№ას-97-93-2012 28 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სპს „... ... ...-ში“ რ. კ-ის წილის გაყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებისას შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ასევე ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების: ავტომანქანა „LEXUS GX470“, ქ. თბილისში, მ-ის ქ. №19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, ქ. თბილისში, დიდი ლილო 08, ვ-ის მეურნეობა, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე 816 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და სპს „... ... ...-ში“ რ. კ-ის 35% წილის, გაყოფა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მოპასუხე დაეთანხმა მოთხოვნას ქორწინების შეწყვეტაზე, ასევე ცნო ყველა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ქონების ოთხი ობიექტის 1/2 წილის მესაკუთრედ, გარდა სასარჩელო მოთხოვნისა სპს „... ... ...-დან“ მისი კუთვნილი 35% წილიდან 17,5% წილის საკუთრების უფლების ცნობის ნაწილში. აღნიშნული წილის სანაცვლოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა ფულადი და ქონებრივი კომპენსაცია, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გ. კ-სა და რ. კ-ს შორის შეწყდა 1979 წლის 24 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №625; გ. კ-ე (პ/ნ ...) ცნობილ იქნა რ. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული: ავტომანქანა _ ‘‘LEXUS GX 470”- ის /სახელმწიფო ნომერი: ..., სარეგისტრაციო მოწმობა: ..., საიდენტიფიკაციო ნომერი: ..., გამოშვების წელი – 2006/ 1/2 წილის, საცხოვრებელი სახლის 22/94 წილი – მდებარე ქ. თბილისი, მ-ის ქ. №19-ის /მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... 1/2 წილის, მიწის ნაკვეთის: მდებარე – ქ. თბილისი, დიდი ლილო, ვ-ის მეურნეობა, ფართი – 1500.00 კვ.მ /საკადასტრო კოდი: №... 1/2 წილის, მიწის ნაკვეთის: მდებარე – ოზურგეთის რაიონში, სოფ. ნ-ი, ფართობი – 816.00 კვ.მ. /საკადასტრო კოდი: №... 1/2 წილისა და სპს „... ... ...”-ში /საიდენტიფიკაციო კოდი: ...; სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 9/2-89/ რ. კ-ის კუთვნილი 35% წილიდან 17.5% წილის მესაკუთრედ;
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სპს „... ... ...-დან“ რ. კ-ის წილი ქონებიდან წილის მიკუთვნების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მ და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის ფარგლებში დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გ. კ- და რ. კ-ე დაქორწინდნენ 1979 წლის ... ნოემბერს.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ. კ-ე არის სპს „... ... ...-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და 35% წილის მფლობელი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,... ... ...” რეგისტრირებულია 1996 წლის 22 თებერვალს ქ. რუსთავის სასამართლოს მიერ რეგისტრაციის №... (ტ.1 ს.ფ. 131, 177).
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა ასევე, რომ სპს ,,... ... ...-ის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გადაღება და დაკვალვა; ტოპოგადაღება ნებისმიერ მასშტაბში; კომერციული საქმიანობა, საფირმო კომერციული მაღაზიების გახსნა და ფუნქციონირება; საშუამავლო საქმიანობა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნა; აფთიაქის გახსნა; ავტომანქანის აკუმულატორების და სხვა ნაწილების შეკეთება; ავტოსათადარიგო ნაწილების შესყიდვა და რეალიზაცია; სასურსათო პროდუქტების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია.(ტ.1 ს.ფ. 179).
სპს ,,... ... ...-ს” პარტნიორებს წარმოადგენენ გეოპდეზისტი რ. კ-ე, გეოდეზისტი ბ. ქ-ე, ტოპოგრაფი ზ. ც-ე.
სპს ,,... ... ...-ს” პარტნიორთა კრების 2011 წლის 19 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით რ. კ-ის 35%-იანი წილის ნახევრის სანაცვლოდ, მის ყოფილ მეუღლეს გადაეცა საზოგადოების კუთვნილი ქონების 17,5 %, ხოლო, დარჩენილი ქონების მიხედვით, წილები განაწილდა სამ პარტნიორს შორის სასამართლოს დასრულების შემდეგ, ახალი პარტნიორის შემოსვლის გამო სამუშაოთა სპეციფიკიდან გამომდინარე საზოგადოების მუშაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით (ტ.1. ს.ფ. 176).
სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 23-ე, 26.1-ე და 30-ე მუხლებზე, 33.2-ე და 33.4-ე მუხლებზე და საზოგადოების წესდების 5.9-ე პუნქტზე, საზოგადოების (სპს ,,... ... ...”) წესდების 3.4-ე, 5.2-ე, 5.3-ე, 5.6-ე, 5.12-ე, 6.2-ე, 6.3-ე, 6.7.-ე პუნქტებზე და ზემოაღნიშნული კანონისა და საზოგადოების წესდებით დადგენილი ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ საზოგადოებაში ,,კონფლიქტური პარტნიორის შეყვანა”, რომელიც იმავდროულად წესდების მიხედვით საწარმოს თანახელმძღვანელი ხდება და არ გააჩნია საწარმოს მართვისა და საქმიანობის გამოცდილება და უნარი უარყოფითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე და ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. კერძოდ, პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღიარებულ იქნა მოსარჩელე გ. კ-ის თანასაკუთრების უფლება სპს ,,... ... ...-ში” რ. კ-ის წილზე, კერძოდ, მოსარჩელე ცნობილ იქნა რ. კ-ის 35 %-დან ნახევრის -17.5%-ის მესაკუთრედ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, საზოგადოების პარტნიორის წილის თანამესაკუთრედ ცნობა, რაც, მართალია, გულისხმობს წილის მფლობელისათვის საზოგადოების პარტნიორის უფლებების მინიჭებას, ავტომატურად არ ნიშნავს მისთვის საზოგადოების მართვის უფლების გადაცემას(მინიჭებას), კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით პარტნიორისათვის მინიჭებული საწარმოს გაძღოლის უფლებამოსილება შესაძლებელია შეიზღუდოს საზოგადოების წესდებით, განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნულს ადგენს საზოგადოების წესდების 6.3, 6.7 პუნქტები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში შემსვლელი პარტნიორის (გარდა პარტნიორის მიერ პარტნიორთა წინასწარი თანხმობით წილის გასხვისების შემთხვევისა) სტატუსის საკითხის (მათ შორის პარტნიორისათვის საწარმოს მართვის უფლებამოსილების მინიჭების) განსაზღვრა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 33.2-ე და 33.4-ე, აგრეთვე, საზოგადოების წესდების 5.8-ე და 5.9-ე პუნქტების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, განეკუთვნებოდა საზოგადოების პარტნიორთა კრების კომპეტენციას და განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამდენად, აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. კ-სათვის საზოგადოების წილის გადაცემა შეაფერხებს საზოგადოების საქმიანობას და ეწინააღმდეგება სამეწარმეო კანონმდებლობას და ზნეობის ნორმებს, პალატამ დაუსაბუთებელად ჩათვალა, აღნიშნა, რომ არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სწორი განმარტებიდან და, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა.
აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სამეწარმეო კანონმდებლობა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის, სპს ,,... ... ...-ში” მოპასუხის წილი კაპიტალის, გაყოფა, რაც წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-1171 –ე მუხლებით, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას.
რაც შეეხება, აპელანტის მიერ სპს ,,... ... ...” 2011 წლის 19 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმზე მითითებას, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულით, დადგინდა საზოგადოების პარტნიორად სასამართლოს მიერ გ. კ-ის შესაძლო აღიარების თავიდან აცილების მიზნით, მისთვის საზოგადოების ქონების ნაწილის გადაცემა, რაც მოსარჩელისათვის საზოგადოებაში მოპასუხის წილზე თანასაკუთრების აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საწარმოს წილის გაყოფის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, დავის განხილვისას, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, საწარმოში პარტნიორის წილის უფლება მოიპოვება ინტელექტუალური შრომით და, შესაბამისად, მისი სარგებლობა და ნაყოფის მიღება ინტელექტუალური შესაძლებლობებითაა შეზღუდული და ამასთან, კასატორის აზრით, ამ უფლების ზნეობრივი ნორმების გათვალისწინების გარეშე გამოყენება მიმართულია უფლების ბოროტად გამოყენებისაკენ.
კასატორის მოსაზრებით, სადავო ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის შესაბამისად, აქცესორული და შეზღუდული უფლების მატარებელია და დატვირთულია სამეწარმეო ურთიერთობის სპეციალური ნორმებით, რომლებიც სასამართლომ სწორად ვერ შეაფასა, ვინაიდან თუ იგი სწორად შეაფასებდა, უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გაევრცელებინა კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, რომლის დაცვის ღირსი უფლება გააჩნდა კასატორს, როგორც საწარმოს პარტნიორ მეწილეს, დასახელებული კანონის 1-7-ე და მე-18 მუხლების შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ნაცვლად იმისა, რომ უპირატესობა მიენიჭებინა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური ნორმებისათვის, მან უპირატესობა მიანიჭა საოჯახო-საქორწინო ნორმებს და მოსარჩელეს არასწორად მიაკუთვნა კასატორის წილის ნახევარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ,,... ... ...“ გააჩნია 35 % რაც მითითებული მუხლის საფუძველზე მეუღლეთა თანასაკუთრებაშია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წილი საზოგადოებაში წარმოადგენს ქონებას, რასაც ახასიათებს გარკვეული თავისებურება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საწარმოს საკუთრება უნდა გაიმიჯნოს წილზე საკუთრებისაგან. წილი წარმოადგენს იმ უფლება-ვალდებულებების ერთობლიობას, რაც წარმოიშვება საზოგადოების წევრობიდან. შესაბამისად, წილის ოდენობა განსაზღვრავს პარტნიორების უფლება-მოვალეობების მოცულობას. წილის განსხვისება ნიშნავს წილის ყოველგვარ გადაცემას სხვა პირის საკუთრებაში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით წილის გასხვისების სამართლებრივი რეჟიმი განსხვავდება ცალკეულ საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ინსტიტუტებით გათვალისწინებული დანაწესებით.
სპს „... ... ...-ს“ დაფუძნების პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად (ამოღებულია 14.03.2008 N5913) პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი-კაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი პარტნიორი წინასწარ განაცხადებს თანხმობას, ან თუ საზოგადოების წესდებით დაშვებულია გასხვისება. წილი-კაპიტალის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. საბუთი უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორების თანხმობასაც, უამისოდ დათმობის ხელშეკრულება ბათილია.
განსახილველი ნორმის მიზანია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ერთ–ერთი პარტნიორის მიერ წილი-კაპიტალის განსხვისებისას დანარჩენ პარტნიორთა უფლებების დაცვა. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის განსხვისება (მისი ყოველგვარი განკარგვა) არ არის შეუზღუდავი. წილის გადაცემით, პარტნიორი გადასცემს ახალ შემძენს საზოგადოებიდან გამომდინარე უფლება-ვალდებულებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შემძენი ხდება საზოგადოების პარტნიორი. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ემყარება სპეციალურ პირად და ქონებრივ დამოკიდებულებას პარტნიორებს შორის, კანონმა დაადგინა გარკვეული შეზღუდვები, რომლითაც დაცულია დანარჩენი პარტნიორების ინტერესები ახალი პარტნიორის საზოგადოებაში შესვლასთან დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლი ისახავდა ანალოგიურ მიზნებს, მაგალითად, თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი გარდაიცვლებოდა, მისი მემკვიდრეები ხდებოდნენ უფლებამონაცვლეები, მაგრამ საზოგადოების წევრებად რჩებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი პარტნიორები თანახმა იქნებოდნენ ახალი პარტნიორის მიღებაზე. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ, იმ დროს მოქმედი 33.2-ე მუხლის თანახმად დანარჩენი პარტნიორების თანხმობის შემთხვევაში ახალი პარტნიორი შემოდიოდა კომანდიტის სტატუსით, სხვა სტატუსით საზოგადოებაში შესვლის მოთხოვნის უფლება მას კანონის მიხედვით არ გააჩნდა, რადგან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც აღინიშნა, ემყარება სპეციალურ პირად და ქონებრივ დამოკიდებულებას პარტნიორებს შორის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას აქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადაგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ საზოგადოების წესდების 5.3. პუნქტის თანახმად, „პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი კაპიტალი, თუ პარტნიორები წინასწარ დათანხმდებიან“, ასევე, წესდების 5.9 პუნქტის თანახმად „თუ პარტნიორს ჰყავს მემკვიდრე, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებაში შემსვლელი სპეციალური უფლებამოსილების ძალით იღებს პარტნიორის სტატუსს.“
წესდების განსახილველი პუნქტები პარტნიორის მიერ წილის გასხვისებასა ან სხვაგვარ გადაცემას დამოკიდებულს ხდიან დანარჩენ პარტნიორების თანხმობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ „პარტნიორის წილი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმოადგენს ქონებას, რომლის გადაცემა მესამე პირთათვის დასაშვებია კანონმდებლობითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული საფუძვლების არასებობისას,“ მაგრამ არ ამახვილებს ყურადღებას პარტნიორის მიერ წილის გადაცემის ბოჭვის თავისებურებებზე, რასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გადასაწვეტად, თუ რამდენად შეიძლება ახალი პარტნიორის შეყვანა საზოგადოებაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მეუღლეთა უფლება-ვალდებულებების განსაზღვრის თავისებურებები, არამედ, პარტნიორთა უფლება-ვალდებულებები, რაც კანონით და წესდებით მათ გააჩნიათ ერთ–ერთ მეუღლესთან. მეუღლეთა შორის დავის მოწესრიგებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი სხვა პირების უფლებები, რაც მათ გააჩნიათ „მეწარმეთა შესახებ“ კანონითა და წესდების საფუძველზე.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს დადგენილ ფაქტს, რომ რ. კ-ის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ ამ წილის გაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული განმარტებების მიხედვით ის შეზღუდვები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ახალი პარტნიორის მიღებას საზოგადოებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს დანარჩენი პარტნიორების თანხმობის არსებობა წილის გაყოფის შედეგად ახალი პარტნიორის მიღებაზე. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში გ. კ-ეს უნდა მიეცეს რ. კ-ის წილის ნახევრის ღირებულება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ ნაწილის ღირებულება სპეციალური ცოდნის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი