მოსარჩელისათვის.

სააპელაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დასაბუთება მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძველზე მითითებით და განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთს კანონმდებელი აკისრებდა ხანდაზმულობაზე მიმთითებელ მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, რომლის ფარგლებში შპს ,,ს. რ-ა“ შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ ახდენდა შპს ,,გ. ო-ის“ ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვას. მომსახურების გადახდა ხდებოდა შეთანხმებული თანხის წინასწარ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე შეტანით. 2006 წლის 01 დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელეს მოპასუხის ანგარიშზე ზედმეტად გადახდილი კრედიტორული ნაშთის სახით გააჩნდა 465,57 ლარი.

2009 წლის 10 ივნისის წერილით დგინდებოდა, რომ შპს ,,ს. რ-მ” წინა პერიოდში განხორციელებული გადაზიდვებისათვის დავალიანების შესახებ აცნობა მოსარჩელეს. ამდენად, ამ დრომდე მოსარჩელე არ ყოფილა ინფორმირებული სადავო თანხის მოთხოვნის ან მის ანგარიშში 465,57 ლარის ჩამოწერის შესახებ. ამასთან, პალატამ მიუთითა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ ჩამოწერილი თანხა - 465,57 ლარი განთავსებული იყო თავად მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. აქედან გამომდინარე, პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო თანხის ანგარიშში 465,57 ლარის ჩამოწერის შესახებ ვერ შეიტყობდა 2007 წლის თებერვალში.

იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი აღძრული იქნა 2011 წლის 06 სექტემბერს, ხოლო მოსარჩელისათვის 2007 წლის თებერვალში ცნობილი არ ყოფილა სადავო თანხის ანგარიშში თანხის ჩამოწერის თაობაზე პალატამ ჩათვლა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ შპს ,,ს. რ-ის” მიერ შპს ,,გ. ო-სთვის” დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშში დამატებით მოთხოვნილი თანხა დაერიცხა შპს ,,გ. ო-ის“ მიერ 2004 წლის მარტიდან 2004 წლის დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ სარკინიგზო გადაზიდვებს (ტ.1, ს.ფ. 29-39).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, შპს „გ. ო-ის“ მოთხოვნა არის ხანდაზმული. მოსარჩელისათვის სადავო თანხა კორექტირებულ იქნა 2007 წლის 26 და 27 ტებერვალს, რაც დასტურდება კლიენტის ტრანზაქციული ბარათით, აგრეთვე 2006 წლის 31 დეკემბრის შესწორების ვაუჩერებით. მოპასუხეს შეეძლო ნებისმიერ დროს მიემართა შპს „ს. რ-სათვის“ და მიეღო მისი დავალიანების შესახებ ინფორმაცია. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, „სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს“, ზოლო სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „გ. ო-ს“ მისი დავალიანების შესახებ ინფორმაციის გაგება შეეძლო 2007 წლის თებერვლის თვეში. გარდა ამისა, შპს „გ. ო-მა“ მოთხოვნილი თანხა გადაიხადა და ამით აღიარა ვალდებულების არსებობა (ტ.2, ს.ფ. 41-50).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა სს „ს. რ-ა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ს. რ-ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (509.49 ლარი) 70% – 356,643 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს შპს „ს. რ-ის“ მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (509,49 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 30 აპრილი, სალაროს შემოსავლის ორდერი № 292, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 356,643 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.