Facebook Twitter
საქმე №ას-592-558-2012 2012 წელი,

საქმე №ას-592-558-2012 7 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. წ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი), ლ. ქ-ა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარე ნ. კ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ბ-ის, ლ. ქ-სა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარე ნ. კ-ის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2010 წლის 1 თებერვლის №32 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო ვ. ბ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 25 ოქტომბრის კრების №32 და №36 ოქმების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვ. ბ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ 2009 წლის 25 ოქტომბრის №32 კრების ოქმი მ. წ-სათვის ბ-ის №7-ში IV სადარბაზოში მდებარე №... 24,48 კვ.მ სარდაფის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ, ვ. ბ-ის სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ №36 კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მ. წ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ბ-ის ქ. №7-ში მდებარე 54,61 კვ.მ სარდაფს, საკადასტრო კოდი №..., რომელზედაც რეგისტრირებულია ვ. ბ-ისა და ლ. ქ-ს საკუთრების უფლება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მოპასუხე ვ. ბ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მ. წ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის ოქმით მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 229-ე, 233-ე, 387-ე, 390-ე, 275-ე, 276-ე, 70-78-ე მუხლებით და საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ აპელანტ მ. წ-ს უწყება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, ბ-ის ქ.№7-ში მდებარე №... ბინაში და 2012 წლის 28 თებერვალს პირადად ჩაბარდა. შეტყობინების ბარათზე მითითებულია მ. წ-ის ხელმოწერა და პირადი ნომერი.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მ. წ-ს სხდომის დღის დანიშვნის თაობაზე გაეგზავნა უწყება, სადაც მითითებული იყო სხდომის დანიშვნის თარიღი, სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობა და გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგები. უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება 2012 წლის 28 თებერვალს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ადრესატი 15 დღით ადრე იყო ინფორმირებული სხდომის დანიშვნის თაობაზე. რაც გულისხმობს, რომ გამოუცხადებელ მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 2012 წლის 28 თებერვალს 15:00 საათისათვის შესული კორენსპოდენცია და დარწმუნდა, რომ აპელანტს დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ ინფორმაცია სასამართლოსათვის არ მიუწოდებია, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა აპელანტისათვის სასამართლოში დროულად გამოცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. წ-ის წარმომადგენელმა ე. წ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 233-ე, 93-ე მუხლების შესაბამისად, ე. წ-ა იცავდა აპელანტის ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში. ავადმყოფობის გამო მან ვერ შესძლო მარწმუნებლის ინტერესების სათანადოდ დაცვა, რაც წარმოადგენს სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გონივრული ვადით გადადება, რაც ცნობილი არ იყო მისი მარწმუნებლისათვისაც. მხარეს ვადა უნდა მისცემოდა ახალი წარმომადგენლის ასაყვანად.

სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მისი განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობა.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში მ. წ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 15 მარტს, 15.00 საათზე, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე არ გამოცხადდა.

2012 წლის 15 მარტს, 11.40 საათზე მ. წ-ის წარმომადგენელმა ე. წ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა მისი ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, თუმცა მხარეს არც ხსენებული განცხადებით და არც შემდეგომ, კერძო საჩივრით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 102-ე მუხლის შესაბამისად, პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით არ დაუსაბუთებია. ასევე, სასამართლოსათვის უცნობია სასამართლო სხდომაზე თავად მარინე წერეთლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მ.წ-მა თავისი ინტერესების დაცვა მიანდო რა წარმომადგენელ ე.წ-ს, მისთვის ცნობილი არ იყო მისი ავადმყოფობისა და საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში. რაც შეეხება სასამართლოში გამოცხადებას, აპელანტი ვალდებული იყო, საქმის განხილვაში საკუთარი მონაწილეობა უზრუნველეყო სურვილისამებრ, პირადად გამოცხადებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას მ. წ-ის კანონიერი უფლებები არ დაურღვევია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.