№ას-850-798-2012 25 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ჭ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს. რ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ჭ. ჯ-მ“ მოპასუხე შპს „ს. რ-ის“ მიმართ. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 175922.88 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-14, 304-306).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჭ. ჯ-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 316-326).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჭ. ჯ-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 330-339).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს „ჭ. ჯ-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე შპს „ჭ. ჯ-სა“ და ,,ბ. მ. ქ-ს“ შორის 2010 წლის 2 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ,,ბ. მ. ქ-სათვის“ მიეწოდებინა 467475 აშშ დოლარის ღირებულების ფეროსილიკომარგანეცი, რომლის რაოდენობა და ხარისხი შეთანხმებული იქნებოდა სპეციფიკაციებში.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მიწოდების თარიღად ითვლება მყიდველის საწყობში საქონლის განთავსების თარიღი. საკუთრების უფლების, დანაკარგებისა და საქონლის დაზიანების რისკების გადასვლის თარიღად ითვლება უკრაინის საზღვარზე გადასვლის სარკინიგზო სადგურის კალენდარული შტემპელის თარიღი, რომელიც აღინიშნებოდა სარკინიგზო ზედნადებში. ამასთან, განისაზღვრა, რომ საქონლის მიღება რაოდენობის მიხედვით მყიდველის საწყობში ხორციელდება ორგანიზაციის წარმომადგენლების თანდასწრებით, ისინი ახორციელებენ საქონლის დაცვას მიმართულების გზაში, რაც ფორმდება მიღების აქტით.
დასახელებულ ხელშეკრულებაში 2010 წლის 25 ივნისს შევიდა ცვლილება და მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომელიც შეეხო კონტრაქტის საორიენტაციო ღირებულებას და სხვა შესაბამის საკითხებს.
საბოლოოდ, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელის მიერ ,,ბ. მ. ქ-ს“ უნდა მიწოდებოდა 915057.036 აშშ დოლარის ღირებულების, საერთო წონით 482380 კგ., 530 ბიგ ბეგი ფეროსილიკომანგანუმი. ერთი ბაზური ტონის ღირებულება განისაზღვრა 1680 აშშ დოლარით.
შპს „ჭ. ჯ-სა“ და შპს „ს. რ-ს“ შორის გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება ზედნადების ფორმით, მათ შორის იმ ვაგონებზე, რომლებშიც აღმოჩნდა დანაკლისი. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეზიდა ზედნადებებში მითითებული ოდენობის ტვირთი. მიმღებად განისაზღვრა ,,ბ. მ. ქ.“, დანიშნულების სადგურად – ბელარუსის რკინიგზა.
ბელარუსიის სადგურ ჟლობინში საქართველოს რკინიგზის მიერ შესაბამისი ტვირთი მიწოდებულ იქნა 2010 წლის 20 ივლისს.
,,ბ. მ. ქ-ს“ მიეწოდა 30 ვაგონი, რომლის შემადგენლობაშიც იყო ფეროსილიკომანგანუმის 17 პარტია, შემდგარი 7 ვაგონისაგან (№68 01 33 09; №65 68 641; №65 74 34 52; №65 26 68 021; №68 02 55 43; №65 26 87 57; №65 06 80 41).
ელექტრონულ სასწორზე აწონვისას აღმოჩნდა დანაკლისი, კერძოდ:
- ვაგონი №68 01 33 09, დანაკლისით 30.160 ტონა;
- ვაგონი №65 26 86 41, დანაკლისით 31.084 ტონა;
- ვაგონი №65 74 34 52, დანაკლისით 32.712 ტონა.
2010 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ პრეტენზიით მიმართა მოპასუხეს და მიუთითა, რომ ვაგონები გადაწონილ იქნა ორჯერ. არც ერთ შემთხვევაში ტვირთის დანაკლისი ან სხვა რაიმე დარღვევა მათ მიერ ტვირთის დაცვის მიზნით მოწყობილ დამცავ ბადეზე არ დაფიქსირებულა. პრეტენზიის მიხედვით, ქარხნის ტერიტორიაზე შესვლისას დაფიქსირდა, რომ შესაბამის ვაგონებზე დარღვეული იყო დამცავი ბადე და თითქმის მოხსნილი იყო ბიგ-ბეგების მეორე იარუსი, გადაწონვისას კი აღმოჩნდა დანაკლისი შესაბამის ვაგონებზე, რის გამოც შპს ,,ს. რ-საგან“ მოითხოვა ზარალის ანაზღაურება. ამავე წერილებში/პრეტენზიებში აღნიშნულია, რომ შესაბამისი გადაწონვები დაფიქსირებულ იქნა კამერებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გადამზიდავის მიერ მიმღებისათვის ტვირთის ჩაბარება განხორციელდა დანაკლისით. საქმეზე დადგინდა, რომ ვიდრე ტვირთი გადაეცემოდა მიმღებს – ,,ბ. მ. ქ-ს“, იგი გადაწონილ იქნა სამჯერ, მათ შორის, ბათუმში, საბორნეზე, აგრეთვე სადგურებში – ილიჩევსკში და კალინკოვიჩში. შესაბამისი გადაწონვებისას ტვირთზე რაიმე სახის დაზიანებები ან დანაკლისი არ აღმოჩენილა.
გარდა ამისა, საქმეში წარდგენილი კომერციული აქტებით დგინდებოდა, რომ ტვირთის ჩაბარება მიმღებისათვის გადამზიდავის მიერ განხორციელდა გამგზავნის დაუზიანებელი დამცავი ბადით და გადასაზიდი ტვირთის დანაკლისის ნიშნების გარეშე. კომერციული აქტის მიხედვით, კომერციული დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ვაგონები დახურული იყო ბადე-ჭავლით, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ იყო. საკომისიო შემოწმებით დადგინდა, რომ ვაგონების ზედა ნაწილი დახურული იყო ლითონის ბადით, უჯრედებში გაყრილ არმატურაზე, რომელიც მიდუღებული იყო ნახევარვაგონის მთელ პერიმეტრზე. პაკეტები (ბიგ-ბეგები) განთავსებული იყო თანაბრად მთელს ფართზე, ერთ იარუსზე და სამ გრძივ რიგზე. ყველა პაკეტი კარგ მდგომარეობაში იყო, არ იყო დახეული და გათელილი. ტვირთის დაღვრის და გაფანტვის კვალი ვაგონში არ იყო. საკომისიო შემოწმების შედეგი გაფორმდა კომერციული აქტებით, რომელსაც ხელს აწერდა ტვირთის მიმღების წარმომადგენელი. ამასთან, არ დგინდებოდა ამოღების, ძარცვისა და ტვირთთან შეღწევის კვალის არსებობა, დამცავი ბადის დაზიანება საკომისიო შემოწმებისას. ყოველივე ეს მოწმობდა იმას, რომ ტვირთის ამოღება დამცავი ლითონის ბადის დაზიანების გარეშე დანიშნულების მიმართულებისკენ შეუძლებელი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, კომერციულ აქტებზე, სავაგონო ფურცლებზე, მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და ასევე თავად მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილ პრეტენზიაზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ვაგონებზე არ დარღვეულა დამცავი ბადის მთლიანობა და შესაბამისად, მოპასუხის მიერ ტვირთის ჩაბარება ტვირთმიმღებისათვის განხორციელდა დანაკლისის გარეშე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის – შპს ,,ს. რ-ის“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ გადამზიდავმა ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ტვირთი დაუზიანებლად და დანაკლისის გარეშე მიაწოდა ტვირთმიმღებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 672-ე, 361-ე, 677-ე, 686-ე და 687-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ზედნადების საფუძველზე, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეზიდა 482380კგ. ფეროსილიკომანგანუმი. ამდენად, მხარეთა შორის არსებობდა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, 686-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 46-ე მუხლზე, „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ 22-ე მუხლის პირველი პარაგრაფზე და დასახელებული ნორმების ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ ტვირთის დაზიანების ან მისი დანაკლისისას, ტვირთის მიმღების წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ გადამზიდველს, რომელიც ახროციელებდა გადაზიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის დაზიანებას ან მის დანაკლისს ადგილი ჰქონდა ტვირთის მიღებიდან ტვირთის მიმღებისთვის მის გადაცემამდე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ ტვირთის ჩაბარება მიმღებისათვის გადამზიდავის მიერ განხორციელდა გამგზავნის დაუზიანებელი დამცავი ბადით და გადასაზიდი ტვირთის დანაკლისის ნიშნების გარეშე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ჭ. ჯ-ს“ სარჩელი გადამზიდავის – შპს ,,ს. რ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლო იყო (ტომი 2, ს.ფ. 47-61).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ჭ. ჯ-მ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რკინიგზამ უნდა შეადგინოს კომერციული აქტი, თუ ტვირთის გადაზიდვის ან გადაცემის დროს იგი აწარმოებს ტვირთის მდგომარეობის, ტვირთის მასის ან ადგილების რაოდენობის შემოწმებას და ამასთან დაადგენს ტვირთის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომერციული აქტი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოაღნიშნული უწესრიგობანი შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მიმღებისათვის მისი გადაცემის მომენტამდე. მე-3 პუნქტის თანახმად, დანიშნულების სადგურს შეუძლია უარი თქვას კომერციული აქტის შედგენაზე, თუ გამორიცხულია აღნიშნული დანაკლისი მომხდარიყო ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მიმღებისათვის მის გადაცემამდე არსებული დროის განმავლობაში.
კასატორის მითითებით, მართალია, მოცემულ შემთხვევაში კომერციული აქტი შედგა ტვირთის მიღებიდან მესამე დღეს, მაგრამ „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ რკინიგზაზე მოქმედი შინაგანაწესით დაიშვება კომერციული აქტის შედგენა მიმღებისათვის ტვირთის მიცემის შემდეგ, მაშინ მიმღებს უფლება აქვს მიმართოს დანიშნულების სადგურს კომერციული აქტის შედგენის შესახებ მოცემული მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რაიმე უწესივრობის გამო, რომლის აღმოჩენა გარეგნული დათვალიერებით ტვირთის გაცემისას შეუძლებელი იყო. ასეთი მიმართვა დანიშნულების სადგურის მიმღებმა უნდა მოიმოქმედოს დაუყოვნებლივ, მის მიერ ტვირთის უწესივრობის დადგენის შემდეგ არაუგვიანეს 3 დღისა ტვირთის გადაცემიდან.
საკასაციო საჩივრის თანახმად, „ბ. მ. ქ-ის“ წარმომადგენლებმა ტვირთის დანაკლისის აღმოჩენისთანავე მიმართეს ბელარუსის რკინიგზას ზემოხსენებული მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოსთხოვეს დანაკლისის გამო ბრალის აღიარება. შექმნილ სიტუაციაში ბრალეული მხარის გარკვევა დასრულდა იმით, რომ ბელარუსის რკინიგზამ შეადგინა კომერციული აქტი დანაკლისის შესახებ. ამით მან ფაქტობრივად აღიარა რკინიგზის ბრალეულობა ტვირთის დაკარგვაში.
კასატორი მიუთითებს „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების მე-2 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომლის თანახმად, რკინიგზა, რომელმაც მიიღო ტვირთი გადასაზიდად სსსმშ ზედნადებით, პასუხს აგებს გადაზიდვის ხელშეკრულებისათვის ტვირთის მსვლელობის მთელ გზაზე დანიშნულების სადგურში გადაცემამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრეტენზიები შეიძლება წარდგენილ იქნეს წერილობითი სახით, შესაბამისი დასაბუთებითა და ასანაზღაურებელი თანხის მითითებით, გამგზავნის მიერ გამგზავნის რკინიგზისადმი, ხოლო მიმღების მიერ – დანიშნულების რკინიგზისადმი. ამდენად, დასახელებული მუხლები ითვალისწინებენ ზიანის ანაზღაურების მხოლოდ ერთ საშუალებას, გამგზავნის მიერ გასაგზავნი რკინიგზისადმი პრეტენზიით მიმართვას. მართალია, ბელარუსის რკინიგზამ კომერციული აქტის გამოწერით ცნო თავისი ბრალეულობა ტვირთის დაკარგვის გამო, მაგრამ მოსარჩელე მოკლებული იყო საშუალებას პირდაპირ წაეყენებინა პრეტენზია მისთვის, ვინაიდან, შპს „ჭ. ჯ-ს“ გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ზედდებულის სახით საქართველოს რკინიგზასთან, ეს უკანასკნელი წარმოადგენდა გამგზავნ რკინიგზას, ხოლო პროცედურა მოითხოვს მოსარჩელის მიერ პრეტენზიის წაყენებას მხოლოდ შპს „ს. რ-ისადმი“ (ტომი 2, ს.ფ. 71-78).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით შპს „ჭ. ჯ-ს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით, სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობის საფუძველზე, შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სს „ს. რ-ა“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჭ. ჯ-მ“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ჭ. ჯ-ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჭ. ჯ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ჭ. ჯ-ს“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 11 ივნისი, საგადასახდო დავალება № 738, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 5600 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.