Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

საქმე №ას-766-719-2012 26 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: 1. გ. კ-ი (მოსარჩელე)

2. მ. ზ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, წილთა რეალურად გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ზ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ნ.დ-ისა და მ-ის ქ.№43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება და წილთა რეალურად გაყოფა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება ქ. ქუთაისში, ნ. დ-ისა და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორ თანამესაკუთრეს – გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის; მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამყოფი ზოლი მოეწყო შემდეგი წესით: მიწის ნაკვეთის დასავლეთით, ნ. დ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 6,9 მ. სიგრძის კედლის ჩრდილო-დასავლეთის კუთხიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომზ 3,45 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა ნ. დ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილად; მიწის ნაკვეთის სამხრეთით, მ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 14.4 მეტრ სიგრძის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 3,3 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა მ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილად; ნ. დ-ის ქუჩის მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომა 13,5 მეტრი, რომლის პერპენდიკულარულად, საზიარო მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის საზღვრის ხაზიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მხარეს გადმოიზომა 3,45 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 13,5 მეტრის სიგრძეზე მისი გადაკვეთა დადგინდა №2 გამმიჯნავ წერტილად (საექსპერტო დასკვნის №2 დანართით გათვალისწინებული №2 და №3 გამიჯვნის წერტილები თანხვდება ერთმანეთს და №3 გამიჯვნის წერტილი უქმდება); მ-ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №5 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარის კედლის გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს, გადაიზომა 7,8 მეტრი და დადგინდა იგი №4 გამმიჯნავ წერტილად; №1, №2, №4 და №5 გამიჯვნის წერტილებზე გატარდა გამმიჯნავი ხაზი, რაც ჩაითვალა გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის საზიარო უფლების მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საზღვრად; ამ წესით ქ. ქუთაისში ნ. დ-ის და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ის და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე 438.8 კვ.მ მიწის შემოსაზღვრულ ფართობზე მოსარჩელე გ. კ-სა და მოპასუხე მ. ზ-ის საზიარო უფლება გაუქმდა და თავიანთი წილი გამიჯნული მიწის ფართი აღირიცხა მოსარჩელე გ. კ-ისა და მოპასუხე მ. ზ-ის პირად საკუთრებაში; გამიჯვნის ზემოაღნიშნული წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და წილობრივი მონაწილეობით, მოეწყო გამმიჯნავი ღობე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ზ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება ქ. ქუთაისში, ნ. დ-ისა და მ-ის ქუჩა №43/1-ში (ყოფილი ნ-ისა და მ-ის ქუჩა №117/1) მდებარე საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ორ თანამესაკუთრეს – გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის; მხარეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გაიყოს სპეციალისტის მიერ წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად შემდეგი სახით:

მიწის ნაკვეთის დასავლეთით ნ. დ-ის (ნ-ის) ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 6,9 მ სიგრძის კედლის ჩრდილო- დასავლეთის კუთხიდან სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 1,87 მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდა ნ. დ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილად; მიწის ნაკვეთის სამხრეთით მ-ის ქუჩის მხარეზე, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის 14,4 მეტრ სიგრძის კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს, გადაიზომოს 1,5, მეტრი და მისი ბოლო წერტილი დადგინდეს მ-ის ქუჩის მხრიდან მხარეთა გამიჯვნის №3 წერტილად; ნ. დ-ის ქუჩიდან, მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 15,4 მეტრი; გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხიდან სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 1,23 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 15,4 მეტრ სიგრძეზე მისი გადაკვეთა დადგინდა №2 გამმიჯნავ წერტილად;

გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადაიზომა 1,27 მეტრი; მ.ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №3 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთის მხარეს კედლის გასწვრივ მთელ სიგრძეზე სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 7,8 მეტრი და მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან გადმოზომილ 15,4 მეტრის სიგრძეზე გადაკვეთასთან დადგენილ №2 წერტილს შეუერთდა ნ. დ-ის ქუჩის, მხარეთა გამიჯვნის №1 წერტილიდან, გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ჩრდილოეთის მხარის კედლის გასწვრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მხარეს გადმოიზომა 6,3 მეტრი და დადგინდა იგი №4 გამმიჯნავ წერტილად; აღნიშნულ წერტილამდე გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მხარეს გადაიზომა 1,84 მეტრი; №1, №2, №3 და №4 გამიჯვნის წერტილებზე გატარდა გამმიჯნავი ხაზი, რაც ჩაითვალა გ. კ-სა და მ. ზ-ს შორის საზიარო უფლების მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საზღვრად; ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მ. ზ-ის მიერ აღდგენილ იქნეს გამმიჯნავი ღობე; სპეციალისტის მიერ 2012 წლის 12 მარტის წარმოდგენილი ნახაზი წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელბა ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:

გ. კ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქ.ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე 71.25 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

მ. ზ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ნ.დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე 221.35 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი.

ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი – 436.00 კვ.მ წარმოადგენს მ. ზ-ისა და გ. კ-ის თანასაკუთრებას.

მხარეთა შორის წილები საზიარო საგანზე განსაზღვრული არ არის.

გ. კ-მა ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლი შეიძინა 2007 წლის 9 მარტს მ. გ-ისაგან.

მ. ზ-მ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლი შეიძინა 1987 წლის 20 იანვარს ზ. ჭ-ისაგან.

სადაო საცხოვრებელი სახლი აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს. 2007 წელს იგი შეიძინა მოსარჩელემ, რა დროსაც იქ უკვე არსებობდა 1987 წლის მდგომარეობით განსაზღვრული სარგებლობის წესი, გავლებული იყო ღობე, ხოლო დავის განხილვის დროს ღობე აღებულ იქნა (ე.ი. 1997 წლის 25 ნოემბრისათვის, სადაო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გაყოფილი იყო ორ ნაწილად).

ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლის შეძენის შემდეგ მ. ზ-მ საერთო სარგებლობის ეზო გადაღობა და გაავლო მყარი მიჯნა.

გ. კ-ის მხარეს არსებობდა საერთო სარგებლობის სველი წერტილი, რომლითაც სარგებლობდნენ მ. ზ-ის მდგმურები.

2007 წელს გ. კ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლის შეძენის დროს საერთო სარგებლობის ეზოში გავლებული იყო მყარი მიჯნა. აღნიშნული ღობე საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს მ. ზ-მ მოშალა.

სასამართლომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა ადგილზე დათვალიერება სპეციალისტის მონაწილეობით.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეულმა ექსპერტმა პ. გ-მ წარმოადგინა ნახაზი და განმარტა მისი შედგენის წესი: „დათვალიერების დროს გაზომილ იქნა ადრე არსებული ლითონის კონსტრუქციის ღობის მდებარეობა კ-ის სახლის მიმართ. დათვალიერების დროს ლითონის ღობეს გაკეთებული ჰქონდა დემონტაჟი, მაგრამ ადგილზე შეიმჩნეოდა მისი საყრდენი ბოძების ნარჩენები, და ნარჩენებით იქნა დადგენილი დაშორება კ-ის სახლის კედლებიდან. ნ-ის ქუჩის მხარეს ღობე დაშორებული იყო 1,87 მეტრით, შემდეგ ღობის გადახეტის წერტილში დაშორებამ შეადგინა 1,84 მეტრი, კ-ის სახლის კუთხეში ნ-ის ქუჩის მართობული მიმართულებით დაშორება იყო 1,23 მეტრი, ხოლო მ-ის ქუჩის მხარეს იგივე კუთხეში დაშორებამ შეადგინა 1,27 მეტრი. თვითონ მ-ის ქუჩის მოსაზღვრე კუთხესთან ღობის დაშორებამ 1,5 მეტრი შეადგინა. აღნიშნული დატანილია მოცემულ ნახაზზე, ნახაზს თან ერთვის რეალურად არსებული სიტუაცია, სადაც მოცემულია როგორც ღობე, ასევე განაშენიანება თავისი განზომილებებით მეტრებში”.

სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირთა საკუთრებად ჩაითვალა ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ისინი ინდივიდუალურად ფლობდნენ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის, 1997 წლის 25 ნოემბრისათვის.

სასამართლომ უდაოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ 1997 წლის 25 ნოემბრისათვის სადაო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ამათგან ერთ ნაწილს ფლობდა აპელანტი, ხოლო მეორეს – მოწინააღმდეგე მხარე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მხარეთა შორის უძრავი ქონებით (მიწის ნაკვეთით) სარგებლობის წესი დაახლოებით 40 წლის წინ ჯერ კიდევ ამ საცხოვრელი სახლის ადრინდელ მესაკუთრეთა შორის განისაზღვრა, რაც მომდინარეობს დღემდე, ვიდრე 2007 წელს ამ სახლს იყიდიდა გ. კ-ი.

დადგენილია, რომ მ. ზ-მ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლის შეძენის შემდეგ საერთო სარგებლობის ეზო გადაღობა და გაავლო მყარი მიჯნა. თუმცა გ. კ-ის მხარეს არსებობდა საერთო სარგებლობის სველი წერტილი, რომლითაც სარგებლობდნენ მ. ზ-ის მდგმურები. 2007 წელს გ. კ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლის შეძენის დროს საერთო სარგებლობის ეზოში გავლებული იყო მყარი მიჯნა. აღნიშნული ღობე საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს მ. ზ-ის მიერ აღებული იქნა.

მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არ ხდის არც მოსარჩელე მხარე და დაადასტურეს მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა მოწმეებმა. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ არც სარჩელით, არც სააპელაციო საჩივარზე წარდგენილი შესაგებლით, არც სასამართლო სხდომებზე ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე საქმეში არსებული მტკიცებულებების, უპირველესად კი, თავად მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ადგილზე დათვალიერებით პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 1997 წლის 25 ნოემბრამდე იყო დადგენილი მიწით სარგებლობის წესი და თითოეული მხარე სრულიად დამოუკიდებლად სარგებლობდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთით. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო საგნისა და ქონების ნატურით გამოყოფის თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს იმგვარად, როგორც ეს სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ ნახაზზეა მოცემული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. კ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის და ვის მიერ დამკივდრდა საზიარო საკუთრებით სარგებლობის წესი – მ. ზ-ის მიერ, მოსარჩელე გ. კ-ის მიერ სახლის შეძენამდე თუ მის შემდეგ, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივად სწორი დასკვნების გასაკეთებლად და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მიწათსარგებლობის წესი დაახლოებით 40 წლის წინ, ე.ი. 1970 წლის დასაწყისში, როგორც მოპასუხე მ. ზ-ის, ისე მოსარჩელე გ.კ-ის მიერ სახლის შეძენამდე დამკვიდრდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებებით კი, უტყუარად დგინდება, რომ მ. ზ-ის მიერ სახლის შეძენის დროისთვის მიწა იყო გაუყოფელი, საერთო სარგებლობის ეზოში ერთად ფენდნენ სარეცხს და მიწის ნაკვეთი არა თუ მხარეებს შორის, არამედ ნ. დ-ის ქუჩის მხარის ქალაქის ღია ფართიდანაც კი არ გამიჯნულა. აღნიშნული ფაქტი არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ.

მოსარჩელე მხარის მიმართ უხეშად დაირღვა „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ (1948 წ.) პირველი მუხლი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13, მე-17 მუხლები, ამ კონვენციის I კარში განსაზღვრული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ზ-მაც და მოითხოვა მისი გაუქმება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მ-ის ქუჩის მხრიდან ეზოს გაყოფის ნაწილში. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 აბზაცის მიხედვით, რომელიც მოხსენიებულია „ბ“ პუნქტით, მ-ის ქუჩის მხრიდან გაყოფა მოხდა არასწორად, რადგან ამ გაყოფით კასატორს ერთმევა სველი წერტილით სარგებლობის უფლება. ამიტომ მ-ის ქუჩიდან უნდა დატოვებულიყო ადგილი სველ წერტილთან მისასვლელად. ასევე მ-ის ქუჩიდან მდებარე მყარი ღობე ე.წ. ყორე საჯარო რეესტრის მონაცემებით არის კასატორის საკუთრება, რომელიც ამ გაყოფით კ-ის მხარეს დარჩა. სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში ადვოკატების მომსახურების თანხა. პალატას დავა უნდა გადაეწყვიტა საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 12 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწვალა საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. ზ-ისა და გ. კ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი, არასწორად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი და შემდეგ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი:

გ. კ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქ.ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე 71.25 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

მ. ზ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქ. ქუთაისში, ნ.დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე 221.35 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი.

ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი – 436.00 კვ.მ წარმოადგენს მ. ზ-ისა და გ. კ-ის თანასაკუთრებას.

მხარეთა შორის წილები საზიარო საგანზე განსაზღვრული არ არის.

გ. კ-მა ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლი შეიძინა 2007 წლის 9 მარტს მ. გ-ისაგან.

მ. ზ-მ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლი შეიძინა 1987 წლის 20 იანვარს ზ. ჭ-ისაგან.

სადავო საცხოვრებელი სახლი აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს. 2007 წელს იგი შეიძინა მოსარჩელემ, რა დროსაც იქ უკვე არსებობდა 1987 წლის მდგომარეობით განსაზღვრული სარგებლობის წესი, გავლებული იყო ღობე, ხოლო დავის განხილვის დროს ღობე აღებულ იქნა (ე.ი. 1997 წლის 25 ნოემბრისათვის, სადაო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გაყოფილი იყო ორ ნაწილად).

მხარეთა შორის უძრავი ქონებით (მიწის ნაკვეთით) სარგებლობის წესი დაახლოებით 40 წლის წინ ჯერ კიდევ ამ საცხოვრელი სახლის ადრინდელ მესაკუთრეთა შორის განისაზღვრა, რაც მომდინარეობს დღემდე, ვიდრე 2007 წელს ამ სახლს იყიდიდა გ. კ-ი.

მ. ზ-მ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლის შეძენის შემდეგ საერთო სარგებლობის ეზო გადაღობა და გაავლო მყარი მიჯნა, თუმცა გ. კ-ის მხარეს არსებობდა საერთო სარგებლობის სველი წერტილი, რომლითაც სარგებლობდნენ მ. ზ-ის მდგმურები. 2007 წელს გ. კ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ნ. დ-ის ქუჩისა და მ-ის ქუჩის №43/1-ში მდებარე სახლის შეძენის დროს საერთო სარგებლობის ეზოში გავლებული იყო მყარი მიჯნა. აღნიშნული ღობე საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს მ. ზ-მ აიღო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებანი წინააღმდეგობრივია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სრულად, ყოველმხრივ და ობიეტურად შეფასების შედეგად არ დადგენილა.

ცალსახაა და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სადავო ეზოში გავლებული ღობე 2007 წელს, გ. კ-ის მიერ უძრავი ქონების შეძენისას, უკვე არსებობდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ერთმნიშვნელოვნად არ ირკვევა, თუ ვინ და როდის ააგო აღნიშნული ღობე.

ერთი მხრივ, სასამართლო ადგენს, რომ ღობე არსებობდა ჯერ კიდევ 1987 წელს, როცა სადავო ადგილზე დასახლდა მ. ზ-ე (გადაწყვეტილების 4.10 პუნქტი), მეორე მხრივ კი, ამავე გადაწყვეტილების 4.11 პუნქტში მითითებულია, რომ ეზო გაღობა მ. ზ-მ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას სათანდოდ არ შეუფასებია მხარეთა და მოწმეთა მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული განმარტებები. მოპასუხე მ. ზ-ის განმარტებით, სადავო ღობე მან აღმართა 1994 წელს სხვა მეზობლებთან შეთანხმებისა და წილთა გაყოფის გარეშე, რათა აღკვეთილიყო სამეზობლო კონფლიქტი. აღნიშნული კონფლიქტის არსებობას ადასტურებს მოწმე ი. ტ-ც. მოწმის სახით დაკითხული ს. წ-მ კი განმარტა, რომ დიდი ხანია ცხოვრობს სადავო სახლთმფლობელობაში, სადაც თავდაპირველად სადავო ღობე არ არსებობდა და იგი მოეწყო დაახლოებით 20 წლის წინ.

ამდენად, ცხადია, რომ ხსენებული მტკიცებულებანი საჭიროებს ხელახლა შესწავლასა და შეფასებას.

მნიშვნელოვანია და უთუოდ გამოკვლეულ უნდა იქნეს ამავე მოწმეთა განმარტებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებასთან დაკავშირებითაც, რომ სადავო ეზოს გადაღობვის შემდეგ გ. კ-ის მხარეს დარჩა საერთო სარგებლობის სველი წერტილი, რომლითაც სარგებლობდნენ მ. ზ-ის მდგმურები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასახელებულ ფაქტს მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ:

მართალია, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით მიწის ნაკვეთების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც მხარეთა ინდივიდუალურ სარგებლობაში იმყოფებოდა, თუმცა, მხარეები განმარტავენ და თავად სასამართლოც უთითებს, რომ გ. კ-ის სარგებლობაში არსებული ნაკვეთის ნაწილში მდებარეობდა საერთო სარგებლობის ფართიც.

დასახელებული ნორმის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

როგორც კანონის მითითებული დანაწესიდან ირკვევა, ხსენებული ნორმა ეხება ფიზიკურ პირთა ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რის შესაბამისადაც სააპელაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ 1997 წლის 25 ნოემბრისათვის სადავო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გაყოფილი იყო ორ ინდივიდუალურ ნაწილად, ერთ ნაწილს ფლობდა გ. კ-ი, ხოლო მეორეს – მ. ზ-ე.

ამდენად, გაურკვეველია, რა საფუძვლით ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ, რომ სადავო მიწის ნაკვეთები მთლიანად იმყოფებოდა მხარეთა ინდივიდუალურ სარგებლობაში მაშინ, როცა მ. ზ-ის სახლში მცხოვრები პირები (მოცემულ შემთხვევაში – მდგმურები) მუდმივად სარგებლობდნენ გ. კ-ის სარგებლობაში არსებული სველი წერტილით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად უტყუარად უნდა დაადგინოს, როდის აღიმართა სადავო საერთო სარგებლობის ფართში ღობე და 1997 წლის 25 ნოემბრისათვის იმყოფებოდა თუ არა სადავო ნაკვეთები მხარეთა ინდივიდუალურ სარგებლობაში. მხოლოდ აღნიშნული ფაქტების გამორკვევის შემდეგაა შესაძლებელი საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ზ-ისა და გ. კ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.