საქმე №ას-901-847-2012 19 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ნ. ბ-ის სარჩელის გამო, ე. ბ-ისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ე. ბ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო ქონების ერთადერთ მესაკუთრედ ნ. ბ-ის ცნობის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ე. ბ-ის წარმომადგენელი პ. ჯ-ი (ტ.IV, ს.ფ.50). აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის გათვალისწინებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 7 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 17 მაისი. ამდენად მხარეს და მის წარმომადგენელს შეეძლოთ მისულიყვნენ სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის 17 მაისამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელმა პ.ჯ-მ (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.32) დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წლის 21 მაისს ჩაიბარა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს რომ, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2012 წლის 17 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდიანრე საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 17 მაისს და დასრულდა 2012 წლის 6 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ბ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი ფოსტას 2012 წლის 11 ივნისს ჩააბარა (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით ტ.IV, ს.ფ.80), გასაჩივრების 21 დღიანი ვადის დარღვევით, აღნიშნულ ფაქტს უტყუარად ადასტურებს ასევე საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღი - 2012 წლის 11 ივნისი (ტ.IV, ს.ფ.79).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს რომ, ე. ბ-ის მიერ დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.