Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-411-389-2012 04 ივნისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ. ჩ-ა, ნოტარიუსი ქ. ჭ-ე, ნ. პ-ე, ლ. ა-ი, ა. მ-ე, ნ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ანდერძის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 290-295).

დასახელებული გადაწყვეტილება გ. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა (ტომი 1, ს.ფ. 312-321).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას ასაბუთებდა საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლოში სარჩელის შეტანისას გ. პ-მა განსაზღვრა სადავო საგნის ფასი 50000 ლარით და სასამართლომ არსებული დავა განიხილა მოცემული სახით;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაუწესდა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;

2011 წლის 30 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა გ. პ-ის განცხადება, თანდართული დოკუმენტით – ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად ოჯახის სარეიტინგო ქულაა 63950. განმცხადებელმა მიუთითა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №212 დადგენილებაზე და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 იანვრის განჩინებით გ. პ-ის შუამდგომლობა (განცხადება) სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადა, ამასთან, მას კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

2012 წლის 17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა გ. პ-ის განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვდა ხარვეზის ვადის გაგრძელებას კიდევ 7 დღით, რათა სასამართლოს მიეცა ამ უკანასკნელისათვის საშუალება დაედგინა ქუჩა №2 ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება და სადაო ½ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების 4%-ი გადაეხადა სახელმწიფო ბაჟის სახით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. პ-ის შუამდგომლობა (განცხადება) ხარვეზის აღმოფხვრისათვის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აპელანტს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა კიდევ 3 დღით გაუგრძელდა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 2000 ლარის გადახდა. ამასთან, მას კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

2012 წლის 20 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა გ. პ-ის განცხადება აუდიტორული დასკვნით ქონების შეფასების შესახებ და სალაროს შემოსავლის ორდერებით, რომლებზე დაყრდნობითაც აპელანტმა ითხოვა ხარვეზი შევსებულად ჩათვლა.

2012 წლის 27 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კვლავ შევიდა გ. პ-ის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლითაც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ 2011 წლის 20 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა აუდიტორული დასკვნა, რომლითაც მოხდა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა, რის საფუძველზეც მან გადაიხადა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების – 4900 ლარის 4%-ი სახელმწიფო ბაჟის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. პ-ი შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე, რომ ხარვეზი შევსებულად ჩათვლილიყო და საქმე წარმოებაში მიღებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ. პ-ის შუამდგომლობა (განცხადება) ხარვეზის შევსების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტ გ. პ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა კიდევ 3 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 2000 ლარის გადახდა. ამასთან, სააპელაციო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა გ. პ-ს, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაბარდა 2012 წლის 14 თებერვალს. აპელანტს ხარვეზი შეეძლო შეევსო 2012 წლის 17 თებერვლის ჩათვლით, თუმცა მის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა.

2012 წლის 16 თებერვალს გ. პ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით დავის საგნის ღირებულება ფასდება საბაზრო ღირებულებით, აუდიტმა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრა 4900 ლარის ოდენობით, რომლის 4%-ი მას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის სახით და სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა გადახდის ორდერი დედნის სახით. ამასთან, განმცხადებლის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული და აღნიშნული დროისათვის მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 63950-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეემცირებინა განჩინებაში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილი ბაჟის ოდენობამდე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2012 წლის 16 თებერვლის განცხადებაში მოყვანილი მიზეზი ვერ მიიჩნეოდა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის შემცირების საფუძვლად. შესაბამისად, არ არსებობდა არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისათვის საფუძველი და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებო იყო ასევე ის ფაქტიც რომ აპელანტი ითხოვდა ბაჟის შემცირებას და არა გადახდის გადავადებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლეს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საკითხი სარჩელის მიღების შესახებ, უფლება აქვს შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის ფასი მის ნამდვილ ღირებულებას. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი არ შეესაბამება სადავო ქონების ნამდვილ საბაზრო ღირებულებას, მაშინ ეს ფასი თვითონ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს. მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ წარუდგენია დამამტკიცებელი და დამადასტურებელი საბუთი, რაც მითითებული ნორმის შესაბამისად მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის იქნებოდა საფუძველი, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოებები და დოკუმენტები, არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისათვის. რაც შეეხებოდა განცხადებაში ხსენებულ აუდიტის დასკვნას სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული აუდიტის დასკვნით გათვალისწინებული გარემოება და არ მიიჩნია ბაჟის შემცირების საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტ გ. პ-ს რამდენჯერმე გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დაწესებული ვადა ხარვეზის შესავსებად. ამ დროის განმავლობაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 42-47).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. პ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივარი დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტებზე:

გ. პ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საქმეში წარდგენილი ამონაწერით გ. პ-ის სარეიტინგო ქულა არის 63 950. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, გ. პ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, რადგან საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №212 დადგენილებით დამტკიცებული „იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები უნდა იყოს 70000-ზე. აპელანტის სარეიტინგო ქულა შეადგენს 63950-ს ანუ 70000-ზე ნაკლებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა განჩინება ხარვეზის შესახებ. რამდენადაც ეს განჩინება არ საჩივრდება, გ. პ-მა შეაფასებინა ანდერძში მოხსენიებული ქონება და აუდიტის დასკვნასთან ერთად სასამართლოში წარადგინა აუდიტის დასკვნაში მითითებული ქონების ღირებულების 4%-ის (200 ლარი) სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. სასამართლომ გააგრძელა ხარვეზის შევსების ვადა და მოითხოვა 2000 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა, რადგან მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დავის საგანი შეფასებული ჰქონდა 50000 ლარად. ეს ციფრი სიტყვიერადაა მითითებული სარჩელში და ეყრდნობა მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ გაანგარიშებას. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანია ანდერძის ბათილად ცნობა, აღნიშნულ ანდერძში მითითებული უძრავი ქონების ღირებულება შეფასებულია აუდიტის დასკვნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელზე განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. გ. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ანუ ანდერძის გაბათილებისას, მას დარჩება საკუთრებაში ამ ანდერძში მითითებული უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება განსაზღვრა აუდიტმა და მითითებული ღირებულების 4% გ. პ-მა გადაიხადა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და მისთვის უნდა შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ1 ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №212 დადგენილებით დამტკიცებული „იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 63950-ს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ქულის – 57001-ის ტოლია ან ნაკლებია მასზე. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) შეადგენდა 63950-ს. შესაბამისად, იგი არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით.

აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას „სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განზაღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის №212 დადგენილებაზე, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე. მითითებული დადგენილების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ დადგენილების საფუძველზე გადახდისუუნაროდ მიჩნეულ პირს უფლება ენიჭება ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. იურიდიული დახმარების სახეებს, რომლებითაც სარგებლობის უფლება ენიჭება გადახდისუუნარო პირს, განსაზღვრავს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; ბ) ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში; გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში; დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით; ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად, ხსენებული კანონის მიხედვით, იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე არ გულისხმობს ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ მიჩნეული პირის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე, ვინაიდან იგი არ ადგენს გადახდისუუნარო პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 07 მარტის განჩინება, საქმე #ას-43-47-2010-მიქანძე).

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს ასევე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ღირებულებად არასწორად მიიჩნია 50000 ლარი და, შესაბამისად, ამ თანხიდან არასწორად გამოიანგარიშა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ვინაიდან აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი (200 ლარი) გადაიხადა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს გ. პ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება, ვინაიდან სწორედ ამ ღირებულების მიხედვით ხდება სახელმწიფო ბაჟის გამოანგარიშება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის მიხედვით, ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ორი საპროცესო დოკუმენტით: ა) სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა (სარჩელის საგანი) და ბ) გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ გ. პ-ის სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: 1. ვ. კ-ის მიერ 2007 წლის 30 აპრილს გ. ჩ-ს სახელზე გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა; 2. ნოტარიუს ქ.ჭ-ის მიერ გ. პ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ჩანაწერის შესაბამისობაში მოყვანა საჯარო რეესტრის მონაცემებთან; 3. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა; 4. მოპასუხეებისათვის ქირის დაკისრება. სარჩელით ირკვევა ასევე, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფასი განსაზღვრა 50000 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 2-15).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის ფასი მოიცავს ოთხივე მოთხოვნის შეჯამებულ ფასს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სხვა მოთხოვნებზე სასამართლოს არ უმსჯელია იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ საბოლოოდ მხოლოდ ანდერძის ბათილად ცნობა მოითხოვა (ტომი 1, ს.ფ. 290-295).

სააპელაციო საჩივრით გ. პ-ი მოითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რაშიც, სააპელაციო საჩივრის მიხედვით, აპელანტი გულისხმობს არა მარტო იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას (ანდერძის ბათილად ცნობა), რომელზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც, რომელზეც სასამართლოს არ უმსჯელია და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არ მიუღია (ტომი 1, ს.ფ. 312-321).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ღირებულება ემთხვევა სარჩელის ღირებულებას, ამიტომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო აპელანტისათვის მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მის მიერ მითითებული სარჩელის ფასის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სადავო ანდერძით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარმოებაში უნდა მიეღო. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივრით მოითხოვს არა მარტო ანდერძის ბათილად ცნობას, არამედ მისი სარჩელის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტს არ შეუმცირებია სააპელაციო მოთხოვნა, პირიქით, ხარვეზის შევსების ეტაპზე წარდგენილ ყველა განცხადებაში იგი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა: ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ქირის გადახდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა და უნდა შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის შემცირების საფუძველი. შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვს იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეს ასეთი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.