Facebook Twitter

№ას-599-565-2012 14 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, ხელშეკრულების დადების დავალებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „...-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ელექტროენერგიის დავალიანების 807 ლარის გადახდის თაობაზე სს „...-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა და შესაბამისად 807 ლარის სს „...-ის“ სასარგებლოდ თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, ასევე სს „...-ის“ დავალდებულება მოსარჩელე ე. პ-ის აბონენტად რეგისტრაციის, თბილისში ლ-ის ქუჩა №4/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში 220 ვოლტის ძაბვაზე 6 კილოვატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მისაწოდებლად, ამავე სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდების, საამისოდ აღრიცხვის კვანძის მოპასუხის ხარჯით მოწყობის და აღნიშნული გრძელვადიანი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების დადების დავალდებულება თბილისის მოსახლეობისათვის არსებული სტანდარტული პირობებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. პ-ის სარჩელი სს „...-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხანდაზმულად იქნა ცნობილი ელექტროენერგიის დავალიანების 807 ლარის გადახდის თაობაზე სს „...-ის“ მოთხოვნა და შესაბამისად მოსარჩელე ე. პ-ი გათავისუფლდა 807 ლარის სს „...-ის“ სასარგებლოდ გადახდისაგან, უარი ეთქვა მოსარჩელე ე. პ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ითხოვდა სს „...-ის“ დავალდებულებას მოსარჩელე ე. პ-ის აბონენტად რეგისტრაციის, თბილისში ლ-ის ქუჩა №4/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში 220 ვოლტის ძაბვაზე 6 კილოვატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მისაწოდებლად, ამავე სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდების, საამისოდ აღრიცხვის კვანძის მოპასუხის ხარჯით მოწყობის და აღნიშნული გრძელვადიანი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების დადების დავალდებულებას თბილისის მოსახლეობისათვის არსებული სტანდარტული პირობებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. პ-მა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით ე. პ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალქო სასამართლოს 2011 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელე ე. პ-ის სარჩელი მოპასუხე სს „...-ის“ მიმართ დარჩა განუხილველი.

26.03.2012წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. პ-ის წარმომადგენელმა, ი. პ-მა, სადაც მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება 807 ლარის მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობისა და მოსარჩელის მისი გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში არ გასაჩივრებულა და იგი დღემდე კანონიერ ძალაშია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კი, სარჩელი გამოხმობილი იქნა მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მოითხოვა საოქმო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში. განმცხადებელი ასევე აღნიშნა, რომ სხდომის ოქმის ბოლო წინადადება - „სხდომის თავმჯდომარემ სასამართლო სხდომა დახურულად გამოაცხადა “ არასწორი იყო, რის გამოც მის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო - „სხდომის თავმჯდომარემ მთავარი სხდომა დასრულებულად გამოაცხადა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით ე. პ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2012წ. საოქმო განჩინებაში დაშვებული მექანიკური უსწორობა და განჩინების სარეზოულუციო ნაწილის 1.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც მოსარჩელე ე. პ-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლის თანხმად იგი ითხოვდა სს „...-ის“ დავალდებულებას მოსარჩელე ე. პ-ის აბონენტად რეგისტრაციის, თბილისში ლ-ის ქუჩა №4/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინაში 220 ვოლტის ძაბვაზე 6 კილოვატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მისაწოდებლად, ამავე სიმძლავრის ელექტროენერგიის მიწოდების, საამისოდ აღრიცხვის კვანძის მოპასუხის ხარჯით მოწყობის და აღნიშნული გრძელვადიანი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულების დადების დავალდებულებას თბილისის მოსახლეობისათვის არსებული სტანდარტული პირობებით. ე. პ-ის განცხადება სხდომის ოქმის ბოლო წინადადებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. პ-ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განჩინების მიღებისას სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია წარდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, მასში არ არის აღნიშნული ობიექტური შეფასებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებები, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ კონკრეტულ უსწორობას, აგრეთვე კანონები, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ კონკრეტულ უსწორობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს რა სამართალწარმოების პროცესში საპროცესო დოკუმენტების შედგენისას გარკვეული უზუსტობის არსებობას, შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული შეცდომები. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი უსწორობანი, რომელთაც შეუძლიათ არსებითად იმოქმედონ საქმის გადაწყვეტისა თუ ცალკეული საპროცესო მოქედებების სწორად შესრულების სამართლებრივ შედეგზე.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. პ-ი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, კერძოდ, სხდომის ოქმის ბოლო წინადადებაში - „სხდომის თავმჯდომარემ სასამართლო სხდომა დახურულად გამოაცხადას“ ნაცვლად, „სხდომის თავმჯდომარემ მთავარი სხდომა დასრულებულად გამოაცხადას“ ჩაწერას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა ეხება არა საოქმო განჩინების, არამედ სხდომის ოქმის შემადგენელ ნაწილს, რაზეც ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია და სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედების ფარგლებს, ვინაიდან იგი არ განეკუთვნება დასახელებული მუხლით გათვალისწინებულ უსწორობის გასწორების ობიექტს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ედვარდ პეტრიაშვილის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.