ბს-497-83-კ-05 15 სექტემბერი, 2005წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: სარგებლობაში არსებული მიწის საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “.. ..-ის” დირექტორმა რ. კ-მ სარჩელით მიმართა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სახელმწიფო მიწის მართვის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სარგებლობაში არსებული მიწის საკუთრებაში გადაცემა იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოს მიერ სახელმწიფო ქონების იჯარით გამოსყიდვის უფლებით გაცემის საკონკურსო კომისიის 1999წ. 23 მარტის სხდომის გადაწყვეტილებით ¹13 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველო გადაეცა შპს “.. ..-ს” იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის გარეშე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სკ-ის ამოქმედებასთან ერთად დარეგულირდა მხოლოდ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების საკითხები, ხოლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა -”ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონით, რომელიც გავრცელდა პრივატიზებულ საწარმოთა სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზეც. აღნიშნული კანონის თანახმად, მიწაზე კერძო საკუთრების მინიჭებისათვის პირს უნდა გადაეხადა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიწის გადასახადის ერთჯერადი ოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე 1998წ. 31 დეკემბრამდე, ხოლო ამ ვადის შემდეგ საზღაურის ოდენობა ორმაგდებოდა.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მითითებული კანონის საფუძველზე მას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა 17576 კვ.მ მიწა, რომელიც სარგებლობის უფლებით დამაგრებული ჰქონდა ¹13 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველოს, პრივატიზების შემდგომ მიმართა ქ. ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს, რომელმაც უარი უთხრა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე და მოსთხოვა მიწის ნორმატიული ფასის გადახდა. ქ. ფოთში ნორმატიული ფასი დადგინდა საკრებულოს დადგენილებით საწარმოს შესყიდვიდან რამდენიმე თვის შემდგომ, თუმცა აღნიშნული ნორმატიული ფასი ეხებოდა იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთა განკარგვა მოხდა მიწის კომისიის მიერ კონკურსის, აუქციონის ან ინდივიდუალური განხილვის წესით. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე გადავიდა კერძო საკუთრებაში.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ, რადგან ნაყიდ საწარმოს სარგებლობის უფლებით დამაგრებული ჰქონდა 17576 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საწარმოს შეძენისას ობიექტის დახასიათებაში მიწის საბაზრო ფასი არ ასახულა, სკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე შეიძინა საკუთრების უფლება მიწაზე მიწის საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლად.
მოსარჩელე ითხოვდა, სასამართლოს აღედგინა კანონით მინიჭებული უფლება მიწის გადასახადის ორმაგი ოდენობის საზღაურის გადახდით და 17576 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეცხადებინა შპს ,,.. ..-ის” საკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. მოსარჩელემ სახელმწიფო ქონება შეიძინა კანონის ამოქმედების შემდგომ, რაც გამორიცხავდა ამ კანონის საფუძველზე მის მესაკუთრედ გამოცხადებას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “.. ..-ის” სარჩელი: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქ. ფოთში, ე.წ. მე-7 კილომეტრზე, სენაკი-ფოთის გზის პირას, მალთაყვასა და კოკაიას ხეივანში არსებული 16240 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობები აღერიცხა მოსარჩელის საკუთრებად, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიწის საკუთრების ერთჯერადი საზღაურის გადახდის შემდეგ. ქ. ფოთის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ფოთის მე-13 საგზაო-საექსპლოატაციო სამმართველოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების იჯარა-გამოსყიდვისა და საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ პრივატიზებული უძრავი ქონების ქვეშ არსებული 16240 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზება არ მომხდარა მიწის ნორმატიული ფასის არარსებობის გამო. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის ამოქმედებამდე გამოეყო 16240 კვ.მ მიწა და ყოფილი მე-13 საგზაო-საექსპლოატაციო სამმართველოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების შესყიდვით, მოსარჩელე გახდა ამ შენობა-ნაგებობების ქვეშ მდებარე 16240 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლე და კეთილსინდისიერი მფლობელი. მითითებული კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს მიენიჭა საკუთრების უფლება მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და სასამართლომ ჩათვალა, რომ მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად უნდა გამოცხადებულიყო ამავე კანონით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის შემდეგ. ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 15.11.2004წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ფოთის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ 2002წ. 20 ნოემბერს შეისყიდა რა ყოფილი მე-13 საგზაო-საექსპლოატაციო სამმართველოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები, ამავე სამმართველოს სარგებლობაში არსებული 16240 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება ავტომატურად გადავიდა ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების შემძენზე _ შპს “.. ..-ზე”, რომელმაც შეიძინა რა შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლება, ასევე გახდა მიწის ნაკვეთის მოსარგებლე, თანახმად სკ-ის 159-ე მუხლისა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ პრივატიზებულ საწარმოთა სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, მიწის მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გაეფორმებინათ ამ კანონის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში იხდიან ჯარიმას მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადის ოდენობით. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საჯარიმო სანქცია ვრცელდებოდა მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც იმყოფებოდა ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე ექვემდებარება კერძო საკუთრებაში გადაცემას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შპს “.. ..-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. ფოთში, ე.წ. მე-7 კილომეტრზე, სენაკი-ფოთის გზის პირას, მ-სა და კ-ს ხეივანში 16240 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობა-ნაგებობები 1999წ. 23 მარტის ხელშეკრულებით, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით, გადაეცა შპს “.. ..-ს”. საიჯარო ქონების საბოლოო გამოსყიდვა მოხდა 2002წ. 20 ნოემბერს.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველომ 2002წ. 20 ნოემბერს შპს “.. ..-ზე” გასცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. ფოთში, მე-7 კილომეტრზე, დასახლება ¹...-ში არსებული მე-13 საგზაო-საექსპლოატაციო სამმართველოს ქონება (ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის გარეშე) საკუთრებაში გადაეცა შპს “.. ..-ს”.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შპს “.. ..-” არ წარმოადგენს “ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს შემდეგ გარემოებათა გამო:
მითითებული კანონი აწესრიგებს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ აღნიშნული კანონის მოქმედების არეალი განსაზღვრა ამავე კანონის მე-3 მუხლმა, რომლის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. კანონი ამოქმედდა 1998წ. ნოემბრიდან. ამდენად, აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პრივატიზებულ საწარმოებს 1998წ. ნოემბრამდე კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და შესაბამისად, შპს “.. ..-ის” სასარჩელო განცხადების მოტივს იმის თაობაზე, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე, 16240 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე, რამდენადაც შპს “.. ..” არ აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ არც ერთ პირობას, ვინაიდან მითითებული კანონის ამოქმედების დროისათვის შპს “.. ..-ს” არ გააჩნდა პრივატიზებული საწარმო და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთი. კანონის ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ორი პირობის არარსებობის გარეშე ამ კანონის საფუძველზე მიწაზე საკუთრების უფლების მინიჭების მოთხოვნა უსაფუძვლოა და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე შპს “.. ..”-ს მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის, კერძოდ, აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობაში გააჩნდა 16240 კვ.მ, საფუძველს მოკლებულია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ვინაიდან ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1966წ. 29 ივნისის ¹251 გადაწყვეტილებით 15000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო მე-13 საგზაო უბანს ანგარანისა და სამეურნეო ეზოს მშენებლობისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ¹251 არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს შპს “.. ..-ისათვის’’ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არსებობდა მხოლოდ ერთი, სოციალისტური საკუთრება და კერძო საკუთრების საწარმოები არ არსებობდა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება არ ადასტურებს შპს “.. ..-”-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტს, ხოლო სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და როგორც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, ბუნებაშიც არ არსებობს. უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ შპს “.. ..-მა” 20.11.2002 წელს შეიძინა რა ყოფილი მე-13 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები, ავტომატურად გახდა ამ შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთების მოსარგებლე, რის საფუძველზეც სარჩელის მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად. ვინაიდან მე-13 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველო, რომლის ქონებაც შეიძინა შპს “.. ..”, თვითონ არ წარმოადგენდა კანონის სუბიექტს, რამდენადაც მისი სამართლებრივი ფორმა იყო სახაზინო საწარმო, ხოლო “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა სახაზინო საწარმოების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და ის უფლება, რომელიც თვით არ გააჩნდა სახაზინო საწარმოს, ბუნებრივია, ვერ გადავიდოდა ამ საწარმოს ქონების შეძენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კანონის ამოქმედების დროისათვის, მე-13 საგზაო საექსპლოატაციო სამმართველოს ქონება არ ყოფილა პრივატიზებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი და შპს “გზამშენებელ-13”-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს “.. ..-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს “.. ..-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 200 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.