Facebook Twitter

საქმე №ას-778-731-2012 1 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-გ. კ-ი, ნ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ-გ. და ნ. კ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. კ-ის მიმართ სამკვიდრო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილის მიკუთვნების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ-გ. და ნ. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც კანონის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო. გოჩა კვირჭიშვილი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, კასატორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა 2012 წლის 19 აპრილს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გ. კ-მა გასაჩივრებეული განჩინება პირადად ჩაიბარა 2012 წლის 20 აპრილს (იხ.ტ.II, ს.ფ76).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 21 აპრილიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 21 აპრილს და დამთავრდა 2012 წლის 11 მაისს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2012 წლის 17 მაისს. საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 17 მაისი (იხ.ტ.II, ს.ფ84), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.