Facebook Twitter
საქმე №ას-549-517-2012 5 ივნისი, 2012 წელი,

საქმე №ას-549-517-2012 5 ივნისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ტ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი, ს. ა-ი, ი. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებისა და კოოპერატივის დადგენილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე. ტ-ის სარჩელი ახალქალაქის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის, ს. ა-ისა და ი. მ-ის მიმართ ქ.ახალქალაქში, თ-ის ქ.№41-ში მდებარე სავაჭრო ცენტრის მე-2 სართულის კიბის მარშის პრივატიზაციის შესახებ ახალქალაქის რაისამომხმარებლო კოოპერატივის 2003 წლის 3 აპრილის №4 დადგენილების ბათილად ცნობისა და 2003 წლის 13 ივნისის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2010 წლის 10 მარტს ე. ტ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამავე ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით ე. ტ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ტ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 22 აგვისტოს ე. ტ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 20 დეკემბერს მიღებული განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ე. ტ-ის განცხადება დარჩა განუხილველად, ვინაიდან მხარეს უნდა მიემართა განსჯადი სააპელაციო სასამართლოსათვის.

2012 წლის 10 იანვარს ე. ტ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით ე. ტ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 425-ე მუხლით, 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და დაადგინა, რომ, განმცხადებლის მითითებით, ე. ტ-მა ახლად აღმოჩენილად აღნიშნული გარემოება მისი განცხადების შეცვლის შესახებ შეიტყო 2011 წლის 16 აგვისტოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 17 აგვისტოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, და ამოიწურა 15 სექტემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ტ-ის წარმომადგენლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2012 წლის 10 იანვარს, კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო პალატამ განცხადება დაუშვებლად ცნო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ტ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით განუხილველად დარჩა კერძო საჩივრის ავტორის განცხადება იმ დასაბუთებით, რომ გაშვებული იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებისათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რაც არასწორია, ვინაიდან 2011 წლის 16 აგვისტოს №2/12-08 სამოქალაქო საქმის გაცნობის შემდეგ მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის 9 მარტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეცვლილი იყო, კერძოდ, განცხადებაში არ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ ე. ტ-ს განცხადების შეტანის ვადა დაცული ჰქონდა. სადავო განცხადებას არ ჰქონდა დასმული თარიღი და არსებული ხელმოწერა მხარეს არ ეკუთვნოდა. ე. ტ-ის მიერ რეალურად შეტანილ განცხადებას კი აღნიშნული ხარვეზები არ გააჩნდა. ამდენად, სასამართლო დაეყრდნო გაყალბებულ დოკუმენტს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს.

2011 წლის 16 აგვისტოს ე. ტ-ის მიერ აღმოჩენილ ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით მხარემ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება შეიტანა 2011 წლის 17 აგვისტოს, თუმცა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ მას აღნიშნული მოთხოვნით უნდა მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის.

2012 წლის 4 იანვარს ე. ტ-მა დროულად მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მას ერთი თვის ვადა არ დაურღვევია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი უკანონოდ დატოვა განუხილველად მისი განცხადება, ვინაიდან საკასაციო პალატისათვის განცხადებით მიმართვის შემდეგ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე და 429-ე მუხლები, რომელთა მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

ხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი, რა დროსაც იგი პირველ რიგში გამოარკვევს, შეტანილია თუ არა განცხადება ერთ თვეში იმ მომენტიდან, როდესაც განმცხადებელმა შეიტყო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრების არსებობის თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი უთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მის მიერ მიჩნეული ფაქტი შეიტყო 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო განცხადებით სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2012 წლის იანვარში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ვადა დაარღვია.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ ე. ტ-მა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება 2011 წლის 16 აგვისტოდან ერთი თვის ვადაში შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რა მომენტიდანაც სადავო ერთთვიანი ვადის დენა საკასაციო პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინების მიღებამდე შეჩერდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ტ-ს თავისი სადავო განცხადება უნდა შეეტანა გასაჩივრებული განჩინების მიმღებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რაც მას კანონით დადგენილ ვადაში არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაშვების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნებოდა მისი დაკმაყოფილება, რადგან განმცხადებელი ახლად აღმოჩენილად მიიჩნევს მის მიერ შეტანილი განცხადების შეცვლის ფაქტს, რასაც შედეგად მოჰყვა ე. ტ-ის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების უკანონოდ განუხილველად დატოვება. აღნიშნული გარემოება კი შეუძლებელია დადასტურდეს მხოლოდ მის მიერ წარდგენილი განცხადების ქსეროასლის მეშვეობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.