Facebook Twitter

საქმე №ას-897-843-2012 25 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. (იხ. ტ.II, ს.ფ.73).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2012 წლის 12 აპრილს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2 მაისი, ხოლო 30-ე დღე - 12 მაისი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 12 მაისიდან.

საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 12 მაისს და დამთავრდა 2012 წლის 1 ივნისს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 6 ივნისს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 6 ივნისი (იხ.ტ.II, ს.ფ102), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლ. ყ-მა შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მოთხოვნით, რადგან მოსამართლის თანაშემწის არაერთგზის სატელეფონო განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული და კასატორმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში ჩაბარება და საკასაციო წესით გასაჩივრება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მხარის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში - 2012 წლის 2 მაისიდან 2012 წლის 12 მაისამდე, სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტი გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით საქმის მასალებიდან არ გამომდიარეობს. კასატორის წარმომადგენელმა ლ. ყ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ 2012 წლის 5 ივნისს (იხ.ტ.II, ს.ფ95). ვერ იქნება გაზიარებული კასატორის წარმომადგენლის მითითება იმის თაობაზე, რომ ის არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლე ვ.წ-ის თანაშემწეს, რომელმაც განუცხადა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იყო მზად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კასატორი თავადვე იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაედასტურებინა სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში მიმართვის ფაქტი და ის, რომ მხარეს მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო გადაწყვეტილების ასლი. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას მეტად დასაბუთებულს ხდის ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდის (საქმეთა მართვის პროგრამა) მონაცემების თანახმად, გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა დაფიქსირებული არ არის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.