Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-904-849-2012 19 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. კ-ის წარმომადგენლის ა. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – ბ., ვ. და ი. წ-ების სარჩელის გამო, მოპასუხე გულიკო კვერნაძის მიმართ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. კ-ის წარმომადგენლის ა. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან ნათელია, რომ გ. კ-ე ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ( ს.ფ. 362-364).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 9 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 19 მაისი, ამდენად კასატორს შეეძლო მისულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2012 წლის 9 მაისიდან 2012 წლის 19 მაისამდე.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გ. კ-ის წარმომადგენელი ა. თ-ი სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2012 წლის 23 მაისს ( ს.ფ.383). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 19 მაისს.

საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 19 მაისს და დამთავრდა 2012 წლის 8 ივნისს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2012 წლის 11 ივნისს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის წარმომადგენლის ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.