Facebook Twitter

№ას-786-739-2012 25 ივნისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – რ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდროს მიღება, უღირს მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი მოპასუხე რ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ, კერძოდ, ½ ნაწილზე გაუქმდა 2010 წლის 29 ოქტომბერს ყირგიზეთის რესპუბლიკის ჩუისკის ოლქის სახელმწიფო ნოტარიუს ა. ნ-ის მიერ დამოწმებული №101090941 სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუს ი. ს-ის სამკვიდრო უძრავ ქონებაზე – ქ.წყალტუბოში, გ-ის ქ.№1/8-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით რ. ს-ის სრული საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ; ნ. ს-ს მიეკუთვნა მამის, ი. ს-ის სამკვიდრო ქონების – წყალტუბოში, გ-ის ქ.№1/8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ს-ის შეგებებული სარჩელი ნ. ს-ის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის, აგრეთვე, წყალტუბოში, გ-ის ქ.№1/8-ში ნ. ს-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 67-73).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 86-95).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით რ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე, რ. ს-ის სარჩელის გამო ნ. ს-ისა და სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წყალტუბოს სამსახურის მიმართ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

წყალტუბოში, გ-ის ქ.№1/8 მდებარე საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა ი. ს-ეს.

ი. ს-ე იყო ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე და იგი გარდაიცვალა 2009 წლის 27 დეკემბერს, ყირგიზეთში.

ი. ს-ის მემკვიდრეები იყვნენ: შვილი, ნ. ს-ე და დედა – რ. ს-ე.

ი. ს-ს ანდერძი არ შეუდგენია. მის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც წყალტუბოში, გ-ის ქ.№1/8-ში მდებარე ბინას ფლობდა და ბინით სარგებლობდა ნ. ს-ე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე, რ. ს-ის სარჩელის გამო ნ. ს-ისა და სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წყალტუბოს სამსახურის მიმართ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ამის გამო, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი და არ დაკმაყოფილდა რ. ს-ის შეგებებული სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ნ. ს-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ, ზემოხსენებულ ნაწილში, სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნ. ს-მ მიიღო ი. ს-ის სამკვიდრო და ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, ჩაითვალა სამკვიდრო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ნ. ს-ის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლების ფაქტი. უდავო იყო, რომ გ-ის ქ.№1/8-ში მდებარე ბინაზე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებდა და ახორციელებს ნ. ს-ე. თავად აპელანტის განმარტებითვე, ნ. ს-ე 1998 წლიდან დაეუფლა ამ ბინას, გამოცვალა საკეტი და არ აძლევდა საშუალებას აპელანტს ესარგებლა ბინით (ტომი 1, ს.ფ. 222). აპელანტისავე თქმით, ნ. ს-ს ამოძრავებდა მხოლოდ ქონების დაუფლების მიზანი და დაეუფლა კიდეც მას (ტომი 1, ს.ფ. 222). ეს კი უდავოდ მოწმობდა, რომ ნ. ს-ე ქონებას ფლობდა და ფლობს, როგორც საკუთარს. შესაბამისად, ცხადი იყო, რომ მან ი. ს-ის სამკვიდრო მიიღო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. რამდენადაც ნ. ს-მ მიიღო ი. ს-ის სამკვიდრო, 2010 წლის 6 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა კანონიერი იყო და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ, ასევე, კანონიერად არ დააკმაყოფილა სარჩელი ნ. ს-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის თანახმად, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ ი. ს-ს ანდერძი არ შეუდგენია. ამიტომ, ნ. ს-ე ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგო მოქმედებას ვერ ჩაიდენდა. აპელანტს არ მიუთითებია, რომ ნ. ს-ე, რაიმენაირად, უშლიდა ხელს ი. ს-ს უკანასკნელი ნების განხორციელებაში. მეტიც, აპელანტის თქმით, ნ. ს-ს, ბოლო პერიოდში, ურთიერთობაც კი არ ჰქონდა ი. ს-სთან. ამ შემთხვევაში კი ნ. ს-ე ვერანაირ გავლენას ი. ს-ის უკანასკნელი ნების გამოვლენაზე ვერ მოახდენდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო მოთხოვნა, რომლითაც აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ნ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ნ. ს-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე რ. ს-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, უსაფუძვლო იყო (ტომი 2, ს.ფ. 154-161).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. ს-მ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მომხდარა მხარეთა განმარტებების ჩაწერა კომპაქტ-დისკზე, რადგან იგი დაზიანდა. ოქმში სრულყოფილად არ არის ასახული ტ. ა-ს (რ. ს-ის წარმომადგენელი) განმარტება. ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიმართა შენიშვნებით, რაზეც უპასუხეს, რომ თითქოს საქმე გაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში 19 მარტს. ეს არასწორი იყო, რადგან სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 23 მარტს. ტ. ა-მ მოცემულ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა სასამართლომ მითითებულ დარღვევებს შეფასება არ მისცა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ შეაფასა საქმეში არსებული მუნიციპალიტეტის ცნობა, რომლის მიხედვითაც ნ. ს-ე ცხოვრობს ქუთაისში, კ.გ-ს ქ.№3/32-ში. ეს მოწმობს იმას, რომ ნ. ს-ე არ დაუფლებია წყალტუბოში მდებარე ბინას.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიქცია საქმეში არსებულ საბინაო წიგნს, რომელშიც მხოლოდ ი. ს-ეა მითითებული. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ნ. ს-ე არ ცხოვრობდა სადავო ბინაში.

სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში წარდგენილ შპს „...-ის“ 2011 წლის 29 დეკემბრის ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, ნ. ს-ე არ ირიცხება აბონენტად გ-ის ქ.№18-ში.

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს იმას, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ქონებაში, რომლის ფაქტობრივ ფლობაზეცაა საუბარი, იგულისხმება სახლი, რომელშიც მემკვიდრე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა. მოცემულ შემთხვევაში, ი. ს-ე ცხოვრობდა ქ.ბიშკეკში, ხოლო ნ. ს-ს მასთან არ უცხოვრია. ნ. ს-ე მამის სიცოცხლეში გათხოვდა და 1997 წლის მაისიდან ცხოვრობს მეუღლის სახლში. სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში. ი. ს-ე გარდაიცვალა 2009 წლის 27 დეკემბერს ქ.ბიშკეკში. აქედან 6 თვის განმავლობაში ნ. ს-ს არ უცხოვრია სადავო ბინაში, ე.ი. არ დაუფლებია სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით. ნ. ს-ე ცხოვრობდა და ცხოვრობს მეუღლის ბინაში. მართალია, ნ. ს-ე რეგისტრირებულია სადავო ბინაში, მაგრამ რეგისტრაცია არ წარმოშობს საცხოვრებელ ადგილს. ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად მოიაზრება პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი.

სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას. ნ. ს-მ დაუმალა ი. ს-ს ბინაში რეგისტრაციის ფაქტი. იგი ი. ს-ის წერილობითი თანხმობის გარეშე ჩაეწერა სადავო ბინაში, რითაც ხელი შეუწყო მის მოწვევას მემკვიდრედ, ასევე ი. ს-ის წერილობითი თანხმობის გარეშე მოხდა მ.ნ-ის რეგისტრაცია ბინაში. ნ. ს-მ თვითნებურად გამოცვალა ბინის გასაღები და 1998 წლიდან იგი დაკეტა. 1998 წლიდან ამ ბინაში არავინ ცხოვრობს, რაც ასევე მოწმობს, რომ ნ. ს-ე არ დაუფლებია ქონებას (ტომი 2, ს.ფ. 178-185).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ს-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ტ. ა-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ. ს-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ტ. ა-ს მიერ რ. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 18 მაისი, სალაროს შემოსავლის ორდერი № 5155480, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.