Facebook Twitter

№ას-594-560-2012 7 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“, ი. ბ-ე, თ. უ-ე, გ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,...-ს”, ი. ბ-ის, გ. ფ-ის, თ. უ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2005 წლის 29 ოქტომბერს შპს ,,...-ს” და თ. უ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ასევე 2005 წლის 29 ოქტომბერს შპს ,,...-ს” და გ. ფ-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით სასამართლოს მიერ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ააპელანტ ა. ნ-ის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის დაკმკაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა. ნ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად საქმის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 11 იანვარს 10:40 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის საოქმო განჩინებით ა. ნ-ის შუამდგომლობა ავადმყოფობის გამო საქმის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდა 2012 წლის 25 იანვარს 15:00 სათზე.

2012 წლის 24 იანვარს ა. ნ-ის მიერ წარმოდგენილი საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე (ტ. 2. ს.ფ. 74–75), რომელსაც მტკიცებულების სახით თანდართული ჰქონდა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდებოდა, რომ აპელანტი გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას, 2012 წლის 25 იანვრის სხდომაზე პალატამ არ იმსჯელა და სხდომა გადაიდო გონივრული ვადით, ერთი თვით, იმ საფუძვლით, რომ თუ აპელანტი შემდგომ სხდომაზეც ვერ მოახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას და ისევ იქნებოდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი შესაბამისად იმსჯელებდა შუამდგომლობაზე.

2012 წლის 22 თებერვალს ა. ნ-ის მიერ კვლავ იქნა წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, აღნიშნულ შუამდგომლობას თან ერთვოდა ცნობა ა. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდებოდა, რომ ა. ნ-ი აღარ იმყოფებოდა სტაციონარში და დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობები, ასევე სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ აპელანტი ა. ნ-ი 2012 წლის 20 თებერვალს პირადად იმყოფებოდა სასამართლოში და გაეცნო საქმის მასალებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, აპელანტ ა. ნ-ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და საქმის განხილვა გადადო გონივრული ვადით.

ა. ნ-ის წარმომადგენლის - გ. ტ-ის 2012 წლის 07 მარტს წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადადო სხვა დროისთვის.

2012 წლის 28 მარტს კვლავიქნა წარმოდგენილი აპელანტ _ ა. ნ-ის წარმომადგენლის - გ. ტ-ის განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე, აღნიშნული განცხადების თანახმად გ. ტ-ი მონაწილეობას იღებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ი-ის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და ვერ შესძლებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას, ასევე ა. ნ-ი იმყოფებოდა შეუძლოდ და ვერ გამოცხადდებოდა პროცესზე. როგორც მოწინააღმდეგე მხარის - თ. უ-ის წარმომადგენელმა - დ. შ-მ სასამართლოს განუმარტა, მის მიერ გადამოწმებული იქნა ეს გარემოება და დადგინდა, რომ მოსამართლე მ. ი-სთან უკვე დასრულებულია იმ საქმის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა გ. ტ-ი და წარმომადგენელმა დატოვა სააპელაციო სასამართლოს შენობა. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო გონივრული ვადით (15 წუთით) დაელოდა აპელანტის წარმომადგენელს, რომელიც ამავე შენობაში იმყოფებოდა და სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებდა აპელანტის მიერ საქმის განხილვის გაჭიანურებაზე, შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ იგი 2012 წლის 28 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპირებდა გამოცხადებას, მაგრამ სხდომამდე სამი საათით ადრე გახდა ავად, რის გამოც გამოიძახა სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და მოითხოვა პროცესის სხვა დროისათვის გადადება, რაც ცხადყოფს, რომ მან გამოიყენა თავისი უფლება და სასამართლოს დროულად შეატყობინა ავადმყოფობის გამო სასამართლო სხდომაზე გამოცხდების შეუძლებლობაზე, შესაბამისად, სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით ა. ნ-ი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი. დასახელებული ცნობით ირკვევა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო (წელის ტკივილი), 2012 წლის 28 მარტს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებანი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და წარმოდგენილი მტკიცებულებით, არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც 2012 წლის 28 მარტს სასამართლო პროცესზე ა. ნ-ის გამოუცხადებლობას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივარზე დართული ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. ამდენად, საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი ავადმყოფობის ცნობის წარდგენას მხოლოდ მაშინ მიიჩნევს საქმის განხილვის გადადების საფუძვლად, როდესაც ავადმყოფობა დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, ცნობას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე ა. ნ-ის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ იქნა საქმის განხილვა გადადებული, რაც აშკარად მიუთითებს მათი მხრიდან საქმის გაჭიანურებაზე.

ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის საოქმო განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.