№ას-1660-1648-2011 04 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ტ-ა, ა. ს-ი, დ. ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ყ-მა და მოითხოვა: ა. ე. ტ-სა და ა. ს-ს შორის 2009 წლის 18 აგვისტოს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ. ა. ს-სა და დ. ზ-ს შორის 2009 წლის 9 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; გ. ქ.რუსთავში, მე-.. მ/რ-ის №14-ში მდებარე ბინა №101-ის ე. ტ-ს საკუთრებაში დაბრუნება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 219-224).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. ყ-მა (ტომი 2, ს.ფ. 237-248).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ს. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2011 წლის 27 ოქტომბერს 11.00 საათზე, არ გამოცხადდა აპელანტი ს. ყ-ი. საქმის მასალების თანახმად, ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტს სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა 2011 წლის 1 ოქტომბერს.
სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ს. ყ-ის მიერ, 2011 წლის 12 ოქტომბერს, კანცელარიის მეშვეობით წარდგენილი განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე და იგი არ დააკმაყოფილა. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით და აღნიშნა, რომ კანონი არ ითვალისწინებდა საქმის განხილვის გადადებას აპელანტის მიერ შუამდგომლობაში მოყვანილი მოტივით. ამასთან, მართალია, აპელანტს არ მოუთხოვია საქმის წარმოების შეჩერება, მაგრამ ასეთი რომც მოეთხოვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ასევე არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის განხილვის გადადებას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი, რადგან, მართალია, სასამართლოსათვის ცნობილი გახდა აპელანტის გამოუცხადებლობის შესახებ, მაგრამ წარდგენილი განცხადება არ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის თაობაზე მხარეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა აპელანტი დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადდა და სასამართლოსათვის არ უცნობებია მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, რომელიც მიმართული იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისაკენ, უნდა დაკმაყოფილებულიყო, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესებიდან, რომლებიც სააპელაციო წესით საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე (ტომი 3, ს.ფ. 53-56).
დასახელებული განჩინება ს. ყ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივარი მოტივირებულია შემდეგი არგუმენტებით:
სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადება-შეჩერების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი სხდომის გადადების მიზეზად შუამდგომლობაში მიუთითებდა კონკრეტულ საფუძველზე, კერძოდ, იმაზე, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი ჰქონდა საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა მოსამართლე თ.ხ-ის, მოპასუხეების ა. ს-ისა და დ. ზ-ის, აგრეთვე ადვოკატ მ.თ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა;
გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან ამ განჩინებით არ ირკვევა, ესწრებოდა თუ არა სხდომას მოწინააღმდეგე მხარე და მოითხოვა თუ არა მან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
მოსამართლემ 2011 წლის 27 ოქტომბრის მთავარი სხდომა დანიშნა მოსამზადებელი სხდომის ჩატარების გარეშე, ასევე, სააპელაციო საჩივარში დაყენებული შუამდგომლობა არ განიხილა მთავარ სხდომამდე, კერძოდ, ბანკიდან არ გამოითხოვა მის მიერ მითითებული მტკიცებულებები. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის და 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;
სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია იმ მოსამართლის (თ.ეცადაშვილი) მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტ ს. ყ-ის გამოუცხადებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების (შეჩერების) თაობაზე და სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2011 წლის 12 ოქტომბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს გენერალური პროკურატურა არ გამოიტანდა დადგენილებას აპელანტის მიერ წარდგენილ საჩივარზე, რომლითაც იგი მოითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის, მოპასუხეების და ადვოკატის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას (ტომი 3, ს.ფ. 43).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განცხადებას, ამიტომ უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა ასეთი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლში მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, როდესაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, ხოლო ამავე კოდექსის 280-ე მუხლი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა სასამართლოს უფლება აქვს შეაჩეროს საქმის წარმოება.
კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) მხარის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩელის თხოვნით;
დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;
დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი;
ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით გადაეცა მედიატორს.
ამავე კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ:
ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;
გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში, და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;
დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი საქმის წარმოების შეჩერებას მოითხოვდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მის მიერ შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ იმ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც განხილულ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის წესით. აღნიშნული საფუძვლით სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესაძლებლობას ზემოხსენებული ნორმები, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, არ ითვალისწინებს, ამიტომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების რაიმე კანონისმიერი წინაპირობაც, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, თუ საქმის განხილვის გადადების კანონით გათვალისწინებული რომელი პირობა არსებობდა მოცემულ შემთხვევაში, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან ამ განჩინებით არ ირკვევა, ესწრებოდა თუ არა სხდომას მოწინააღმდეგე მხარე და მოითხოვა თუ არა მან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან, ჯერ ერთი, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა ს.ყ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სხდომის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ და ს.ყ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლეს მოწინააღმდეგე მხარეების - დ.ზ-ის და ა.ს-ის წარმომადგენლებმა. აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე, 229-ე და 275-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (ტომი 3, ს.ფ. 48-52). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლი და არა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდება, მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარე, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე და 205-ე მუხლების მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ სასამართლომ მოსამზადებელი სხდომის მოწვევის გარეშე, პირდაპირ დანიშნა მთავარი სხდომა და ასევე არ განიხილა აპელანტის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მოსამართლეს შეუძლია გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი სხვადასხვა დაწესებულებებიდან თუ მოქალაქეებისაგან, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს. მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებას, მაგრამ არ ავალდებულებს, მხარეთა თხოვნით გამოითხოვოს მტკიცებულებანი სასამართლოს მთავარ სხდომამდე. ასეთი შუამდგომლობების განხილვა სასამართლოს შეუძლია მთავარ სხდომაზეც, თუკი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მითითებული ნორმის დარვევას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ასევე არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მოთხოვნაც, ვინაიდან არც ეს ნორმა ავალდებულებს სასამართლოს, მთავარ სხდომამდე, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს მხედველობაში აქვს ერთი და იგივე მოსამართლის მონაწილეობა ერთსა და იმავე საქმეზე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში, რაც დაუშვებელია ამავე კოდექსის 29-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსამართლე თ.ეცადაშვილმა მონაწილეობა მიიღო მისი საჩივრის განხილვაში, ამიტომ მას უფლება არ ჰქონდა განეხილა მისი სააპელაციო საჩივარიც. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. ყ-ის საჩივარი, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 151-154). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თ.ეცადაშვილმა მონაწილეობა მიიღო ს.ყ-ის საჩივრის განხილვაში სააპელაციო სასამართლოში, რაც, ცხადია, მას არ ართმევდა უფლებას მონაწილეობა მიეღო იმავე ინსტანციის სასამართლოში ს.ყ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვაშიც.
კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეფუძნება ასევე იმ გარემოებას, რომ იგი განცხადებით მოითხოვდა მოსამართლე თ.ეცადაშვილის საქმის განხილვისაგან აცილებას, რაზეც პასუხი არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ აპელანტმა აცილების შესახებ განცხადება წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა მოსამართლის აცილების საკითხი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთ მოსამართლეს, ამ მოსამართლის აცილების საკითხს გადაწყვეტენ კოლეგიური შემადგენლობის სხვა დარჩენილი მოსამართლეები ასაცილებელი მოსამართლის დაუსწრებლად. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის განცხადებას მოსამართლე თ.ეცადაშვილის აცილების თაობაზე, ვინაიდან მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ ხსენებული მოსამართლის საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტს. მითითებული გარემოებები ასევე არ ქმნიან ამავე მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.