Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-498-84(კ-05) 11 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ნ.-ამ სარჩელი აღძრა ჩხოროწყუს რაონულ სასამართლოში და აღნიშნა, რომ რაიონის გამგებლის მიერ 1998წ. 21 სექტემბრიდან დაინიშნა ომისა და შრომის ვეტერანთა სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ. ხელფასი განესაზღვრა 36 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანამდებობაზე იმუშავა 4 წელი. მიღებული აქვს მხოლოდ 8 თვის ხელფასი. განაცდური აღებული აქვს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ხელფასის აღების გამო დაბის ახალი ხელმძღვანელობა დიდად განაწყენდა მოსარჩელის მიმართ და მასთან შეთანხმების გარეშე გაანთავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან. 2002წ. 10 ივლისის პირველი მოწვევის მეოთხე სხდომაზე საკერბულომ განიხილა საკითხი აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ, სადაც მოსარჩელე მიწვეული არ ყოფილა. სხდომაზე დამტკიცდა ახალი შემადგენლობა, სადაც მოსარჩელის შტატზე არაფერი თქმულა, არ დაყენებულა კენჭისყრაზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი. მოსარჩელემ მოითხოვა ომისა და შრომის ვეტერანთა სადაბო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენა.

დაბა ჩხოროწყუს საკრებულომ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ დაბა ჩხოროწყუს საკრებულოსა და გამგეობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა აპარატის სტრუქტურა, რადგან არც ერთ კანონი თუ სარეკომენდაციო დებულება ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის შტატს არ ითავლისწინებს, საკრებულომ დაამტკიცა ახალი სტრუქტურა აღნიშნული შტატის გარეშე. ამასთან, მოპასუხის განმარტებით‚ შ. ნ.-ას დანიშვნა მოხდა საქართველოს ორგანული კანონის «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» დარღვევით.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 იანვარს და 2004წ. 1 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით შ. ნ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა დაბა ჩხოროწუს გამგეობის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 იანვრის‚ 2004წ. 1 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 29.09.04წ. გადაწყვეტილებით შ. ნ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ნ.-ა აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ, ომისა და შრომის ვეტერანთა სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ, დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს დაეკისრა შ. ნ.-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის 1008 ლარის გადახდა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ჩხოროწყუს რაიონის დაბა ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, რომელმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.03.05წ. გადაწყვეტილებით დაბა ჩხოროწყუს გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 29.09.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 10 ივლისის პირველი მოწვევის IV სხდომის დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა გამგეობის აპარატის სტრუქტურა. ამ სტრუქტურაში არ არის გათვალისიწნებული მოსარჩელის თანამდებობა, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის თანამდებობის პირები არიან: გამგებელი, გამგებლის მოადგილე, აპარატის უფროსი და ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაბის გამგეობის სტსტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო თავმჯდომარის წარდგინებით. დებულებით მოსარჩელის შტატი გათვალიწინებული არ ყოფილა. ამდენად, სააპელაციო პალატამ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე, იმ მოტივით, რომ 2002წ. 10 ივლისის საკრებულოს სხდომის შემდეგ მოსარჩელის შტატი აღარ არსებობს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 09.03.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შ. ნ.-ას მიერ, რომელმაც მოითხოვა მოპასუხისათვის 34 თვის 1224 ლარის გადახდის დაკისრება და სამუშაოზე აღდგენა. დაზუსტებული საკასაციო საჩივრით შ. ნ.-ამ მოითხოვა მხოლოდ განაცდურის ანაზღაურება. კასატორმა აღნიშნა რომ მისი ომისა და შრომის ვეტერანთა სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მოხდა ბრძანებით, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა სიტყვიერად, ბრძანების გამოცემის გარეშე, რასაც იურიდიული ძალა არა აქვს, რის გამოც ამჟამადაც ითვლება შტატში. კასატორის განმარტებით სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ნ.-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჩხოროწყუს რაიონის გამგებლის 19.09.98წ ¹38 განკარგულებით შ. ნ.-ა დაინიშნა შრომის და ომის ვეტერანთა ჩხორპოწყუს სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ. ჩხოროწყუს რაიონის გამგებლის განკარგულების თანახმად, დაბა ჩხოროწყუს გამგებლის 24.12.98წ ¹1 განკარგულების საფუძველზე, შ. ნ.-ა დაინიშნა ომისა და შრომის ვეტერანთა ჩხოროწყუს სადაბო საბჭოს თავმჯდომარედ, რომლის ხელფასი განისაზღვრა სპეციალისტის საშტატო განაკვეთის ოდენობით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკრებულოს თანამშრომელი არის საჯარო მოხელე, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონის ნორმები. ამავე კარნონის 110-ე მუხლის თანახმად, მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა გაფორმდეს ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. სამსახურიდან მოსამსახურის გათავისუფლების სხვა ფორმას, მათ შორის‚ სიტყვიერად სამსახურიდან

გათავისუფლებას კანონმდებლობა არ იცნობს. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის IX თავი აწესრიგებს მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებას, რომელიც კანონის 92.1 მუხლის შესაბამისად ასევე ბრძანებით ან განკარგულებით ფორმდება. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება ბრძანება შ. ნ.-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება შ. ნ.-ას სამსახურიდან გათავისუფლება. ამდენად, სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს არსებობს თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გაცდენაზე მითითება, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება შ. ნ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემა, დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება კი შ. ნ.-ს არ ჩაბარებია, ამასთანავე საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული გამგეობის აპარატის სტრუქტურა, აგრეთვე‚ დაბის გამგეობის დებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოსარჩელის შტატს, არ ქმნის შ. ნ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მაგრამ ვერ იქნება მიჩნეული საკუთრივ შ. ნ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებად.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ. ნ.-ა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ იგი სამსახურიდან არ არის გათავისუფლებული და კვლავ ითვლება შტატში, ვინაიდან არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. მიუხედავად აღნიშნულისა შ. ნ.-ა სარჩელით მოითხოვდა სამსახურში აღდგენას. აღნიშნულიდან, გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო დაეზუსტებინა დავის საგანი, შ. ნ.-ს სასარჩელო მოთხოვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, საქმის გარემოებები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 შ. ნ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული

სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.03.05წ. გადაწყვეტილება. საქმე განხილვისთვის გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.