Facebook Twitter

საქმე №ას-832-780-2012 28 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. გ-ის მიმართ ქ.თბილისში, ც-ის გასავალ №3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (საკადასტრო კოდი №...) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2011 წლის 20 იანვარს მოსარჩელემ შეიძინა საცხოვრებელი სახლი და აღირიცხა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საცხოვრებელ ფართს ფლობს მოპასუხე ქ. გ-ი და არ ათავისუფლებს მას, რის გამოც მოსარჩელეს არა აქვს საკუთრებით სარგებლობისა და ფლობის შესაძლებლობა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

საცხოვრებელი სახლი ფაქტობრივი ფლობით ეკუთვნოდათ მოპასუხის მეუღლესა და ძმას - დ. და ვ. გ-ებს, დ. გ-მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გადაიფორმა მთელი ბინა და იპოთეკით დატვირთა, აუქციონზე აღნიშნული ბინა შეიძინა მოსარჩელემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ იქნა 2010 წლის 10 დეკემბერს, მოპასუხის მეუღლე ცნობილ იქნა ბინის ½-ის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში ვერ მოხდა დარეგისტრირება, ვინაიდან ბინა უკვე შეძენილი ჰქონდა გ. გ-ს, მოპასუხეს მიაჩნია, რომ არის კეთილსინდისიერი მფლობელი, ვინაიდან ამ სახლში ცხოვრობს მეუღლის ნებართვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ქ. გ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ც-ის გასავალის №3-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (საკადასტრო კოდი №...) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა გ. გ-ს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ც-ის გასავალის №3-ში მდებარე (ნაკვეთი №..., საკადასტრო კოდი ...) უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. გ-ის სახელზე, ხოლო საკუთრების უფლება წარმოშობილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2011 წლის 12 იანვრის N01/01-37/11-1407 განკარგულების საფუძველზე. აუქციონის შედეგები ძალაშია და გაუქმებული არ არის. სადავო არ არის, რომ გ. გ-ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი ქ. გ-ის მფლობელობაშია. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ მოცემული ნორმებით რეგულირებული ურთიერთობისათვის სავალდებულოა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე - ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოსარჩელის სახელზე სადავო ბინაზე რეგისტრირებული ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების თაობაზე გაუქმებული არ არის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე. მესაკუთრე ითხოვს ბინის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვას, შესაბამისად, არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა. პალატის განმარტებით, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მას გააჩნდა სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჩათვალა, რომ მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხის მიმართ დასაბუთებულია, მოპასუხეს არა აქვს სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, საფუძვლიანია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სწორად დააკმაყოფილა იგი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-მა, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხის ბინიდან გამოსახლების საფუძველი, ამ კუთხით არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც დადგენილია, რომ მოპასუხე ვ. გ-ის მეუღლეა, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის სამკვიდრო, მართალია, კასატორის მეუღლეს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ გადაუფორმებია, თუმცა, მოგვიანებით, 2010 წლის 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ცნობილ იქნა სადავო ქონების ნახევრის მესაკუთრედ. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქ. გ-ის მეუღლე სადავო ქონების მესაკუთრედ ითვლება მამის გარდაცვალების დღიდან, ხოლო ქ.გ-ი სადავო ბინაში მეუღლის ნებართვით ცხოვრობს. მოსარჩელე არ არის ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი, რადგანაც მან იცოდა, რომ სადავო ბინა მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა ორ ძმას და ისინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ ბინაში, დ.გ-მა უძრავი ქონება ისე დატვირთა იპოთეკით, რომ აღნიშნულის თაობაზე არ იყო ცნობილი ვ.გ-სათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ მემკვიდრეობასთან შედარებით უპირატესობა გ.გ-ის სახელზე არსებულ საკუთრების სარეგისტრაციო ჩანაწერს მიანიჭა. სასამართლოს მიერ კანონის დარღვევაზე მიანიშნებს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლები, ასევე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგანაც ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ Nას-1099-1363-09).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ქ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 12 ივნისს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. გ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ქ. გ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 12 ივნისს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.