№ას-551-519-2012 11 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ც-ო“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-მა“ მოპასუხე შპს „ც-ს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 878000 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-10, 105-110).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ც-ს“ მოსარჩელე შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 878000 აშშ დოლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 199-204).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ც-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 210-232).
2012 წლის 24 იანვარს შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ დირექტორმა გ. ხ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც უარი განაცხადა სარჩელზე შპს „ც-ს“ მიმართ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა (ტომი 2, ს.ფ. 74-75).
2012 წლის 6 მარტს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ პარტნიორებმა: მ. ხ-მ, ს. გ-მა, ნ. კ-მა, ჯ. ტ-მა და მ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვამდე. კერძოდ, განმცხადებლებმა განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანილი ჰქონდათ სარჩელი შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2011 წლის 4 აპრილის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე. დასახელებული ოქმით შპს-ს დირექტორი მ. მ-ი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა გ. ხ-ი. განმცხადებელთა მოსაზრებით, მათი სარჩელის განხილვამდე შეუძლებელი იყო შპს „ც-ს“ სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება (ტომი 2, ს.ფ. 84-85).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინებით შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ პარტნიორების: მ. ხ-ს, ს. გ-ის, ნ. კ-ის, ჯ. ტ-ის, აგრეთვე, ფიზიკური პირის - მ. მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2011 წლის 4 აპრილის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, სადავოდ იყო გამხდარი შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ კრების ის გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოების დირექტორად დაინიშნა გ. ხ-ი. აქვე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ამ საზოგადოებას აღარ ესაჭიროებოდა დავა შპს „ც-სთან“, წარდგენილი იყო სადავო გადაწყვეტილებით დანიშნული დირექტორის გ. ხ-ის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საზოგადოების (შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“) როგორც უმრავლესი, ისე მცირე ოდენობის ხმების მქონე პარტნიორთა უფლებები, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემული საქმის განხილვის შეჩერება, პარტნიორთა სადავო კრების ოქმის ნამდვილობის თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე (ტომი 2, ს.ფ. 94-96).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ც-მ“ და მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შუამდგომლობა არის უფლებამოსილი პირის თხოვნა სასამართლოსადმი რაიმე მოქმედების შესრულების თაობაზე. შუამდგომლობით მიმართვის უფლება გააჩნია პროცესის მონაწილე მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობა და ა.შ. მოცემული საქმის მხარეებს წარმოადგენენ შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004“ და შპს „ც-ო“. შუამდგომლობაზე ხელმომწერი არც ერთი პირი საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა, ამიტომ მათ არანაირი შუამდგომლობის დაყენების უფლება არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა ზემომითითებული შუამდგომლობა, რადგან იგი არ იყო დაყენებული პროცესში მონაწილე მხარეების მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი უშვებს საქმის წარმოების შეჩერებას მხოლოდ საქმის ამა თუ იმ ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ამ მუხლის მოთხოვნაც დარღვეულია, ვინაიდან 2011 წლის 6 მარტს სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა და იგი გადადო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა სასამართლოში ზემოხსენებული შუამდგომლობა. შესაბამისად, აღნიშნულ დროს საქმის განხილვა უკვე დასრულებული იყო, რაც დაუშვებელს ხდიდა მის შეჩერებას. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლომ საქმეზე წარმოება ისე შეაჩერა, რომ მიღებული არ ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება იმ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ, რომლის განხილვამდეც მოახდინა მოცემული საქმის განხილვის შეჩერება. შუამდგომლობას ერთვის სარჩელი, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მითითებულ საქმეზე წარმოება აუცილებლად დაიწყება.
სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეეჩერებინა მოცემული საქმის განხილვა იმ სარჩელის საფუძველზე, რომელიც წარმოადგინეს შუამდგომლობის ავტორებმა, ვინაიდან ამ სარჩელით განსახილველ დავას არავითარი კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ც-ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ პარტნიორების: მ. ხ-ს, ს. გ-ის, ნ. კ-ის, ჯ. ტ-ის, აგრეთვე, ფიზიკური პირის - მ. მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2011 წლის 4 აპრილის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა და დაეკმაყოფილებინა შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ პარტნიორების განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ მხარეებს განსახილველ საქმეში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სასამართლოს შეაჩეროს საქმის წარმოება ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობისას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი პირის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს როგორც საქმის წარმოების შეჩერების ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმების შინაარსიდან, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე-91-ე მუხლებიდან, რომლებიც მხარეებსა და მესამე პირებს ანიჭებენ უფლებას განაცხადონ შუამდგომლობები სასამართლოს წინაშე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მურთაზ ხურცილავას სახელობის ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო სკოლა ჩემპიონი 2004-ის“ პარტნიორები უფლებამოსილ პირებადაც რომ მივიჩნიოთ, ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეში სარჩელის დავის საგანია შპს „მ. ხ. ს. ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-სა“ და შპს „ც-ს“ შორის 2008 წლის 30 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სარჩელის დავის საგანია შპს „მ. ხ. ს.ს ბ. ს. ს. ს. ჩ. 2004-ის“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრების 2011 წლის 4 ნოემბრის ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა მ. მ-ი და საზოგადოების ახალ დირექტორად დაინიშნა გ. ხ-ი. ამდენად, ერთ შემთხვევაში დავის საგანია ნასყიდობის ფასის გადახდა, ხოლო მეორე შემთხვევაში საზოგადოების დირექტორის დანიშვნის კანონიერება, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მხარეთა შორის 2008 წლის 30 სექტემბერს დადებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები არ გამომდინარეობენ ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვის შეუძლებლობა საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვამდე, ანუ სახეზე არაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ც-ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.