№ას-795-748-2012 4 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე – ნ. ძ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების – მ. ს-ისა და ნ. ძ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ს-სა და ნ. ძ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 5500 აშშ დოლარის ოდენობით. უარი ეთქვა ლ. კ-ს მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურებაზე 29500 აშშ დოლარის ოდენობით. მ. ს-სა და ნ. ძ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღურება ლ. კ-ის მიერ 2007 წლის მაისიდან 2010 წლის ივნისამდე ბინის ქირის სახით გადახდილი 9125 ლარის ოდენობით. უარი ეთქვა ლ. კ-ს მ. ს-ისა და ნ. ძ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე ლ. კ-ის მიერ ბინის ქირის სახით გადახდილი თანხის ანაზღურებაზე 2010 წლის ივნისიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით ლ. კ-ის, მ. ს-ისა და ნ. ძ-ისა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც კასატორი, ასევე მისი წარმომადგენელი ა. ხ-ი (ტ.2, ს.ფ.226-227). ასეთ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 27 აპრილისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. მ. ს-ის წარმომადგენელმა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2012 წლის 1 ივნისს (ტ.2, ს.ფ.244). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 27 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 17 მაისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2012 წლის 17 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი მ. ს-მა შეიტანა 2012 წლის 21 მაისს (ტ.2, ს.ფ. 246-255), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ს-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. ს-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №5160861 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 447 ლარის ოდენობით და №5160868 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 457 ლარის ოდენობით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.