Facebook Twitter

საქმე №ას-802-755-2012 6 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.ქუთაისის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და 2012 წლის 14 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს დაზღვევის კომპანია „...-ის“ მიმართ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „მსმ გ-ს“ შორის 2011 წლის 17 მაისს, გაფორმდა №395 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ქ.ქუთაისში, ლ.მ-ის სახელობის დრამატული თეატრის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო შესრულების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 17 ოქტომბერი. დაზღვევის კომპანია „...-მა“ გასცა წინასწარი საავანსო გადახდის №BG-OMA/01084-11 საბანკო გარანტია თანხით 308 850 ლარი, გარანტიის მოქმედების ვადა კი, განისაზღვრა 2011 წლის 17 ნოემბრამდე. შპს „მსმ გ-ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაზღვევის კომპანია „...-ს“ გაეგზავნა მიმართვა საბანკო გარანტიის საავანსო თანხის - 308 850 ლარის გადარიცხვის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №395 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს, ქ.ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა 2011 წლის 17 ოქტომბრამდე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 617700 ლარს. სარჩელის შეტანის დროისათვის სამუშაოები არ იყო შესრულებული, რაც მხარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „მსმ გ-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების 16.1 და 16.2 პუნქტების შესაბამისად, შპს „მსმ გ-მა“ მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის გამო, უნდა გადაიხადოს 205000 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით შესრულებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამუშაოების ღირებულების - 617700 ლარის 0,1%, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის (28 დღე) 17295.6 ლარს შეადგენს. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დაზღვევის კომპანია „...-ს“, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №395 ხელშეკრულების 15.2 პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს 30 885 ლარის გადახდა.

შპს დაზღვევის კომპანია „...-მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის, 271-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, 333-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის 126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე, შპს დაზღვევის კომპანია „...-ს“ გაუუქმდა დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია, დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი. 2011 წლის 22 ივლისს, შპს დაზღვევის კომპანია „...“ გამოცხადდა გაკოტრებულად და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის 126/01 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ შესაბამისად, დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას დაზღვევის ხელშეკრულებების მოქმედება წყდება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის 1 ივლისიდან შეწყდა „...-ის“ მიერ ქ.ქუთაისის მერიის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება. ამასთან, ვინაიდან მოთხოვნა წარდგენილ იქნა საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, 2011 წლის 14 ნოემბერს, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს უნდა წარედგინოს მხოლოდ საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში, მოცემულ შემთხვევაში კი, შპს დაზღვევის კომპანია „...“ მოკლებულია შესაძლებლობას, მოთხოვნილი თანხა აღრიცხოს ორგანიზაციის ვალდებულებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს დაზღვევის კომპანია „...-ს“ქუთაისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 308 850 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს სადაზღვეო კომპანია „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი შპს სადაზღვეო კომპანია „...-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 17 მაისს ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „მსმ გ-პს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №395 ხელშეკრულება ქ.ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 617 700 ლარი. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) თვით. საბანკო გარანტიით სადაზღვევო კომპანია „...-მა“ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს ბენეფიციარს (ქ.ქუთაისის მერიას) თანხა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე 308850 ლარის ფარგლებში, პრინციპალის (შპს „მსმ გ-ის“) მიერ საავანსო თანხის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში. ამავე გარანტიით სადაზღვევო კომპანია „...-მა“ დაადასტურა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები ქ.ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 18 მაისიდან 2011 წლის 17 ნოემბრამდე. 2011 წლის 24 მაისის №2826 საგადასახადო დავალებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, ქ.ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ შპს „მსმ გ-ის“ ანგარიშზე ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის შეკეთებითი სამუშაოებისთვის ავანსის სახით 309,850 ლარის გადარიცხვა. 2011 წლის 17 მაისს ქ.ქუთაისის მერიასა და შპს „მსმ გ-ს“ შორის გაფორმებული №395 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) ხორციელდებოდა ქ.ქუთაისის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ. ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებდა შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხს. ინსპექტირების ჯგუფის 2011 წლის 12 დეკემბრის დასკვნით, №395 ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ სამუშაოები მიმდინარეობდა დიდი შეფერხებით, მიუხედავად 2011 წლის 16 სექტემბრის შეთანხმებისა, სამუშაოთა წარმოების ტემპები კიდევ უფრო გაუარესდა და უკანასკნელ პერიოდში მთლიანად შეჩერდა, რიგი პრობლემური სამუშაოების გადავადების მიუხედავად, გამოიკვეთა მიმწოდებლის შესაბამისი ძალის არქონა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდისათვის სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ 2012 წლის 12 დეკემბერს დადასტურდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა, პირობა, რასაც მოიცავდა გარანტიის ფარგლები. მანამდე კი, შემსყიდველი მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა ასევე მოხდა ხარჯთაღრიცხვაში კორექტირება, რისი უფლებამოსილებაც მხარეებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდათ. მიმწოდებელთან აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდა 2011 წლის 19 დეკემბრის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის №1391 ბრძანებით. ქუთაისის მერის 2011 წლის 30 სექტემბრის №01-01-24/1998 წერილით შემსყიდველმა გააფრთხილა მიმწოდებელი მუშა პროცესების გაუმჯობესების თაობაზე. 2011 წლის 9 ნოემბრის №01-01-20/2255 წერილით კი, შპს „მსმ გ-ს“ გაეგზავნა გაფრთხილება სამუშაოების შეფერხების გამო და შპს სადაზღვევო კომპანია „...-ის“ გაკოტრების მმართველს ეთხოვა თანადგომა საგარანტიო თანხის ჩარიცხვის თაობაზე მაშინ, როცა ხელშეკრულების დარღვევა დადასტურებული იყო ინსპექტირების ჯგუფის 2011 წლის 12 დეკემბერს დასკვნით. წერილში არაფერია აღნიშნული თანხის არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე და არც ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი რაიმე დოკუმენტი ახლავს კონტროლის დროს გარანტიის ვადაში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მიმწოდებლის მხრიდან. სასამართლოს მოსაზრებით, შპს სადაზღვევო კომპანია „...-ს“ ხელშეკრულებითა და გარანტიით განსაზღვრულ ვადაში არ ეცნობა ხელშეკრულების დარღვევის შესახებ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 2011 წლის 1 ივლისის №556 განკარგულებით გაუქმდა შპს სადაზღვევო კომპანია „...-ის“ დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივლისის №603 განკარგულებით, შეწყდა შპს სადაზღვევო კომპანია „...-ის“ ლიკვიდაციის პროცესი და დაიწყო შპს სადაზღვევო კომპანია „...-ის“ გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების პროცესის დაწყების თაობაზე გაკოტრების მმართველმა აცნობა ქალაქ ქუთაისის მერიას, რის შემდგომაც შპს „მსმ გ-ს“ შეატყობინა შემსყიდველმა და ქ.ქუთაისის მერიამ მოსთხოვა მიმწოდებელს არსებული გარანტორის ჩანაცვლება სხვა, ფინანსურად უფრო სტაბილური გარანტორით. აღნიშნული დადასტურებულია ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის წერილით.

პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პირობები მზღვეველის ლიკვიდაციისას, სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით და განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანია „...-ის“ მიერ გაცემული №BG-OMA/01084-11 საბანკო გარანტიით, საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 308850 ლარით, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 2011 წლის 18 მაისიდან 2011 წლის 17 ნოემბრამდე, გარანტიით უზრუნველყოფილი იყო პრინციპალის მიერ საავანსო თანხის მიზნობრივი გამოყენება. სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 885-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ შპს „მსმ გ-ის“ მიერ საავანსო თანხის არამიზნობრივად გამოყენება დადასტურებულია, რის შესახებაც გარანტიით განსაზღვრულ ვადაში - 2011 წლის 17 ნოემბრამდე არ ეცნობა გარანტს ბენეფიციარის მიერ კანონით დადგენილი წესით. შემსყიდველის წერილებში არაა მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა. დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებულია ვალდებულების დარღვევა, შედგენილია გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ - 2011 წლის დეკემბერში, რის გამოც საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება არ არსებობს. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ფორმა (წერილობითი) და წარდგენის ვადა (2011 წლის 17 ნოემბრამდე) ქ.ქუთაისის მერიას არ დაუცავს. პალატამ არ გაიზიარა შპს დაზღვევის კომპანია „...-ის“ მოსაზრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ, რადგანაც აღნიშნულ ნორმაში მითითებულია ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყებისას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლით განსაზღვრული გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი - გარანტიაში განსაზღვრული ვადის გასვლა.

2012 წლის 14 მაისს სააპელაციო პალატამ ასევე მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ყადაღა მოეხსნა დაზღვევის კომპანია „...-ის“ ანგარიშებს.

სააპელაციო პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და 2012 წლის 14 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.ქუთაისის მერიამ, მოითხოვა ამ გადაწყვეტილებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის №126/01 ბრძანების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას, სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედების ვადა წყდება ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიის ჩამორთმევის ან გაუქმების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, მზღვეველს არ აქვს უფლება, განახორციელოს აკრძალული საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული, რის შემდეგაც იგი აბარებს ლიცენზიას 7 დღეში). სადაზღვევო კომპანია „...-ის“ №BG-OMA/01084-11 საბანკო გარანტიით, საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 308 850 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა - 2011 წლის 18 მაისიდან 2011 წლის 17 ნოემბრამდე. გარანტიით უზრუნველყოფილი იყო საავანსო თანხის პრინციპალის მიერ მიზნობრივი გამოყენება. შპს „მსმ გ-ის“ მიერ საავანსო თანხის არამიზნობრივად გამოყენება დადასტურებულია, რის შესახებაც ბენეფიციარის მიერ გარანტს გარანტიით განსაზღვრულ ვადაში ეცნობა, შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება არსებობს. ქ.ქუთაისის მერიის მიერ დაცულია სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ფორმა და მისი წარდგენის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები არ არის დაცული, კერძოდ, თანხა, რომელზეც გაიცა გარანტია, ბენეფიციარისათვის არ არის გადახდილი, მოთხოვნა წარდგენილ იქნა გარანტიით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო, ვალდებულება არ შეწყვეტილა; ბენეფიციარს უარი არ განუცხადებია გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ, საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ არ შეწყვეტილა, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ქ.ქუთაისის მერია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ.ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (ამ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბერი, საქმე №ას-562-871-09 )

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.