Facebook Twitter

№ას-593-559-2012 22 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ე-ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ლ. ჯ-სა და ლ. ე-ქ-ს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

ა) ლ. ე-ქ-ი აცხადებს თანხმობას, ლ. ჯ-ა ცნობილ იქნას „ვ. 90“-ის საწარმოო უბანი №1-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის, რომლის საკუთრებად ირიცხება თბილისში, ა-ის გამზირის №98-სი მდებარე 23.2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რ. ე-ის საკუთრებაში არსებული წილის 25%-ის მესაკუთრედ;

ბ) მორიგების „ა“ პუნქტით განსაზღვრული პირობის სანაცვლოდ, ლ. ჯ-ა უარს აცხადებს, ლ. ე-ქ-ის მიმართ დააყენოს მოთხოვნა თბილისში, ა-ის გამზირი №98-ში მდებარე ფართით სარგებლობის გამო 2006 წლიდან წინამდებარე მორიგების დამტკიცების დროისათვის მიუღებელი შემოსავლისათვის;

მხარეთა მორიგების გამო, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2009 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.5 პუნქტი და მოთხოვნის შესაბამის ნაწილში სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

2012 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ლ. ჯ-მ და მოითხოვა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინების 1.ა პუნქტში შესწორების შეტანა. განმცხადებლის განმარტებით, მორიგების შესახებ განჩინების დასახელებულ პუნქტში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, ნაცვლად „ლ. ე-ქ-ი აცხადებს თანხმობას, ლ. ჯ-ა ცნობილ იქნეს “ვ. 90”-ის საწარმოო უბანი №1-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის, რომლის საკუთრებად ირიცხება თბილისში, ა-ის გამზირი №98-ში მდებარე 23,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რ. ე-ის საკუთრებაში არსებული წილის 25% -ის მესაკუთრედ“, მითითებული უნდა იყოს „რ. ე-ის საკუთრებაში არსებული 25% წილის მესაკუთრედ“ , ვინაიდან განმხაცდებლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის მორიგების აქტის თანახმად, მას საკუთრებაში სრულად გადაეცა რ. ე-ის წილი 25%.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით ლ. ჯ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა განჩინებაში დაშვებული უსწორობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინების 1.ა პუნქტი ჩამოყალიბდაშემდეგი სახით:

ა) ლ. ე-ქ-ი აცხადებს თანხმობას, ლ. ჯ-ა ცნობილ იქნეს “ვ. 90”-ის საწარმოო უბანი №1-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის საკუთრებად რიცხული, თბილისში, ა-ის გამზირი №98-ში მდებარე 23,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის რ. ე-ის კუთვნილი 25% წილის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.ა პუნქტის იმ სახით დატოვება, რა სახითაც იგი თავდაპირველად ჩამოყალიბდა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ზემოხსენებული პუნქტი ჩამოაყალიბა სწორედ მხარეთა მიერ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში გამოხატული ნების შესაბამისად, მათ მიერ პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტებებიდან, ასევე ლ. ჯ-ს სასარჩელო მოთხოვნიდან და სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე. ლ. ჯ-ა სწორედ რ. ე-ის საკუთრებაში არსებული ქონების 83%-დან ითხოვდა 25%-ს. სასამართლო პროცესზე ლ. ქ-ის ნება გამოვლინდა იმგვარად, რომ იგი თანხმობას აცხადებდა მამამისის – რ. ე-ის საკუთრებაში არსებული 83%-დან დაეთმო 25% ლ. ჯ-ს სასარგებლოდ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინების 1.ა პუნქტში შესწორების განხორციელების შედეგად, ლ. ჯ-ა მიიღებს იმაზე მეტს, რასაც სარჩელით ითხოვდა, რაც ეწინააღმდეგება კანონს და ლახავს მის უფლებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით გასწორდა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.ა პუნქტში ნაცვლად შეცდომით მითითებული სიტყვებისა: „ლ. ე-ქ-ი აცხადებს თანხმობას, ლ. ჯ-ა ცნობილ იქნეს “ვ. 90”-ის საწარმოო უბანი №1-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის, რომლის საკუთრებად ირიცხება თბილისში, ა-ის გამზირი №98-ში მდებარე 23,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რ. ე-ის საკუთრებაში არსებული წილის 25% -ის მესაკუთრედ“, მიეთითა: „ლ. ე-ქ-ი აცხადებს თანხმობას, ლ. ჯ-ა ცნობილ იქნეს “ვ. 90”-ის საწარმოო უბანი №1-ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის, რომლის საკუთრებად ირიცხება თბილისში, ა-ის გამზირი №98-ში მდებარე 23,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რ.ე-ის კუთვნილი 25% წილის მესაკუთრედ“

იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, ცხადყოფს საქმის მასალები, კერძოდ, აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ ლ. ქ-მა თანხმობა განაცხადა ლ. ჯ-სთვის გადაეცა საკუთრებაში თბილისი, ა-ის გამზირი N98-ში მდებარე 23.2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 25% წილი, რომელიც ირიცხებოდა მამკვიდრებლის რ. ე-ის სახელზე (ტ. 3, ს.ფ. 79)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მორიგების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ლ. ჯ-სთვის თბილისი, ა-ის გამზირი N98-ში მდებარე, მამკვიდრებელ რ. ე-ის სახელზე რიცხული არასაცხოვრებელი ფართის 25% წილის გადაცემა, შესაბამისად, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებაში დაშვებულია მექანიკური ხასიათის შეცდომა, რაც ექვემდებარება გასწორებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი და სწორად დააკმაყოფილა ლ. ჯ-ს განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, რის გამოც კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.