№ას-825-774-2012 18 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ც-მ მოპასუხეების – ნ. ც-სა და შემოსავლების სამსახურის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 20 აგვისტოს №022-2038/1 აქტში მითითებული ნივთები: მისაღები ოთახის კომპლექტი (შედგება ორი დესაოს, გორკის, რბილი სამეულის, მაგიდის და 6 სკამის, ჟურნალის მაგიდის და ორი სავარძლისაგან); „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; 16 ნათურიანი ჭაღი; მაცივარი; სამზარეულოს კედელი; 4-განყოფილებიანი სადარბაზო ოთახის კედელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ც-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, ინდმეწარმე ნ. ც-ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დააყადაღა ქ.ფოთში, პ-ის ქ.№36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავსებული მოძრავი ნივთები, მათ შორის: მისაღები ოთხის კომპლექტი, (შედგება ორი დესაოს, გორკის, რბილი სამეულის, მაგიდის და 6 სკამის, ჟურნალის მაგიდის და ორი სავარძლისაგან); „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; 16 ნათურიანი ჭაღი; მაცივარი; სამზარეულოს კედელი; 4-განყოფილებიანი სადარბაზო ოთახის კედელი.
ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები, კერძოდ, მისაღები ოთხის კომპლექტი (შედგება ორი დესაოს, გორკის, რბილი სამეულის, მაგიდის და 6 სკამის, ჟურნალის მაგიდის და ორი სავარძლისაგან); „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; 16 ნათურიანი ჭაღი; მაცივარი; სამზარეულოს კედელი; 4-განყოფილებიანი სადარბაზო ოთახის კედელი, შეძენილია მოსარჩელე ნანა ცომაიას მიერ და ისინი არ წარმოადგენენ მოვალე ნ. ც-ს საკუთრებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე. მოწმეთა ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ ნ. ც-ს (მოსარჩელის მამა) ძირითად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა აბაშის რაიონი, ხოლო თავის შვილთან, მოსარჩელე ნ. ც-სთან იგი ჩადიოდა დროდადრო.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დაყადაღებულ ნივთებს ფლობდა და სარგებლობდა ნ. ც-ა. ნ. ც-ა ცხოვრობს ქ.ფოთი, პ-ის ქ.36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია დაყადაღებული სადავო ნივთები. ქ.ფოთში, პ-ის ქ.№36-ში განთავსებული საცხოვრებელი სახლი არ არის ნ. ც-ს საკუთრება, ის არის ნ. და ნ. ც-ების სიძის – ხ. ჩ-ის საკუთრება.
გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარდგენილ მაცივრის საგარანტიო მოწმობაზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ დაყადაღებული მაცივრის მყიდველი იყო ნ. ც-ა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო საერთო სასარჩელო წესით განიხილავს. ამავე კანონის მე-40 მუხლის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და მათზე კეთდება აღნიშვნა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით, მოსარჩელის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, საგარანტიო საბუთით დაადგინა, რომ აღწერილი ნივთები არ იყო მოვალე ნ. ც-ს საკუთრება, არამედ ეს ნივთები წარმოადგენდა ნ. ც-ს საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლზე, რომლის თანახმადაც, აღსრულების მიზნით ყადაღის დადებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, რათა სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად ასაბუთებდნენ სარჩელის საფუძვლიანობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა ნ. ც-ს სარჩელი და ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შემოსავლების სამსახურმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით არ დგინდება, რომ დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს მოველის საკუთრებას და რომ ის წარმოადგენს მოქალაქე ნ. ც-ს საკუთრებას. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ხოლო მოცემულ შემთხვევაში რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მოსარჩელეების საკუთრება წარდგენილი არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, მხოლოდ მოწმის ჩვენებები ვერ ჩაითვლება დაყადაღებული ქონების ნ. ც-ს საკუთრების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინება, საქმე №ას-1338-1356-2011; 2012 წლის 11 ივნისის განჩინება, საქმე #ას-710-666-2012).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.