საქმე №ას-876-822-2012 18 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე - ნ. ჩ-ს სარჩელის გამო, სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. ი-ის №1 საჯარო სკოლის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინება ნ. ჩ-მ ჩაიბარა კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით 2012 წლის 7 მაისს (ტ.I, ს.ფ. 236).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება რა მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინების ჩაბარების ფაქტი, პალატა თვლის, რომ სწორედ ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან - 2012 წლის 8 მაისიდან უნდა დაიწყოს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 8 მაისს და დასრულდა ამავე წლის 28 მაისს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით კი ირკვევა, რომ ნ. ჩ-მ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 4 ივნისს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საფოსტო ბარათზე დასმული სასამართლო კანცელარიის შტამპით, ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად კასატორი ასევე 2012 წლის 4 ივნისს უთითებს ტ.I, ს.ფ. 247-248), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.