№ას-845-793-2012 26 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეი – ლ. რ-ო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. რ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. რ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ვ. მ-ს ლ. რ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 17200 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით ვ. მ-ს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 861 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ზემოხსენებული განჩინება 2012 წლის 12 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 861 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ დ. ბ-ს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 109) ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 12 ივნისს, რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 18 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს ასევე, რომ უსაფუძვლოა ს.მ-ის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ს. მ-ი ზემოაღნიშნული განცხადების შეტანაზე არაუფლებამისილი პირია, ვინაიდან მის მიერ არ არის წარმოდგენილი კასატორის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც მას საქმის წარმოების უფლებამოსილებას მიანიჭებდა და ასევე საადვოკატიო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2, 440-ე მუხლები), რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, მითითებული განცხადება უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილადაც რომ მივიჩნიოთ, იგი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამდენად, საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლომ შეიძლება აღადგინოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის აღდგენა არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს და, ამასთან, ვადის აღდგენისათვის არსებობს საპატიო მიზეზი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის აღდგენა კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ამ ვადის აღდგენის მეორე აუცილებელი პირობაა საპატიო მიზეზის არსებობა, რამაც დადგენილ ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა განაპირობა. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადვოკატმა კასატორს არ შეატყობინა ხარვეზის არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებას მიიჩნევს მხარისათვის ჩაბარებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს წარმოეშობა იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების ვალდებულება, რაც მას უწყებით ეცნობა, მიუხედავად იმისა, აცნობა თუ არა მას უწყების შინაარსი წარმომადგენელმა. ამ მოქმედების შეუსრულებლობა კი იწვევს მხარისათვის უარყოფითი საპროცესო შედეგის დადგომას. რაც შეეხება წარმომადგენლის (ადვოკატის) მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას, აღნიშნული შეიძლება იყოს წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საფუძველი მარწმუნებელთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ცალკე დავის საგანს წარმოადგენს და, შესაბამისად, მასზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.