საქმე №ას-853-800-2012 21 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქარელის მუნიციპალიტეტის რ-ის №3 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სკოლის დირექტორის ბრძანებებისა და სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქარელის მუნიციპალიტეტის რ-ის №3 საჯარო სკოლის მიმართ შრომის ანაზღაურებიდან გაცდენილი გაკვეთილების ღირებულების დაქვითვის შესახებ სკოლის დირექტორის 2010 წლის 29 სექტემბრის №102/ბ და 2010 წლის 8 ოქტომბრის №106/ა ბრძანებების, ასევე სამურვეო საბჭოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №2 და 2010 წლის 5 ოქტომბრის №3 ოქმების, როგორც კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიღებული დოკუმენტების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეს სადავო ბრძანებები და სამეურვეო საბჭოს ოქმები გადაეცა 2010 წლის 20 დეკემბერს, მისივე განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტები კანონშეუსაბამოა, არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს მითითებას თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზეა გამოცემული, დარღვეულია მათი მომზადების წესი, მოსარჩელე სამეურვეო საბჭოს სხდომების თაობაზე არ იყო ინფორმირებული.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოსარჩელე ესწრებოდა რ-ის №3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ გამართულ 5 ოქტომბრის სხდომას, რა დროსაც მას გააცნეს 4 ოქტომბრის სხდომის დადგენილება და 5 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი, რის ირგვლივაც იმსჯელა სამეურვეო საბჭომ. რაც შეეხება რ-ის №3 საჯარო სკოლის დირექტორის №102/ბ და 106/ა ბრძანებებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლისა და რ-ის №3 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-8 მუხლის თანახმად, ისინი გამოკრული იყვნენ სკოლის საინფორმაციო დაფაზე მათი გამოცემის დღესვე და მოსარჩელეს შეეძლო და ვალდებულიც იყო გაცნობოდა მას. არასწორია მოსარჩელის მტკიცება, რომ რ-ის №3 საჯარო სკოლის შინაგანაწესი არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენისას არ ითვალისწინებს ხელფასის დაკავებას, რადგანაც აღნიშნული საკითხი სკოლის შინაგანაწესის მე-5 მუხლითაა რეგულირებული. მ.ბ-ის მიერ გაკვეთილის გაცდენის ფაქტი დასტურდება 2010 წლის 27 სექტემბრის №8 და 5 ოქტომბრის №9 აქტებით, რომელთა მიხედვითაც მ. ბ-ი ოფიციალურად აცხადებს უარს გაკვეთილების ჩატარებაზე სამუშაო კვირის მე-4 დღეს. მ. ბ-ის მიერ გაკვეთილების გაცდენის ფაქტს ადასტურებს დამრიგებელთა ყოველკვირეული ანგარიშიც.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ქარელის მუნიციპალიტეტის რ-ის №3 საჯარო სკოლის მიმართ სკოლის დირექტორის 2010 წლის 29 სექტემბრის №102/ბ და 2010 წლის 8 ოქტომბრის №106/ა ბრძანებების, ასევე სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №2 და 2010 წლის 5 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მ. ბ-ი 2007 წლის 1 ოქტომბრიდან დირექტორის ბრძანებით დროებით დაინიშნა რ-ის №3 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2008 წლის 1 თებერვალს მ. ბ-სა და სკოლას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2009 წლის 5 სექტემბრამდე. 2009 წლის 7 სექტემბერს მ. ბ-სა და სკოლას შორის გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2012 წლის 5 სექტემბრამდე. მოსარჩელემ უარი განაცხადა სამუშაო კვირის მე-4 დღეს სკოლაში მოსვლაზე და გაკვეთილების ჩატარებაზე და ითხოვდა გაკვეთილების გადანაწილებას კვირაში მხოლოდ 3 დღეზე. 2010 წლის 28 სექტემბერს მან გააცდინა IXბ და IXა კლასებში თითო-თითო გაკვეთილი, 2010 წლის 5 და 6 ოქტომბერს იმავე კლასებში ორ-ორი გაკვეთილი და V კლასში ერთი გაკვეთილი. რ-ის №3 საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 29 სექტემბერს №102/ბ და 2010 წლის 8 ოქტომბრის №106/ა ბრძანებებით მ. ბ-ს დაექვითა შრომის ანაზღაურებიდან 2010 წლის 28 სექტემბერს, 5 ოქტომბერს და 6 ოქტომბერს გაცდენილი გაკვეთილების ღირებულება. 2010 წლის 4 და 5 ოქტომბერს ჩატარდა რ-ის №3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომები. აღნიშნულ სხდომებზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ინგლისური ენის მასწავლებელ მ. ბ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომისა და მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევის საკითხის განხილვა. 4 ოქტომბრის სხდომას მ.ბ-ი არ ესწრებოდა, ხოლო 5 ოქტომბრის სხდომას დაესწრო და აზრიც გამოთქვა. სამეურვეო საბჭომ, იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება პედაგოგთან, დაადგინა დირექტორის უფლებამოსილება ემოქმედა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და სკოლის შინაგანაწესით. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ გაზიარა მ. ბ-ის მოსაზრება, რომ მას გაკვეთილები არ გაუცდენია, ასევე, რომ იგი არ ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს 5 ოქტომბრის სხდომას, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საწინააღმდეგო კი დასტურდება კლასის დამრიგებლის ანგარიშებითა და სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმით, ხოლო მოსარჩელეს საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტების სიყალბის თაობაზე არ მიუთითებია.
სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა შემდეგი: მართალია, მოსარჩელე მოითხოვს იმ ბრძანებების (29.09.2010 წ. №102/ბ; 08.10.2010წ. №106/ა) ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც დამსაქმებელმა მ. ბ-ს დაუქვითა 2010 წლის 28 სექტემბერს, ასევე 5 და 6 ოქტომბერს გაცდენილი გაკვეთილების (სულ 7 საათის) ღირებულება შრომის ანაზღაურებიდან, თუმცა მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება სადავო პერიოდში მის მიერ ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარების თაობაზე. მოპასუხის მიერ წარდგენილი დამრიგებელთა ყოველკვირეული ანგარიშები, 2010 წლის 27 სექტემბრის №8 აქტი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება საქმეში არ ქონია წარდგენილი, 2010 წლის 28 სექტემბერს, ასევე 5 და 6 ოქტომბერს გაკვეთილების ჩატარების თაობაზე, პალატის მოსაზრებით, ადასტურებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორეს, ამასთან პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პრეტენზიას მის მიერ გაკვეთილების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოცემული კატეგორიის დავებში მოქმედი პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით არ არის დადგენილი მტკიცების განსაკუთრებული სტანდარტი მასწავლებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების, ასევე სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ ფაქტობრივი გარემოებების სამტკიცებლად. მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ან/და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის შესახებ შეიძლება დადასტურებულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მტკიცების საშუალებათა, მათ შორის მოწმეთა ჩვენების, წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მხარის ახსნა-განმარტების გამოყენებით. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეიცავს საკმარის მონაცემებს იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ მ. ბ-მა უარი განაცხადა სამუშაო კვირის მე-4 დღეს სკოლაში მისვლაზე, გაკვეთილების ჩატარებაზე, მოითხოვა გაკვეთილების გადანაწილება კვირაში მხოლოდ 3 დღეზე და, რომ მან 2010 წლის 28 სექტემბერს, ასევე 2010 წლის 5 და 6 ოქტომბერს გააცდინა გაკვეთილები (სულ 7 საათი). არ იქნა გაზიარებული აპელანტის პრეტენზია, რომ მისთვის ხელფასიდან არ ყოფილა დაკავებული 28 სექტემბრის, ასევე 5 და 6 ოქტომბრის გაცდენების შესაბამისად 7 საათის ღირებულება, რაც მის მიერ გაკვეთილების ჩატარების ფაქტს ადასტურებს, რადგანაც, სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდის ხელფასის დაუკავებლობის ფაქტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს, ასევე 5 და 6 ოქტომბერს გაკვეთილების ჩატარების ფაქტის დადგენილად მიჩნევის საფუძველი. მით უმეტეს, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სახელფასო უწყისების მონაცემების ურთიერთშეჯერებით აპელანტის მოსაზრების საწინააღმდეგო გარემოება მტკიცდება. პალატამ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ 2010 წლის 4 და 5 ოქტომბერს რ-ის №3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომების ჩატარების ფაქტზე, სხდომების დღის წესრიგსა და ამ სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას „ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-7 პუნქტზე, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილზე, სსიპ „ქარელის მუნიციპალიტეტის რ-ის №3 სკოლის“ შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-5 მუხლსა და მხარეთა შორის გაფორმებულ შრომის ხელშეკრულების 4.2 პუნქტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ რამდენადაც მ. ბ-მა 2010 წლის 28 სექტემბერს, ასევე 5 და 6 ოქტომბერს გააცდინა გაკვეთილები (სულ 7 საათი), დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო, გამოეცა 2010 წლის 29 სექტემბრის №102/ბ და 8 ოქტომბრის №106/ა ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც დამსაქმებელმა დასაქმებულს შრომის ანაზღაურებიდან დაუქვითა გაცდენილი 7 საათის ღირებულება. პალატის მოსაზრებით, სადავო ბრძანებების ბათილობის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო თავად ამ ბრძანებათა ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის მოსარჩელის მიერ დამტკიცება, რაც მან ვერ უზრუნველყო.
სკოლის სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №2 და 2010 წლის 5 ოქტომბრის სხდომის №3 ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან მიმართებით კი, სააპელაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა აღიარებითი ხასიათისაა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ 2010 წლის 4 და 5 ოქტომბრის სამეურვეო საბჭოს სხდომებზე არ მომხდარა რა რაიმე ისეთი საკითხის გადაწყვეტა, რაც გამოიწვევდა მ. ბ-ის, როგორც მასწავლებლისა და როგორც დასაქმებულის უფლების დარღვევას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სადავო ოქმების ბათილობის მიმართ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნია და ამ ოქმების ბათილობის შემთხვევაში მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებრივი მდგომარეობა ვერანაირ ცვლილებას ვერ განიცდის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ.ბ-ის მიერ სადავო 7 საათის გაცდენის ფაქტი, მაშინ, როდესაც სკოლის შინაგანაწესის მე-5 მუხლით დადგენილია შემცვლელი მასწავლებლის მიერ გაცდენილი გაკვეთილის ჩატარება და ამ მასწავლებლის მიერ საათის ღირებულების 100%-ის მიღება. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება ე.წ დამრიგებლის ანგარიშის თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო სასამართლოში წარედგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ ვინ ჩაატარა გაცდენილი გაკვეთილები და ვინ მიიღო ამ გაკვეთილების ჩატარების სანაცვლოდ ანაზღაურება, აღნიშნულით პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ხელფასის დაქვითვის ფაქტი, რადგანაც მოსარჩელემ ის სრულად აიღო, მოწინააღმდეგე მხარემ კი სასამართლოში წარადგინა არასწორად შედგენილი მტკიცებულებები, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ქარელის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლის განმარტება, რომ სექტემბრის თვეში ვერ განხორციელდა ხელფასიდან გაცდენილი საათების ღირებულების დაქვითვა, რის გამოც მოსარჩელეს სადავო თანხა ოქტომბერში დაექვითა. ის ფაქტი, რომ კასატორი უსაფუძვლოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო დოკუმენტები, რომლებიც მის გათავისუფლებას დაადასტურებდა შედგენილი სწორედ მ.ბ-ის დათხოვნის შემდეგ დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არაა მითითებული დასაქმებული გათავისუფლების საფუძველი. მასწავლებლის მიერ სამუშაო პირობების დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკოლის შინაგანაწესის მე-7 მუხლით დადგენილი სახდელი, ხელფასის დაქვითვას აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს, აღნიშნულ გარემოებას სასამართლომ შეფასება არ მისცა, ამასთანავე, სასჯელის სახედ ხელფასის დაქვითვის შემთხვევაშიც კი, სკოლის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დასაქმებულისათვის უნდა ეცნობებინათ სახდელის ზომის გამოყენებიდან 5 დღის განმავლობაში, რაც დადასტურდებოდა ამ პირის ხელმოწერით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის დადასტურებული. მ.ბ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე იმსჯელა ქარელის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ, მაშინ, როდესაც სკოლის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სკოლის დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა, სასამართლოს კი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხი გადაწყვიტა არაუფლებამოსილმა ორგანომ, ამასთანავე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სამეურვეო საბჭოს ოქმების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სწორედ ეს სხდომის ოქმები გახდა კასატორის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.
მ.ბ-მა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულება - სს „...-ის“ გორის ფილიალის ამონაწერი ანგარიშიდან 1 ფურცლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. ბ-ი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებას, პალატა თვლის, რომ ის უნდა დაუბრუნდეს მის წარმომადგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. მ.ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად (ტ.მე-2, ს.ფ.85) საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.