Facebook Twitter

საქმე №ას-842-790-2012 21 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ფ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დოკუმენტის სიყალბის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. კ-ის მიმართ 1996 წლის 15 თებერვლის №აა155883 ქორწინების მოწმობის სიყალბის დადგენის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2004 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა მოსარჩელის ბიძა მ. ფ-ი, რომელსაც არ დარჩენია კანონისმიერი პირველი და მე-2 რიგის მემკვიდრეები. გარდაცვლილი ბიძის სამკვიდროს მიღების მიზნით მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის (ს-ს) მოთხოვნა მ. ფ-ის მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ვერ მოხერხდა, რადგანაც ნოტარიუსის განმარტებით სადავო სამკვიდროს მიღების თაობაზე მას განცხადებით მიმართა მამკვიდრებლის მეუღლე ც. კ-მ, რომელმაც წარადგინა 1996 წლის ქორწინების მოწმობა. აღნიშნული საფუძვლით ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემა შეაჩერა, რადგანაც მას დოკუმენტის სიყალბის დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია, მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი, 2005 წლის 3 ივნისს გაცემული ცნობისა, რომლის თანახმადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის განყოფილებაში 1996 წლის 15 თებერვალს მ. ფ-სა და მოპასუხეს შორის ქორწინების რეგისტრაცია არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა ქორწინების მოწმობის სიყალბე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მე-4 განყოფილების 2005 წლის 27 ივლისის №2196-ი ცნობით დადასტურდა №აა 255883 ქორწინების მოწმობის გაუცემლობა მოქალაქეებზე: მ.ფ-სა და ც.კ-ზე, ასევე დადგინდა გლდანი-ნაძალადევის მმაჩის განყოფილებაში 1996 წლის 15 თებერვალს ქორწინების სააქტო ჩანაწერის არარსებობა. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა დადგენილება და ც.კ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თუმცა გამოძიების გაჭიანურების გამო, ბრალდება ხანდაზმული გახდა და ვერ მოხერხდა სასამართლო წესით დოკუმენტის გაყალბების ფაქტის დადგენა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

სადავო დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №4 განყოფილების მიერ გაცემული ცნობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ გააჩნიათ წინასწარ დადგენილი ძალა და მათი შეფასება უნდა მოხდეს ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა 1996 წლის 15 თებერვლით დათარიღებული №აა 255883 ქორწინების მოწმობის სიყალბე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით ც. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სანოტარო მოქმედების შესრულების შეჩერების შესახებ ნოტარიუს ე. ყ-ის 2005 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ. ს-ს უარი ეთქვა გარდაცვლილი ბიძის, მ. ფ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. ნოტარიუსის უარი სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მ. ფ-ის პირველი რიგის მემკვიდრე ც. კ-მ სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება სამკვიდრო მიღების თაობაზე. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ს-ა ცნობილი იქნა 2004 წლის 1 ივლისს გარდაცვლილი ბიძის - მ. ფ-ის მემკვიდრედ. 2005 წლის 29 ივნისის მამის სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობის მიხედვით, ზ. მ-ის ძე ს-მ შეიცვალა მამის სახელი და გვარი და გახდა ზ. ზ-ს ძე ფ-ი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის N4 განყოფილების 2005 წლის 27 ივლისის წერილის თანახმად, 1996 წლის 15 თებერვალს გლდანის რაიონის სარ-ის განყოფილების მიერ ქორწინების მოწმობა №აა255883 მოქალაქეებზე მ.ფ-ისა და ც.კ-ის სახელზე არ გაცემულა. საქართველოს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2006 წლის 12 ივნისის დასკვნის თანახმად, N0105336 სისხლის სამართლის საქმეზე ც. კ-ის მიერ წარდგენილი Nაა255883 ქორწინების მოწმობის ბლანკი შესრულებულია ასლგადამღები ტექნიკის გამოყენებით; Nაა255883 ქორწინების მოწმობის ბლანკზე არსებული ხელნაწერი ტექსტი და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის შესრულებული ნ. ი-ს ასული ტ-ის მიერ; გამოსაკვლევ ქორწინების მოწმობაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდი არ არის იდენტური 1996 წლის თებერვლის თვის პერიოდში ქორწინებების რეგისტრაციის ორგანოში არსებული ანაბეჭდისა. შსს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების 2009 წლის 2 ივლისის დადგენილებით ც. კ-ე ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მას ბრალად შეერაცხა 1996 წლის 15 თებერვლით დათარიღებული Nაა 255883 ქორწინების მოწმობის ყალბად დამზადება და მისი გამოყენება მ. ფ-ის სამკვიდროს მიღების მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ივლისის დადგენილებით ც. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ დასტურდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი აღძრული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია თავისი სამემკვიდრეო უფლების რეალიზებისაკენ, რამეთუ დოკუმენტის კანონშესაბამისობის პირობებში მოსარჩელის ბიძის სამკვიდროს მიიღებდა მოპასუხე ც. კ-ე. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნა შემდეგი: უდავოდაა დადგენილი, რომ 1996 წლის 15 თებერვლით დათარიღებული ქორწინების მოწმობა არაა შედგენილი მასში დასახელებული პირების ნების გამოვლენის შედეგად, აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადავო დოკუმენტი შედგენილია კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შედეგად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ზ. ფ-ის სარჩელი.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-მ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მ. ფ-სა და ც. კ-ს შორის ქორწინების რეგისტრაციის არარსებობა, ამ თვალსაზრისით სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2006 წლის 4 აპრილის ცნობა სადაც აღნიშნულია, რომ მ. ფ-მა და ც. კ-მ 1996 წელს იქორწინეს, ხოლო ქორწინება წარმოიშობა მის სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციით, რაც განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით ც. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ც. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ც. კ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. დ-ის მიერ 2012 წლის 22 მაისს №5166237 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ც. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. დ-ის მიერ 2012 წლის 22 მაისს №5166237 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.