საქმე №ას-564-532-2012 21 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ლ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საერთო სარგებლობაში არსებული სასაფლაოს მიწის ნაკვეთის გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ლ-ის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელისა და მოპასუხის საერთო სარგებლობაში არსებული სასაფლაოს გაყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი არ დაკამყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დამტკიცდა 2011 წლის 1 დეკემბრის მორიგების აქტი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა, მორიგების აქტი მხარეთა შორის დამტკიცდა შემდეგი პირობებით: გ. ლ-ს გამოეყოს სასაფლაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან სამხრეთით 2,20 მეტრი (ორი მეტრი და 20 სანტიმეტრი), ხოლო იმავე ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან დასავლეთით 2.50მ (ორი მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრი); გ. ლ-ისათვის გამოყოფილ ნაწილთან მისასვლელად მოეწყოს ჭიშკარი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხიდან 2.30 მ. (ორი მეტრი და ოცდაათი სანტიმეტრის) დაცილებით, ჭიშკრის და მისასვლელი გზის სიგანე 0.50 სმ (ორმოცდაათი სანტიმეტრი); გ. ლ-ი კისრულობს ვალდებულებას, შემოღობოს მისთვის გამოყოფილი სასაფლაოს ნაწილი, ხოლო თ. ლ-ი კისრულობს ვალდებულებას, შესასვლელი გზის გასწვრივ შემოღობოს სასაფლაო და ჩადგას ჭიშკარი“
ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ლ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით გ. ლ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2012 წლის 5 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ლ-მა და მოითხოვა 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, სასაფლაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან სამხრეთისაკენ გამოყოფილ იქნას მისთვის 3 მეტრი სიგრძის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი ციფრები დარჩეს უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით გ. ლ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომაზე აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე მორიგდნენ, რის თაობაზეც შეადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება.
მორიგების აქტი შეიცავდა შემდეგ პირობებს: „გ. ლ-ს გამოეყოს სასაფლაოს ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან სამხრეთით 2,20 მეტრი (ორი მეტრი და 20 სანტიმეტრი), ხოლო იმავე ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან დასავლეთით 2.50მ (ორი მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრი). გ. ლ-ისათვის გამოყოფილ ნაწილთან მისასვლელად მოეწყოს ჭიშკარი სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხიდან 2.30 მ. (ორი მეტრი და ოცდაათი სანტიმეტრის) დაცილებით. ჭიშკრის და მისასვლელი გზის სიგანე 0.50 სმ. (ორმოცდაათი სანტიმეტრი). გ. ლ-ი კისრულობს ვალდებულებას შემოღობოს მისთვის გამოყოფილი სასაფლაოს ნაწილი, ხოლო თ. ლ-ი კისრულობს ვალდებულებას შესასვლელი გზის გასწვრივ შემოღობოს სასაფლაო და ჩადგას ჭიშკარი.“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებაში აისახა მორიგების ის პირობები, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განცხადებაში მითითებული მოტივი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ უსწორობას არ წარმოადგენს, რადგან სადავო საკითხზე მხარეები მორიგების განჩინების შედგენისას სწორედ ამგვარად შეთანხმდნენ. მხარის მიერ მითითებული გარემოებანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 414-ე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა კერძო საჩივრით განჩინების გასაჩივრების საფუძველს და ის არ შეიძლება გასწორებულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე დაყრდნობით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ლ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მოითხოვა მისი გაუქმება და უკიდურეს შემთხვევაში საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
მხარეთა შეთანხმებით, მათ შორის მორიგება უნდა დამტკიცებულიყო სხვა პირობებით და არა იმ პირობებით, როგორითაც სასამართლომ დაამტკიცა, კერძოდ, მორიგების აქტში ნაცვლად 2,20 სმ უნდა დაწერილიყო 3 მეტრი.
კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სწორედ სამ მეტრზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებისას მხარეები, ხოლო ადვოკატმა მორიგების აქტში ჩაწერა 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი. გ. ლ-მა ისე მოაწერა ხელი მორიგების აქტს, რომ არც კი წაუკითხავს, რადგან იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, კერძოდ, მას გარდაეცვალა მეუღლე.
ამდენად, სასამართლოს უნდა გაესწორებინა დაშვებული უსწორობა და ნაცვლად 2 მეტრისა და 20 სანტიმეტრისა ჩაეწერა 3 მეტრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
დასახელებული მუხლის საფუძველზე სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომაზე აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე მორიგდნენ, რის თაობაზეც შეადგინეს მორიგების აქტი და ითხოვეს მისი დამტკიცება.
მორიგების აქტი შეიცავდა შემდეგ პირობებს: „გ. ლ-ს გამოეყოს სასაფლაოს ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან სამხრეთით 2,20 მეტრი (ორი მეტრი და 20 სანტიმეტრი), ხოლო იმავე ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხიდან დასავლეთით 2.50მ (ორი მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრი). გ. ლ-ისათვის გამოყოფილ ნაწილთან მისასვლელად მოეწყოს ჭიშკარი სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხიდან 2.30 მ. (ორი მეტრი და ოცდაათი სანტიმეტრის) დაცილებით. ჭიშკრის და მისასვლელი გზის სიგანე 0.50 სმ. (ორმოცდაათი სანტიმეტრი). გ. ლ-ი კისრულობს ვალდებულებას შემოღობოს მისთვის გამოყოფილი სასაფლაოს ნაწილი, ხოლო თ. ლ-ი კისრულობს ვალდებულებას შესასვლელი გზის გასწვრივ შემოღობოს სასაფლაო და ჩადგას ჭიშკარი.“
კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებაში აისახა მორიგების ის პირობები, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ და სააპელაციო სასამართლოს მორიგების აქტთან მიმართებით რაიმე ფაქტობრივი შეცდომა არ დაუშვია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს უსწორობის გასწორების შესაძლებლობას არა მხარეთა მიერ შედეგნილ პროცესუალურ დოკუმენტში, როგორიცაა მორიგების აქტი, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატმა სადავო მორიგების პირობები შეცდომით ჩამოაყალიბა, რაზეც გ. ლ-მა ხელი ისე მოაწერა, რომ მორიგების აქტი არ წაუკითხავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხარის მითითება უსწორობის გასწორების წინაპირობას არ წარმოადგენს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ უ ლ ო ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.