№ას-882-828-2012 26 ივნისი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. კ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ნ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ-ო“ (მოპასუხე)
მესამე პირები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საცხოვრებელი ბინის შეძენისათვის საჭირო თანხის გადახდის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 21 სექტემბერს თ. კ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა შპს „ვ-ს“ წინააღმდეგ, მოპასუხისათვის 35 000 აშშ დოლარისა და 2011 წლის 15 აგვისტოდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაებნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
იმავე სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. კ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მიეცა.
კასატორს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, ამასთან აღნიშნული განჩინების საპასუხოდ, წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც, თ. კ-ე გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული და განმეორებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ ცნობას, საქმეში არსებული იმავე შინაარსის დოკუმენტი საკასაციო სასამართლომ უკვე შეაფასა და არ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.